გულჩვილები - კვირის პალიტრა

გულჩვილები

ვეფხვი ვერ დავიჭირეთ... ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით.

სამაგიეროდ, "კოლმეურნეობის მოედანზე" ტიპი დაიჭირეს, რომელმაც იქ მდებარე (თუ განლაგებული) საზოგადოებრივი ტუალეტი გაძარცვა!

- რა წაიღოო? - ვიღაცამ იკითხა. ფული წაუღია, ხურდები, აბა იქ სხვა რა იქნებოდა წასაღები?!

ვეფხვი კი დადის ქართულ ტყეში და ფიქრობს: "მშია, მე ამის დედა ვატირე, თუ მიჭერენ, დამიჭირონ და მაჭამონ რამე..."

აფთარს რაც შეეხება, ზოოპარკის დირექტორმა თქვა, - პატარაა და ნუ გეშინიათ, თუ შეგხვდებათ, უთხარით:

- ტუთ! - შეეშიდება და გაიქცევაო.

ისე, დიდი შანსია, რომ ეგ აფთარი სწორედ იმ ვეფხვმა შეჭამა - ეს არის "ბუნებრივი გადარჩევა" - ძლიერი ჭამს სუსტს და მერე იმ ძლიერსა და კაციჭამიაზე საზოგადოება, ხალხი, ენის მოჩლექით ამბობს:

- ვაიმე, ლა ცაკალელიაააა... ამას როგორ უნდა ესროლოოოო?.. გენათალეეეე...

გულჩვილი ხალხი ვართ ქართველები, კარგი ხალხი, სულელები...

გულჩვილზე და ადვილად აღსაფრთოვანებელზე გამახსენდა და უნდა ვთქვა (თანაც ვრისკავ, რომ მთელი "საგულჩვილეთი" ამიმხედრდება და ბოროტს, ცინიკოსსა და შურიანს დამიძახებს): ის კარგი და წესიერი ახალგაზრდა კაცი, ტაქსისტი (ადრეც ვთქვი, ქართულად "მეტაქსე" უფრო სწორი იქნება ქართულად და ასე უნდა ვუწოდოთ), ჩუღურეთის გამგეობაში სამსახურით რატომ დააჯილდოვეს?!

ცენზი, ცოდნა და კომპეტენცია შეუმოწმეს? ტესტირება გაატარეს (ამ დღეებში იწყება მერიისა და გამგეობის თანამდებობებზე ტესტირებები და საპროვოკაციო არ მოგვაკლდება, დარწმუნებული ვარ)? საქმეში გამოსცადეს?

არა და არა - ჯილდოდ უბოძეს სამსახური! აი, რა მაინტერესებს: როდესაც ტესტირებები დასრულდება, ვიღაცებს რომ მიიღებენ სამსახურში, ვთქვათ 1000-დან 999 სამუშაო ადგილზე (თუკი ჩავთვლით, რომ მეათასეზე ამ ახალგაზრდამ დაიწყო მუშაობა), იმ უსამსახუროდ დარჩენილთა სიაში პირველს, ანუ იმ კაცს (ან ქალს), ვისი ადგილიც ამ პატიოსან კაცს მისცეს, ვინ გასცემს პასუხს და რას უპასუხებს?! კაი კაცია, ჯიგარია და ამიტომ შენ გაისად მოდიო?! და თუ ესეც ჯიგარი აღმოჩნდა?!

ეეეჰ, არადა, რა ლამაზად შეიძლებოდა ყველაფრის მოგვარება: იმ კაცს სულ არ უტყდება ტაქსისტობა (მეტაქსეობა-მეთქი, ვაჰ!), ვუყიდდი ქალაქის ბიუჯეტის რამე სპეც-სასაჩუქრე ფონდიდან კარგ, გამართულ, ცოტა გაზს რომ წვავს, ისეთ მანქანას და ჩემისთანებს არ დავუტოვებდი საპროვოკაციოს...

აი, დავწერე ეს პასაჟი და ვფიქრობ: თან მართალი მგონია თავი და თან უხერხულობასაც ვგრძნობ - იქნებ წაიკითხოს იმ კაცმა და ეწყინოს, ვინძლო სიკეთის კეთებაც ინანოს, სხვანაირად გამიგესო... ვარ ამ ფიქრებში, თან ინტერნეტში "დავბორიალებ" და აჰა - თანამოაზრე არ ვნახე?! ნინო ლომჯარია, ცნობილი (გამოჩენილი, სახელგანთქმული, პატივცემული) "ენჯეოშნიცაც" იმასვე ამბობს, რასაც მე - საერთო წესს უნდა დამორჩილებოდაო. მისი ეს ნათქვამი "ფეისბუკზეც" იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ "პროვოკაციის" კომენტარები ისეთივე არ იქნება, რაც იქ წავიკითხე: ახლა რომ გაგახსენდა წესი და რიგი, ნაცების დროს რატომ არ იღებდი ხმას, შე ასეთ-ისეთოო?!.

კარგი, ახლა უკეთესი ამბებიც ვთქვა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ახალი მუხლი შემოდის - ორი წლით ჩასვამენ იმას, ვინც ქუჩაში უცნობ ადამიანს აედევნება!

ვერ გაიგეთ? აგიხსნით: მიდიხარ ქუჩაში, შენ წინ ვინმე მიდის, შეიძლება ერთი გზა გაქვთ და დაახლოებით ერთი სიჩქარით მიდიხართ, აიღებს მობილურს, დარეკავს სადაც ჯერ არს და სანამ სახლამდე მიხვალ, პატრული გტაცებს ხელს. მიდი მერე და ამტკიცე, რომ სახლისკენ მიდიოდი ან უბრალოდ, სეირნობდი...

შესაძლოა, უტრირებას ვახდენ და ვიცი კიდეც, რის წინააღმდეგ იქნება ეს მუხლი მიმართული, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები - როგორ გაარჩევენ ბოროტმოქმედს, თუნდაც ერთი ნახვით შეყვარებული ყმაწვილისაგან, რომელსაც ძალიან უნდა, გაიგოს, თუ სად ცხოვრობს ჯერ უცნობი ქალი. აბა გაიხსენეთ, რამდენი კარგი სიყვარულის ისტორია, რამდენი ფილმის, თუ რომანის სიუჟეტი დაწყებულა ასე...

შარზე კი არა ვარ, უბრალოდ მაშინ, როდესაც უამრავი საქმე აქვთ კანონმდებლებსაც და კანონაღმსრულებლებსაც, როდესაც უამრავი ადამიანი კვლავ ელოდება ქონების დაბრუნებას თუ სამართლის სხვაგვარად აღდგენას, ასეთი "იურიდიული სიახლეების" გაცნობისას მახათი და მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება მახსენდება ძალაუნებურად.

პ.ს. თბილისში ევროპის სუპერთასის მატჩი გაიმართება ფეხბურთში, "ბარსელონა" გვეწვევა, მესი...

წარმოიდგინეთ: უეფა ატარებს მატჩს, უცხოური გუნდები თამაშობენ, მსაჯებიც უცხოელები იქნებიან და მაყურებელთა დიდი რაოდენობაც. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არაფერ შუაშია. კითხვა ასეთია: როგორ უნდა მოახერხოს დომენტი სიჭინავას კანტორამ ასეთ სიტუაციაშიც კი საქმის გაფუჭება?!

პასუხი: ბილეთების გაყიდვა დაავალონ და ისიც კი ვერ შეასრულოს!

ამიტომ მიკვირს იმ ხალხის, ვისაც უკვირს, რომ საქართველოს ნაკრები 140-ე ადგილზეა და მას ავღანეთიც უსწრებს რეიტინგში.