"რუსეთი თქვენ არ გინდათ, ძმაო, და..." - კვირის პალიტრა

"რუსეთი თქვენ არ გინდათ, ძმაო, და..."

მოდი, თავიდან ისევ ფეხბურთის ბილეთებთან დაკავშირებული სიახლეები ვახსენოთ და მერე უფრო სერიოზულ თემებს მივხედოთ - გვინდა თუ არა, სანამ სუპერთასის მატჩი ჩაივლის (და მგონი, მერეც, კარგა ხანს), დომენტი სიჭინავას კანტორის მიერ ბილეთების გაყიდვის ამბავი ახალ-ახალი უმსგავსობებით შეივსება.

მერე კი, თაობიდან თაობას გადაეცემა და ლეგენდის საბურვლით შეიმოსება.

მაშ, ასე: მეგობართან ერთად ვიყავი ვაკის პარკში ექსკურსიაზე და ვნახე ადამიანები, რომლებიც თავიანთ რიგს ელოდნენ - სამღამენათევები და დაქანცულები. ეწყინებათ და ეწყინოთ, მაინც უნდა ვთქვა (იმიტომ წავიყვანე მეგობარი, რომ მოწმე მყოლოდა. ისე არ დამიჯერებდნენ, პირველ რიგში, თვითონ ის ჩემი მეგობარი): რვა ადამიანს ვკითხე (ცხადია, ჩემ მიერ შერჩეულს, ვისზეც ეჭვი შემეპარა, თორემ ნამდვილი გულშემატკივრებიც ბლომად იყვნენ) და არც ერთმა მათგანმა არ იცოდა: 1. ვის ეთამაშება "ბარსელონა"; 2. შარშან ვინ მოიგო ჩემპიონთა ლიგა; 3. "კოპა ამერიკის" ფინალში ვისთან წააგო არგენტინამ!

"ზატო", დომენტიმ ყველაფერი იცის, სიჭინავამ!

პირდაპირ, მორიდებისა და კორექტულობის გარეშე ვაცხადებ: ჩემ მიერ ნანახი ადამიანების უმეტესობა (არ ვამტყუნებ მათ) იქ იმისთვის ათენ-აღამებს, რომ ნაყიდი ბილეთები მერე 200-300 დოლარებად გაყიდოს და ოჯახში პურის ფული მიიტანოს.

თუმცა, გასულ დღეებში "საბილეთო მარაზმს" კიდევ ერთი ამბავი მიემატა: ქალაქის საკრებულომ ფედერაციას თხოვნით მიმართა, 300 ბილეთი გამოგვიყავითო. ყველაზე სასაცილო (უფრო კი, სამარცხვინო) ის კი არ იყო, რომ ამ თხოვნით თუ მოთხოვნით მიმართა საკრებულომ ფედერაციას, არამედ ის კმაყოფილება თუ სიხარული, რომლითაც ეს ამბავი ფედერაციამ ამცნო პრესას და, მისი საშუალებით - საზოგადოებას: ნახეთ, ჩვენზე უარესი ჩათლახებიც არსებობენო!

ის კიდევ ცალკე საუბრის თემაა, სიჭინავას მიერ ჩაშვების შემდეგ, როგორ ახსნა საკრებულომ ეს ყველაფერი: სოციალურად დაუცველები გვინდოდა გაგვეხარებინაო... "თქვენ არ გაიხარეთ, თქვე უნამუსოებო!.." - სწორედ ასეთ დროს იტყოდა ცხონებული ბებიაჩემი.

ახლა კი უფრო სერიოზული ცუდი ამბები: რუსებმა ისევ გადმოსწიეს ის ოხერი "საზღვარი" და ლამის ავტობანზე და(გა)გვირჭეს მწვანე ბანერი.

არ ვიცი, რა მდგომარეობა იქნება ზეგ, როდესაც ამ "პროვოკაციას" იხილავთ, მაგრამ ამჟამად ასეთი ვითარებაა: ჟურნალისტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტთა ერთი ჯგუფი მივიდა, ის ბანერი ამოიღო და გვერდზე მოისროლა.

ცხადია, გულის მოსაფხანად ეს ცუდი არ არის და მეც დიდი სიამოვნებით დავუვლიდი და ყველას ამოვთხრიდი, მაგრამ იქ მყოფთაგან ზოგიერთის კომენტარმა მაინც გამაცოფა: რუსების ეს თავხედობა დღევანდელი ხელისუფლების უნიათობის ბრალიაო! ეს "უნიათობა" რომ არ გესწავლათ, რა გეშველებოდათ?!

ამ მართლაც უნიათოებს სასაყვედუროს მეტი რა აქვთ, მაგრამ ნათქვამია: "ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ჩემზე მეტს იწველებოდესო" - როდესაც ვინმეს უნიათობაზე, კაპიტულანტობასა და ტერიტორიების დაკარგვაზე იმ ხელისუფლებისა და იმ ნაპრეზიდენტალის მომხრეები საუბრობენ, რომელმაც 2008-ის ომის შედეგად დაკარგულ ახალგორსა და ასზე მეტ სოფელს "ქვების უსარგებლო გროვა" უწოდა; ასეთ შემთხვევაში, მათი გულწრფელობის აღარ მჯერა და შიში მიპყრობს...

თანაც, ისე უშნოდ ემთხვევა ხოლმე გარემოებები და, სამწუხაროდ, ახლაც ასე იყო: ზუსტად იმ დროს, როდესაც ვიღაც ტურტლიანი რუსი სალდათი ახალ საზღვარს გვიდგენდა, მისი უფროსის უფროსის, კიდე იმის უფროსის, კიდე, კიდე, კიდე უფროსის და სუუუულ ბოლო, ყველაზე უფროსის და ყველაფრის დირექტორის, მოკლედ, პუტინის კაბინეტში მსჯელობა მიმდინარეობდა: ნინო ბურჯანაძეა ჩამოსული, დუმის სპიკერს ხვდება და რა გადავცეთ, რა იმედებით გავუშვათო? იმსახურებს ეს ქალბატონი წახალისებას - ბოლო კვლევებით მისმა რეიტინგმაც მოიმატა და მისი წყალობით, რუსეთთან ჩახუტების მომხრეთა რაოდენობაც გაიზარდაო.

სხვათა შორის, ხვალ ველოდები ჩემს გადაცემაში ბურჯანაძეს, ერთი-ორი საინტერესო შეკითხვა მაქვს მასთან.

დღეს კი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მყავდა ეთერში და, - ნუ გეშინიათ, ყველაფერს ვაკონტროლებთო, მითხრა. ეეეჰ...

პ.ს. რა მაგის პასუხია და (თუმცა, როგორ არ არის: "თელასიცა", "ყაზტრანსგაზიცა" და "თბილისის წყალიც", მათი ოფიციალური მფლობელების მიუხედავად, რეალურად რუსებთან ასოცირდება), "ინტერპრესნიუსზე" ახალ ამბებს ვათვალიერებდი და ამ ორგანიზაციების განცხადებები აღმოვაჩინე: დღეს, ამა და ამ დროს მომსახურება შეეზღუდებათო, - და ქუჩები იყო ჩამოთვლილი. არ დავიზარე, ჩავიკითხე და რამდენიმე ისეთი ქუჩა აღმოჩნდა, რომ 18-24 საათის განმავლობაში არც წყალი ექნებათ, არც დენი და არც გაზი!

სამაგიეროდ, წინასწარ გვაფრთხილებენ.

თუმცა, სხვა რამის გამო გავიხსენე ეს ამბავი: აგერ, მეზობელს ვუთხარი, ასეა საქმე-მეთქი; კაი კაცია, წესიერი, ზომიერად სვამს, სამსახურში მიდის-მოდის, კაი გამარჯობა არ ეშლება, ჩემხელა იქნება ასაკით... "რუსეთი თქვენ არ გინდათ, ძმაო, და მარტო დენი-გაზი ვერ მოგართვესო!" - მიპასუხა.