მამულიჩასთვიიის!!! ("თავისუფლება ლომთა ხვედრია") - კვირის პალიტრა

მამულიჩასთვიიის!!! ("თავისუფლება ლომთა ხვედრია")

ჩემს მეგობარს, დიტო გელოვანს, იგივე გიგი მესვეტეს, უყვარს ხოლმე თავისი მიმოხილვის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამონარიდებით დაწყება და დამთავრება. "ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ხაზს ვუსვამ - არაფერი ხდება ისეთი, რაც არ მომხდარა და რაც არ მოხდება. ყველაფერი დაწერილია და აღწერილი. ისტორია იმ სიხშირით მეორდება, რა სიხშირითაც მეორდება ჩვენი ანუ ადამიანების სისულელე", - მითხრა მან და აგერ, მეც გადავწყვიტე, რომ ამ ერთხელ მივბაძო.

საკმაოდ ვრცელი ციტატა გამომივიდა, მაგრამ განა საკამათოა, რომ ერთად აღებულ ყველა პროვოკატორს და, მასთან ერთად - დიტო გელოვანს და კიდევ ძალიან ბევრს მარკ ტვენის ერთი, თუნდაც ყველაზე სუსტი ნაწარმოები ჯობს?! "ტომ სოიერის თავგადასავალი" კი, სუსტი კი არაა, ამ ნაწარმოებმა წიგნის კითხვა შეგვაყვარა.

მოკლედ, მარკ ტვენის "ტომ სოიერის თავგადასავალს" მოვიშველიებ:

"დასაფლავებამ შეაჩერა ერთი საქმის მსვლელობა: ხალხი აპირებდა, შტატის გუბერნატორისთვის ინდიელი ჯოს შეწყნარება ეთხოვა. თხოვნას ბევრი აწერდა ხელს. ვინ მოსთვლის, ამის გამო რამდენი მიტინგი ჩატარდა, რამდენი მგზნებარე სიტყვა წარმოითქვა და ცრემლი დაიღვარა! შეიქმნა ტუტრუცანა ქალების კომიტეტი. ისინი ძაძით მოსილნი უნდა ხლებოდნენ გუბერნატორს და ეთხოვათ, გულმოწყალე დიდყურად იქეც და ფეხქვეშ გათელე შენი მოვალეობაო. ინდიელ ჯოს ბრალად ედებოდა ქალაქის ხუთი მცხოვრებლის მკვლელობა. მერედა, რაო? ინდიელი ჯო თვით სატანაც რომ ყოფილიყო, გამოჩნდებოდნენ უნებისყოფო ადამიანები, რომლებიც მზად იქნებოდნენ, ხელი მოეწერათ შეწყნარების თხოვნისთვის და ზედ თითო კურცხალი ცრემლი დაეფრქვიათ თავიანთი უშრეტი ცრემლსადენიდან".

ძაან მაგარია... მამულიჩაც მაგარია, ვახტანგ და მაია რჩულიშვილებიც ძაან მაგრები არიან, ნინა წკრიალაშვილზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ სამაგიეროდ, ზვიად კვაჭანტირაძეზე ვამბობ, რომ ისიც ძაან მაგარია.

დაიჭერენ ვიღაცას რაღაცაზე, რაც ყველამ იცოდა, და მერე იტყვიან ხოლმე, მეხივით გასკდა მოწმენდილ ცაზეო. არადა, რომ ჰკითხო, ბოლოს როდის ნახეს მოწმენდილი ცა, დაფიქრდებიან და ვერ გაიხსენებენ.

"მამულიჩ და ლელა, გვიყვარხართ! უფალი განსაცდელს გვიგზავნის გადასარჩენად, ყველაფერი მოგვარდება და ცოტა ხანში ჩვენი მოუსვენარი ცხოვრების უმნიშვნელო ეპიზოდად გაგვახსენდება. მით უმეტეს, რომ შენნაირი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი კაცი ჩვენ ცოტა ვინმე თუ შეგვხვედრია და ეს მთელმა თბილისმა იცის! ვახო და მაია", - დაწერა ვახო რჩეულიშვილმა სოციალურ ქსელში და, რაც ვერ გავიგე და რასაც ვერ ვხვდები, აგერ, შენ უნდა ჩაგეკითხო, ძვირფასზე ძვირფასო მკითხველო: რა იცის მთელმა თბილისმა, საწამლავის შემომტანი კახა მამულაშვილია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი თუ, ვინც კი ცოლ-ქმარ რჩეულიშვილებს ცხოვრებაში შეხვედრია, საწამლავის შემომტანია მათ შორის ყველაზე საღი და ჯანსაღი?

"მამულიჩ, უნდა ვთქვა ის, რაც აქამდე შენთვისაც კი არ მითქვამს - შენ ხარ საუკეთესო მენეჯერი, ვისთანაც კი მიმუშავია. შენ დაგვაყენებინე ფეხზე ავიაკომპანია "ლიდია" და რესტორანი "ევროპა" და ისეთ შემოსავალზე აიყვანე, "ცენტრ-პოინტის" ნებისმიერ ობიექტს რომ უცებ დაამთავრებდა: 120.000 ლარს (მაშინ ეს 100.000 დოლარი იყო) თვეში მხოლოდ ერთ რესტორანს აწერინებდი. შენნაირი ძლიერი ადამიანები ნებისმიერი განსაცდელიდან კიდევ უფრო გაძლიერებულები გამოდიან", - ქმარს მხარი აუბა მაია რჩეულიშვილმა.

80-იან წლებში ასეთი სატელევიზიო გადაცემა არსებობდა - "კინო მოგვითხრობს თავის თავზე".

ჰოდა, რჩეულიშვილებიც მოგვითხრობენ თავის თავზე, თავის ავიაკომპანიაზე, თავის რესტორანზე და თავის დეველოპერულ კომპანიაზე. სწორედ ცოლ-ქმარი რჩეულიშვილები ქმნიან თანამედროვე ქართული ელიტის ისტორიას. მათთან ერთად, ამ ისტორიას ქმნის ნინა წკრიალაშვილიც, რომელსაც, სანამ მამულაშვილი დანაშაულს "ჩისტასერძეჩნად" აღიარებდა, სოციალური ქსელი აუკლია, - რას ამბობთო, მე და ლელა სიგარეტს რომ ვეწევით ხოლმე, მამულიჩა გვიშლის, სასტიკად გვკიცხავსო!

ტუტრუცანა ქალების კომიტეტი, ტუტრუცანა კაცების კომიტეტი, ერთი ბილეთი სოხუმამდე... მაგრამ მამულიჩა ვერ ქაჩავს ინდიელ ჯომდე, ეს ტუტრუცანა ქართული ელიტაა, ტუტრუცანობაში ინდიელი ჯოს დამცველებს რომ სჯობნის.

რამ გამამწარა?! რამ და, იმან, რომ ეს კონკრეტული დამცველები ადრინდელ კონკრეტულ საქმეებში ვერ გავიხსენე: ამ ქვეყანაში იმდენი იყო დასაცავი, იმდენი, იმდენი... დამცველი იყო ცოტა და როცა უდანაშაულო გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურა ქურციკიძე, ვახო მაისაია, გვანცა ყუფარაძე და სხვები და სხვები სააკაშვილ-ადეიშვილ-ახალაიას ჯურღმულებში იტანჯებოდნენ, მათ მცირერიცხოვან დამცველებსა და თავმდებებს შორის არ ყოფილა ავტორი ამ სიტყვებისა: "შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ მე მზად ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად ვუშუამდგომლო ამ კაცს კანონის სრული დაცვით. ამას უპირველესად იმიტომ გავაკეთებ, რომ იგი აღიარებს და რადგანაც, ვიცნობ რა მას ძალიან კარგად და ძალიან დიდი ხანია, მჯერა მისი და ვენდობი, რომ სიტყვას შეასრულებს. ვერ ნახავთ ადამიანს, ვინც ახლოს იცნობს მამულიჩას და არ უყვარდეს იგი. და ვისაც ჩემი პოსტი აღაშფოთებს, მათ ვთხოვ - ნუ მივაწებებთ პოლიტიკურ იარლიყებს ნურც მამულიჩას და ნურც მის საქმეს. მამულიჩა პოლიტიკისგან ნამდვილად შორს იყო ყოველთვის. თუ იგი ყველა დროში ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ - ეს მასზე მხოლოდ დადებითად მეტყველებს".

კიიი... მამულიჩა პოლიტიკისგან ყოველთვის შორს იყო და, როგორც ჩანს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძისთვის, ეს მხოლოდ პლუსია.

ყოველთვის ახლოს ვიყავი პოლიტიკასთან.

ცუდი ბიჭი ვარ!

პ.ს. გეცოდინებათ ის ანეკდოტი, ჭიჭიკიას, სექსის დროს, თავისი თუთიყუში რჩევა-დარიგებებს რომ აძლევს. გამწარებული ჭიჭიკია გალიას ტილოს გადააფარებს. ზის თუთიყუში სიბნელეში და ესმის: "შენ ზემოდან, მე ქვემოდან... მე ქვემოდან, შენ ზემოდან..." და უცებ - "შენც ზემოდან, მეც ზემოდან". მოდი და ნუ დაინტერესდები. "აუ, ჭიჭიკია, ეგ პოზა დამანახე და მერე, თუ გინდა, მომკალი!" - იხვეწება თუთიყუში.

მაგარი სანახავი იქნებოდა, როგორ უშლიდა სიგარეტის წევას ლელას და ნინას, ღირსების ორდენის კავალრებს, მესაწამლავე რაინდი, რომლის ერთ-ერთი ღირსება, მრავალთა შორის, ყოფილა დუმილი მაშინ, როცა დუმილი დანაშაულია.

პ.პ.ს. ამას რომ წაიკითხავენ, ვინმე დამცველთაგანმა გულშიც არ გაივლოს, რომ მებლატაოს, თორემ ისე დაველაპარაკები, როგორც ელაპარაკება ჩემი თაობის ხალხი წამლის "ბარიგის" დამცველებს.