საღამო ავლაბარში და "შარიანი" კაცი - კვირის პალიტრა

საღამო ავლაბარში და "შარიანი" კაცი

არ ვიცი, ზაფხულის ცხელი დღეების ბრალია თუ იმ ადამიანის, გასულ კვირაში სამჯერ რომ იყო ჩემი სახლის კართან მოსული და სამივეჯერ ერთი და იგივე ბუკლეტი მომცა, რომელშიც ეხატა, როგორ დაკუნტრუშობენ მინდორში ერთად მგელი და ბატკანი, ერთი კი ცხადია-ამ ბოლო დროს ძალიან უცნაური რაღაცები ხდება სამყაროში. ა, ბატონო, ჩამოგითვლით და თავად განსაჯეთ: ირანი მზადაა, დასავლეთს მოელაპარაკოს თავისი რესურსების მიყიდვაზე, პუტინმა გადაწყვიტა, გაეროში სიტყვით გამოვიდეს და ღარიბაშვილი მარგველაშვილს ეწვია სასახლეში. რას იტყვით, არ არის ეს სასწაული?

განსაკუთრებით-ბოლო: პრემიერი მივიდა იმ სასახლეში, რომელში შესვლის გამოც მოიძულეს და ლამის მტრად გამოაცხადეს პრეზიდენტი.

არა, მართალია, ბატონი ღარიბაშვილი, ჩვეული ღიმილითა და ნასიამოვნები სახით არ დადიოდა კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე, მაგრამ აქ ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ პრემიერი თავისი ფეხით მივიდა პრეზიდენტთან ანუ ამით პატივი სცა პრეზიდენტის ინსტიტუტს და კონსტიტუციას, ეს კი იმას ნიშნავს, ჩემო კარგებო, რომ მან აღიარა მარგველაშვილის პირველპირობა (ფორმალურად მაინც). არ დამიწყოთ ახლა, ძლივს მგონი შერიგდნენ და გააჩერე შენი პროვოკატორული კალამიო, მაგრამ როგორც ერთი კაცი იტყოდა,-ნურას უკაცრავად! არ გავჩერდები და რატომ, თუ იცით? არ მაძლევს ხელს მე მათი შერიგება. პრეზიდენტი და პრემიერი თუ შერიგდნენ, "ნაცები" თუ კონსტრუქციულები გახდნენ, ბიძინა თუ მხოლოდ არასამთავრობოს უფროსი გახდა, "რუსთავი 2" თუ მართლა ოპოზიციური არხი და ხადური თუ ფინანსთა მინისტრობიდან მოხსნეს, რა ვქნა მერე მე? რაზე ავაგო პროვოკაციები? მოკლედ, ასეა თუ ისე, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრანდიოზულად ჩატარდა. იქ იყო მთავრობა, პარლამენტი, არასამთავრობოები, ოპოზიცია, ინტელიგენცია, ჟურნალისტები, დიპლომატიური კორპუსი და ა.შ. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი სტუმარი იყო მისული. ძალიან გახარებული ჩანდა პრეზიდენტი და ამის რამდენიმე მიზეზი კი ჰქონდა: ჯერ ერთი, ქართველია და ყველა ქართველს უხარია სტუმარი და მეორე-კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი გადაწყვეტილების სისწორე, აბა, ამდენი კაცი ათონელზე როგორ დაეტეოდა? არ ვიცი, თქვენ უყურეთ თუ არა მთელ ჩანაწერს, ძვირფასო მკითხველო, მე კი დიდი "სიამოვნებით" ჩავუჯექი. რაც მართალია, მართალია-ძალიან თბილი საღამო გამოვიდა. განსაკუთრებით მომეწონა დასაწყისი. სანამ სიტყვით გამოსვლები დაიწყებოდა, სასახლის წინ ვერანდაზე, მთელი პოლიტიკური ელიტა რომ იყო შეკრებილი, ხელში ფუჟერებით და ამ დროს კლასიკური მუსიკა რომ უკრავდა, ერთ ამერიკულ ფილმში რომ არის, ზუსტად ისე, ოღონდ იმ ფილმში, ვერანდის ქვევით ზღვაა, რომელიც მოულოდნელად აზვირთთდება და ყველაფერს წალეკავს. ეჰ, ასეთი რამეები მხოლოდ ფილმებში ხდება...

მერე დაიწყო გამოსვლები, მაგრამ რა გამოსვლები! პრემიერმა, -მადლობა პრეზიდენტსო, პრეზიდენტმა,-მადლობა ქართველ ხალხსო, პაპუაშვილმა (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა),- მადლობა ყველასო... აი, უსუფაშვილმა კინაღამ ჩააშხამა ყველაფერი; მადლობა კი გადაუხადა პრეზიდენტსა და პრემიერს, მაგრამ მერე დააყოლა,-კონსტიტუციის ახალი მკითხველები რომ ხართ, იმიტომო,-ანუ დაახლოებით ასე თქვა,- თქვენ რომ ჩხუბობთ ერთმანეთში, კარგია ეს, კონსტიტუციაში ხშირად იხედებით, ვის რა უფლება გაქვთ, გაინტერესებთო. მერე კი გაეცინა,-აქაოდა, ვხუმრობო,-მაგრამ ხომ გაგიგონიათ, ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, სადაც სიმართლის მარცვალი არ დევსო!.. მერე, პრეზიდენტის ინიციატივაზე, კონსტიტუციის დღე უქმედ გამოცხადდესო, თქვა,-უქმე დღეების მეტი რა გვაქვსო?!-მოკლედ, იმ საღამოს უსუფაშვილი იმ კაცს ჰგავდა, ქორწილებში რომ დათვრება და შარს რომ ეძებს, ჩხუბის დასაწყებად.

პ.ს. იმ დღეს მწერდა ერთი მეგობარი, ახლა აქვს დრო პრეზიდენტს, ტრიბუნა გამოიყენოს და ხმამაღლა თქვას, რას უშვრება მთავრობა და იქვე მყოფი ღარიბაშვილი შეარცხვინოსო, მაგრამ როგორც ვნახეთ, ასე არ მოხდა და ეს აზრი კიდეც რომ მისულიყო მარგველაშვილამდე, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მთიული წარმოშობის პრეზიდენტი ასე იტყოდა: დღეს სტუმარია ის ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს უფლებების წართმევისო.

პ.პ.ს. ჰო, მართლა. სტუმრებს შორის არ იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ალბათ ვერ მოიცალა, 2,35-დან იმ საღამოს 2,41 მდე დაეცა ლარის კურსი...