რაში გვაქვს ბედი ქართველებს, ანუ ბევრი "მოხსნეს", მაგრამ... - კვირის პალიტრა

რაში გვაქვს ბედი ქართველებს, ანუ ბევრი "მოხსნეს", მაგრამ...

დამთავრდა ჩემო კარგებო, ზაფხული, შესაბამისად - შვებულებები, თუმცა ჩვენმა ღრმად პატივცემულმა მთავრობამ, ზოგ-ზოგიერთებს გაუხანგრძლივა შვებულება... მაგალითად, ქალბატონ ბერუჩაშვილს. ეს ის ბერუჩაშვილია, წინა ბერუჩაშვილი (უი, უკაცრავად, ფანჯიკიძე (უბრალოდ, ვიზუალურად ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და სულ მეშლება) რომ მოხსნეს, ეს მოადგილედ რომ მუშაობდა და რომ განაცხადა, მივყვები ჩემს მინისტრსო, მერე მინისტრობა რომ შესთავაზეს და რომ დათანხმდა და თქვა: მაშინ ემოციურ ფონზე ვიყავი და ახლა გამოვფხიზლდიო.

არ ვიცი, რა დააშავა და არა მგონია, თქვენ იცოდეთ, ძვირფსო მკითხველო, თუმცა პირადად მე, არც ის ვიცი, რა გააკეთა და დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გეცოდინებათ, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გვყავს. არაფერში ბედი არა გვაქვს, ქართველებს, რომ გავიგე, აგვისტოს ბოლოს სამთავრობო ცვლილებები იგეგმებაო, გული იმედით ამევსო, იქნებ "ის"-მეთქი, მაგრამ - არა... არაა ჩვენი საშველი. თამარ ბერუჩაშვილი მოხსნეს, ხადური კი აგრძელებს მუშაობას.

იმედით ამევსო გული-მეთქი, ვთქვი ზემოთ და ტელეკომპანია "იმედშიც" დიდი ამბები დატრიალდა. შვებულებაში მყოფმა ინგა გრიგოლიამ, "ფეისბუკით" შეიტყო, რომ "იმედზე" აღარ მუშაობს (მგონი გაისად აღარავინ გავა შვებულებაში) და რომ ტელეკომპანიამ ეს მხოლოდ არხის რეორგანიზაციის გამო გააკეთა. კი ბატონო, გვჯერა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ რა ვუყოთ ამ დაწყევლილ წარსულს და იმას, რომ გუშინდელივით გვახსოვს, არჩევნების წინ რომ ხურავდნენ ნამეტნავად ცხელ ტოქშოუებს და იგივეს რომ ამბობდნენ მაშინაც? მოკლედ, ასეა თუ ისე, "რეაქცია" "იმედის" ეთერიდან მოხსნეს... აჰა, კიდევ "მოხსნეს", ხადური კი აგრძელებს მუშაობას...

პირადად მე დავიღალე, ჩემო კარგებო ამ პოლიტიკით, ამიტომ მინდა, თემა შევცვალო და პოზიტივზე ვილაპარაკო (ხანდახან მეც ხომ მაქვს უფლება, არაპროვოკაციული ვიყო), ჰოდა, ავდგები ახლა და ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა მიჩიგანის უნივერსიტეტის საკმაოდ ძლიერ გუნდს მოუგეს. ბოლოსკენ ცოტა კი შემაშინეს ბიჭებმა, მაგრამ მაინც მოვიგეთ. შეტევაში ხომ დაჯაბნეს, დაცვაშიც მაგრად ითამაშეს, სანიკიძემ, ფაჩულიამ, მარკოიშვილმა, ფარიდან სასწაული ბურთები მოხსნეს... აუ, მგონი დაწყევლილი ვარ დღეს... მერამდენე "მოხსნეს" დავწერე უკვე და ხადური კი...

კარგი, კარგი... ჯობია აქ დავამთავრო, თორემ კიდე წამომცდება და ისევ მომეშლება ნერვები.

პ.ს. ანეკდოტების ინტერპრეტირებაც რომ მიყვარს, ხომ იცით? არა? მაშინ ა, ბატონო, ახალს გეტყვით: კახელ მიტოს ეუბნებიან, - ლარის კურსი დაეცა, დოლართან მიმართებაში, ხადური კი ისევ თავის სკამზე ზისო. მიტომ უპასუხა, - ლარი მე არა მაქ და დოლარი, ზის და იჯდეი რაო.

პ.პ.ს. შვებულებაში ვარ მეც (ფუი, ეშმაკს) და როცა ამ პროვოკაციას ვამზადებდი, მეზობელმა დამიძახა, - წამოდი, რას უზიხარ, ბიჭებმა ჩაცივებულ ოციანს თავი მოხნეს... ა, კიდო "მოხსნესო", ხადური კი... წავედი, კაცო, წავედი...