ვის ვკიდივართ, ობამას, თუ ამერიკას? - კვირის პალიტრა

ვის ვკიდივართ, ობამას, თუ ამერიკას?

დასრულდა საქართველოს დელეგაციების ვიზიტი ამერიკაში და ჩვენ ისევ სიამაყით ვართ სავსენი: რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!

აბა რა: დაახლოებით 220 ქვეყნიდან მხოლოდ საქართველო იყო ორი დელეგაციით წარმოდგენილი და თანაც ისეთებით, რომელთა წევრებიც ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ!

ამის გამო საქმე რომ ვერ გაკეთდა, ეგ არაფერი, სამაგიეროდ, ყველასაგან გამოვირჩეოდით.

ხუმრობა იქით იყოს და, როგორც საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა თქვა, მას ძალიან დასწყვეტია გული: ობამამ რუსეთს მხოლოდ უკრაინის გამო უსაყვედურა და ჩვენ არ გვახსენაო!

ასეა, ბატონო გიორგი, კარგია რომ შეამჩნიეთ, ძველები ვეღარ ამჩნევდნენ. ოღონდ არ იდარდოთ, იმათი არ იყოს, თქვენც მალე შეეჩვევით და დაიკიდებთ...

წინა"პროვოკაციაზე" ისეთი კომენტარები მოვიდა, რომ"ოცნების" ოფისში მინდოდა დარეკვა: არიქა, ან ხელფასი, ან პრემია, ან მომავალ არჩევნებში სიის გამსვლელ ადგილზე ჩასმის დაპირება მომეცით, მე ვყოფილვარ თქვენი მთავარი მაქებარ-პროპაგანდისტი-მეთქი. ბოლოს და ბოლოს, დასუფთავების სამსახურში მაინც გამაფორმეთ და ამ"კოორდინატორობაში" გადამიხადეთ"ლევი" ხელფასი, როგორც, გვარს არ დავასახელებ და, ერთი ქალაქის ერთი მერი აკეთებდა-მეთქი.

ვისაც არ წაუკითხავს, იქნებ გაუკვირდეს: კი მაგრამ, რა ვთქვი ისეთი, მთავრობის მეხოტბეობა და საწყალი ოპოზიციის მჩაგვრელობა რომ დაგაბრალესო? რა და, ევროპის სახალხო პარტია დედიმისისას მიირთმევს-მეთქი. მეტი არაფერი. არადა, მართლა ეგრეა და ორმაგი სტანდარტების დედა ვატირე ევროპაშიც, გაეროშიც,"ოცნებაშიც","ნაცმოძრაობაშიც", ფეხბურთის ფედერაციაშიც, ნინიას ბაღშიც და საქულას დუქანშიც.

რა ვქნა, მომკალით და არ მახსოვს, მაგ"სახალხო პარტიას" გასულ წლებში ერთი"შეშფოთება" მაინც გამოეთქვას "ნაცჩათლახობების" გამო და მაგათი გულწრფელობის რომ არ მჯეროდეს, ეს არის"ქოცობა"?! ვაჰ! ივანიშვილი, მომე-მეთქი პრემია! ბიჯოს!

ახლა მთავარ, უფრო მტკივნეულ და უფრო მნიშვნელოვან"შეშფოთებაზე" ვთქვათ: კი"წავკბინე" კვირიკაშვილს იმ"გულდაწყვეტის" გამო, მაგრამ მართალია ის კაცი. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია, ობამას"დავავიწყდით", თუ ამრიკას და რაც მთავარია - ამის მიზეზი ჩვენი ხელისუფლების"უნიათობაა" (`ნაცებს" რომ ეს სიტყვა არ მოეგონებინათ, რა გვეშველებოდა. ძალიან მოხერხებულია, კორექტულიც - რომ არა ეს სიტყვა, საკმაოდ ცუდი რამის თქმა მოგვიწევდა), ამერიკის შიში რუსეთისადმი, ან მისი პოლიტიკის შეცვლა, თუ ჩვენდამი ინტერესის გაქრობა?

მიუხედავად პროვოკატორობისა, გაგიკვირდებათ და, ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, რომ ამერიკაში ნაღდი ამერიკული, ძველი, ჯიგრული (აი, რეიგანის და ბუშ-უფროსის მსგავსი) ხელისუფლება რომ დაბრუნდება მაგ ბიძია თომას მაგივრად (არ აჭყიპინდეს ეხლა ზოგი - რასისტი ხარო, სხვა რამე ვიგულისხმე), მაშინ იქნებ გავახსენდეთ ვინმეს. მანამადე, ისევ პუტინს თუ არ"გავახსენდით".

ოღონდ, ჩვენც უნდა შევახსენოთ თავი და ასეთი ვიზიტებისას საქმე უნდა გაკეთდეს, საქმე! ჯანდაბას გაბუტული პრეზიდენტი, შენ თუ ხარ მთავრობა და ხელისუფლება, შენ თუ მოგყვება ელჩი და ყველა პირველ პირად გცნობს, რატომ არ სთხოვ პასუხს იმისთვის, რომ რამდენიმე თვე მაგან და მეორე - გაეროში ჩვენმა ელჩმა, იმისთვის იმუშავეს, რომ ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტსა და ლატვიის პრეზიდენტს შეხვდით მხოლოდ? ხო, მერკელსაც შეხვდა, ოღონდ შემთხვევით, ქუჩაში, ღობის გაყოლებაზე...

უჰ, დამავიწყდა: სალომე ზურაბიშვილს შეხვდა კიდევ. გაერო-ში მუშაობს ქალბატონი სალომე და"პერერივზე" დაელაპარაკა პრემიერ-მინისტრს. ეს შეხვედრაც ვიზიტის ოფიციალურ შედეგებშია შეტანილი... ტეხავს... ბატონო ირაკლი, გაყარეთ ეგენი სამსახურიდან, კიდევ არაერთხელ შეგარცხვენენ.

პ.ს. სირცხვილზე გამახსენდა: ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები ჩატარდა თბილისში.