წამალარეულები - კვირის პალიტრა

წამალარეულები

შესავლის მაგიერ ერთ თემას ვარჩევ ხოლმე, როდესაც მორიგ "პროვოკაციაზე" ვფიქრობ ყოველ სამშაბათს და ვცდილობ, რომ ეს თემა თუ პრობლემა, ადგილის სიმცირის გამო, მაქსიმალურად კომპაქტურად და მოკლედ შემოგთავაზოთ. თუ ეს ხერხდება, ხანდახან სხვა რამეზეც ვამახვილებ ხოლმე თქვენს ყურადღებას.

ახლა, რატომ "გავამხილე" ჩემი მუშაობის ეს დეტალი: გასულ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ სვეტში ნახსენები და დიდი გნიას-ალიაქოთის გამოწვევი, პატრიარქის სრულიად გულწრფელი და იმ კონკრეტული სიტუაციიდან (პატიმარ ქალთა სპექტაკლს ვგულისხმობ) გამომდინარე სურვილი თუ ნატვრა (ნეტავ უფლება მქონდეს, რომ ესენი ყველა შევიწყალოო), შემდგომი დიდი და, ჩემი აზრით, სამარცხვინო ამბების მხოლოდ "პრელუდია" გახდა.

შეგახსენებთ: ჯერ პატრიარქს წაესივნენ აფთრებივით, მას რომ შეწყალების უფლება მიეცეს, ამით უამრავი ღვთისმსახური თუ პოლიტიკოსი ისარგებლებს და "ფულის კეთებას" დაიწყებსო; მერე ალეკო ელისაშვილმა თქვა ის, რაც თქვა; მერე ზვიად ქორიძემ დაამატა რაღაც მსგავსი უმსგავსობა (კარგია ტავტოლოგია ხანდახან, ზუსტია); მერე მანანა კობახიძემ თავდაცვითი პოზიციიდან და ნირწამხდარმა ისაუბრა; მერე პროკურატურაში ტელეფონიდან მესიჯები გაქრა და ა. შ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დღეს ძალიან გამიძნელდება ერთი ამბით შემოფარგვლა, რადგან მთელი ეს ნაგავი ერთ მძივად არის ასხმული...

ალეკო ელისაშვილს დიდი ხანია ვიცნობ, მეგობრად ვთვლი, კოლეგა ხომ არის და არის და ამიტომ ძალიან მიჭირს იმის თქმა, თუ რა მინდა: მართალი აღმოჩნდეს თუ მტყუანი.

მაგრამ გვერდით გადავდოთ ის, თუ რა მირჩევნია მე, ის ვთქვათ, საქმე რასთან გვაქვს. ვთქვათ კი არა, იქნებ მივხვდეთ, თორემ ვარიანტი ბევრია და აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან: 1. ელისაშვილი სრულ სიმართლეს ლაპარაკობს და ბესელია, კომბახიძეც და სხვები მექრთამეები არიან; 2. ელისაშვილს მართლაც ურეკავდნენ და სთხოვდნენ ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო ბრალდებულის შეწყალებას, მაგრამ ეს მათი, მხოლოდ როგორც ადვოკატების სურვილი იყო; 3. ელისაშვილი ყველაფერს იგონებს და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რადგან ადრევე საუბრობდნენ, რომ მას პარტიის შექმნა სურს; 4. ელისაშვილი ყველაფერს იგონებს, რადგან "ნაცების" აგენტია და მათგან ფინანსდება; 5. ელისაშვილს ყველაფერი დაესიზმრა; 6. ელისაშვილი გოიმია, ეს ინფორმცაია თავის დროზე ვერ "დააბინავა" წესისა და კანონის შესაბამისად და ახლა რაც მოუვა, თავის თავს დააბრალოს; 7. ელისაშვილი გიჟია, შეიძლება ბომბი დაგვიდოს ან დაგვკბინოს, მაგის იზოლირებაა საჭირო და ა. შ.

დასკვნის ნებისმიერი ამ ვარიანტთაგანი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ, მაგრამ ამ "დასკვნათა დასკვნა" ერთია და მოდი, ამაზე ნუ ვიდავებთ: ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდად არის საქმე! ადგილი დავზოგე, თორემ ამ "ძალიან"-ებით ორი გვერდი რომ შეგვევსო, ალალი იქნებოდა.

ცუდად არის საქმე თუნდაც იმიტომ, რომ მავანი ქალ(ბატონ)ი, რომელიც 90 კგ (!) კოკაინის საქმეზეა დაკავებული, რომელსაც 1,7 მილიონი ევროს მიწაში ჩაფვლა და რაც მთავარია, ვიღაც კონკურენტისა თუ მტრის, თუ ვინც არის, მოკვლის შეკვეთა უმტკიცდება, რაზეც ვიდეომასალა არსებობს და სადაც ის პირდაპირ უთანხმდება კილერს, დღეს განსჯის თემა გახდა არა იმ თვალსზარისით, რომ საერთოდ წარმოუდგენელი უნდა იყოს მისი შეწყალება (ყოველ შემთხვევაში, კარგა ხნით მაინც), არამედ იმით, თვითონ დაწერა განცხადება, ქორიძემ დააწერინა, ელისაშვილი დაჰპირდა გამოშვებას თუ კობახიძე ითხოვდა ელისაშვილისგან!

ვინმემ გამაგებინოს, თუ არა ამ საქმის მონაწილენი, მაშ, ვინ უნდა იჯდეს ციხეში?! ბარემ პოლიტპატიმრის სტატუსი მოითხოვეთ ნარკოდილერებისთვის, მაინც ყველა იბრალებს კოსტავა-სოლჟენიცინობას!

არჩევნები მოდის. მომენატრა ის დრო, მეზობელი რომ ჩამოივლიდა სადარბაზოში, ყველას საარჩევნო ბარათს წაიღებდა და მერე 100 პროცენტიანი დეპუტატი გვყავდა სსრკ-ს თუ საქართველოს სსრ-ს უმაღლეს საბჭოში - ვინმე ხარატი, როელსაც დაზგა არ ენახა ან მწველავი, რომელსაც ძროხების ეშინოდა. მომენატრა-მეთქი - დადგენილი და აღიარებული "ზასტოი" იყო და არა გამოუცხადებელი ნამუსახდილობა.

ამის დედა ვატირე, რაები მომანატრეს...

P.S. დავიბოღმე და დაგბოღმეთ, ამიტომ მხიარულ ანეკდოტს მოგიყვებით. ოღონდ ამ სიტუაციასთან არ არის კავშირში. უბრალოდ, მომეწონა და გიყვებით:

კაცს კუჭი აქვს აშლილი. სახლში დარჩა. ცოლმა წამალი დაუტოვა და წავიდა. ორ საათში ქალს გაახსენდა, რომ შეეშალა - "კუჭის შემკვრელის" მაგივრად დამამშვიდებელი დაუტოვებია და გულგახეთქილი რეკავს:

- როგორ ხარ?

- ხოშიანად! ჩავისვარე, მაგრამ მაგრად მკიდია...

P.P.S.  რომ ვთქვი, ამ სიტუაციას და ზოგიერთებს არ ეხებათ-მეთქი, ვიხუმრე.