ისევ "უცნობი", ოღონდ ახლა ვასაძითურთ - კვირის პალიტრა

ისევ "უცნობი", ოღონდ ახლა ვასაძითურთ

კვირიკაშვილის არ იყოს, მეც აღარ მინდოდა უცნობზე საუბარი, მაგრამ ჩემზე პროვოკატორული ფრაზა აღმოხდა "გრეჩიხა" უმცროსს და ერთი- ორი სიტყვა რომ არ ვუთხრა, ღამით - ჟურნალისტიკური ეთიკა არ დამაძინებს, დღისით - ნარმანიას თვალები, რა თქვა ასეთი ამ უცნობმა, მეორე კვირაა მაგაზე რომ წერო - გამიბრაზდეს კიდეც შეიძლება მკითხველი. რა, ჩემო მკითხველო და ერთ ჟურნალისტს ძალზე დამამცირებელ კონტექსტში სულ სოფლელი უძახა. მე რომც მწყენოდა, ბატონო გაჩეჩილაძე, ვიცი, ამას არაფრად ჩააგდებდი, მაგრამ ახლა მე გეტყვი, კიდევ ვის ეწყინა და მერე იფიქრე, უნდა გეთქვა თუ არა. მაშ, ასე, ეწყინათ: ბატონ ბიძინას (ჭორვილა) კახი კალაძეს (სამტრედია), ნარმანიას (კოკი) და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმას, თუ ვის გაუსწორდა. გაუსწორდათ: კორკოტას, მანჩო გიორგობიანს და ასე შემდეგ. ნუ, იმას აღარ შეგახსენებ, "ილია - ილიას, რომ გაიძახი ყველა სიმღერაში, ეს მართლაც ღირსეული ქართველი ყვარლიდან რომ "ჩამოეთრია" თბილისში.

კარგი, მივანებოთ უცნობს თავი, ბოდიში მოუხდია თურმე და სულ ასე უძახია, სოფელ წერადან ვარ მე თვითონო. არა, გია, შენ ვაკელი ხარ, ძალიან კარგი თბილისის უბნიდან, ისეთივე პატივსაცემი კაცი ხარ, როგორც წერელი, სამტრედიელი ჭორვილელი თუ ყვარლელი. აი, აქ მოვრჩი უცნობზე. კიდევ ბევრს ვიტყოდი, მაგრამ ჩოხიან ბიზნესმენ ლევან ვასაძეზე მაქვს დასაწერი, რადგან იმანაც პროფესია "ოფიციანტობა" მოიხსენია ცუდ კონტექსტში (ისე, ღარიბაშვილიც მუშაობდა ამ პროფესიით, რომ იცოდე, ლევან და ეწყინებოდა).

რას ერჩით, ბატონო ამ ოფიციანტებს, განა ცუდია, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომ თავისთვის შოულობენ პურის ფულს და მამიკოების ჯიბეებზე არ არიან მიჩერებულები. ან იმას რა ჯობია, ოფიციანტის მოტანილი კარგი ღვინით სავსე თასით ლექსს რომ იტყვი: "ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ". მაგრამ ეგ არაა თქვენი ბრალი, ეს იმ საბჭოთა იდეოლოგიის ბრალია, რომლის მიხედვით ქალი ოფიციანტი "იმნაირი" იყო, ხოლო კაცისთვის ტაფის სროლა და დედის გინება კი ვაჟკაცობად ითვლებოდა, თორემ, აი, იმ დროს, ჩემო ლევან, შენ რომ ჩოხა გაცვია, ისეთები რომ ეცვა ხალხს, სულაც რელიგიის დონეზე იყო აყვანილი და მწდე, მერიქიფე ძალზე პატივსაცემი წევრები იყვნენ საზოგადოების. მხოლოდ საბჭოთა კავშირში იყო სამარცხვინო და საბლატავო პროფესიებად დაყოფილი საზოგადება და იმიტომაც წავიდა მარილზე ეს ნამგალუროიანი ბოროტება. ასე რომ, ძვირფასო მკითხველო, თუ თქვენმა შვილმა გადაწყვიტა, მიმტანის, დალაქის, მძღოლის და ა.შ. პროფესია სათანადოდ შეისწავლოს, ხელს ნუ შეუშლით, დამიჯერეთ, ფულსაც იშოვის და მშრომელი და პატიოსანი კაცის (ქალის) სახელსაც დაიმკვიდრებს. თორემ, აგერ ახლა, ჩემი სადარბაზოს ქვევით, ბიჭები დგანან (მთელი დღე). ყველას ექიმის, იურისტის, ეკონომისტის დიპლომები აქვთ უჯრაში შენახული, რომელსაც ხანდახან მათი დედები თუ დახედავენ.

მოდი, ახლა კარგი ამბებიც ვთქვათ: ერთ-ერთი "სამარცხვინო" პროფესიის კაცმა, იმათ ენაზე მენაგვემ, ჩვენებურად მეეზოვემ, მიკიჩა შავეშოვმა იცით, რა ქნა? თავისი სიცოცხლის ფასად, ცოცხით ერთი საათი ეკავა გაშიშვლებული მაღალი ძაბვის დენის კაბელი და კაცმა არ იცის, რომ არა ის, რა ტრაგედია დატრიალდებოდა გლდანში. ბევრი ადამიანის სიცოცხლეც იხსნა ამ პატიოსანმა კაცმა, ჰოდა, რა მინდა ვთქვა: ძალიან ლამაზად და "სტილნად" იცვამთ ბატონო გია, თქვენ. თქვენც, უძველესი ქართული სამოსი ძალიან გიხდებათ, ბატონო ლევან, მაგრამ ამ კვირაში თუ თქვენ სამს ერთმანეთს შეგადარებთ, იმ მეეზოვის სტაფილოსფერი სამოსი უფრო მიზიდავს მე და მომკალით, თუ გინდათ.

კარგი, მაპატიე მკითხველო, ახლა მართლა საბოლოოდ მივატოვოთ ლევანი და გია და მარტო ჩვენი საამაყო მეეზოვე დავიტოვოთ, რომელიც 4 შვილის მამა ყოფილა. ჰოდა, ამდგარა გლდანის გამგეობა და მისთვის სიგელი მიუციათ ღირსეული საქციელისთვის. რას იზამს ახლა ბატონი მიკიჩა (რომელიც სულ თავისუფლად შეიძლება მომკვდარიყო)? ადგება და გამგებლის ამ უდიდეს ჯილდოს აჭმევს შვილებს თუ ბანკში მიიტანს და კრედიტებს გადაუფარავენ ამით? მიგეცათ თქვე კაი ხალხო ერთი-ორი კაპიკი ამ კაცისთვის. თუმცა, რა, ორი კაპიკის მიცემა კი არა, იმის მეშინია, გამგებლის მომდევნო ბრძანება ასეთი არ იყოს: ღირსეული და 24-საათიანი შრომისთვის, აგრეთვე, ადამიანების გადარჩენისთვის, პრემიები დაურიგდეთ მუნიციპალიტეტის გამგებელს და მის მოადგილეებს. ვეცდებით, ასე გავაგრძელოთ.

არა, სულ არ გამიკვირდება, ასე რომ ქნან, ჯერ არ უქნია ვინმეს თუ რა...

პ.ს.

მაგარი ქვეყანაა საქართველო, აქ ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს სხვამ; ყველამ იცის, როგორ უნდა მართოს ქვეყანა; ყველამ იცის, როგორი ტაქტიკით ითამაშოს "დინამომ"; ყველამ იცის, რა უთხრა ობამამ პუტინს პირისპირ შეხვედრისას; მოკლედ, სხვაზე ყველამ ყველაფერი იცის. ეგაა მხოლოდ, ჩვენ თვითონ რა გავაკეთოთ, ეგ ვერ ვისწავლეთ ვერასდროს.

პ.პ.ს.

აგერ, მეც რამდენი კაცი შემომელანძღა, რამდენს დავარიგე ჭკუა, მაგრამ მე თვითონ რა მინდა, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ, ჯერ ვერ გამიგია.