აქეთ გოგი, იქით მიშა, წინ კიდევ - არჩევნები! - კვირის პალიტრა

აქეთ გოგი, იქით მიშა, წინ კიდევ - არჩევნები!

დაილოცა "რუსთავი 2"! კი გავკრავ ხოლმე კბილს ხანდახან, მაგრამ ეგ რომ არ მყავდეს, არ ვიცი, რა მეშველებოდა. მართალია, პროვოკაციას კი გამოვძებნი გაჭირვებისას, მაგრამ სად ერთიან, მსუყე ხორცს რომ მიადგები და სად ნამცეც-ნამცეც რო ეძებ საკბილოს.

ეკა კვესიტაძის გადაცემის ანონსი რომ გავიდა, ინტერვიუ ოდესის გუბერნატორთანო, მას შემდეგ გულდამშვიდებული ვიყავი: მე შენ გეტყვი, არ იტყოდა საჩემოს ჩვენი ყოფილი და უკრაინის მომავალი პრეზიდენტი (რაც ახლა იფიქრეთ, ეგრე ფიქრობდნენ, შევარდნაძემ რომ იუსტიციის მინისტრად დანიშნა, მაშინ, ამიტომ არაა გასაკვირი, ესეც მოხდეს). ჰოდა, ინტერვიუს მოლოდინში, არც კი გამიხედავს სხვა ამბებისკენ და ალბათ, ასეც იქნებოდა ბოლომდე, მაგრამ ვერა და ვერ ავუარე გვერდი მრეწველთა პარტიის ლიდერს, გოგი თოფაძეს და მის განცხადებებს.

მოკლედ, გამობრძანდა ეს პატივსაცემი კაცი და ისეთი რამ თქვა, ლამისაა, "ნაციონალებმა" ოფისებში მიშას სურათის გვერდით, გოგის სურათი დაკიდონ. კერძოდ, მან თქვა: ჩემი კოალიციის წევრმა, მე რომ ხმა მივეცი, იმ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, საგარეჯოში არჩევნები გააყალბა და ჩვენს ფრაქციას პარლამენტში ერთი დეპუტატი შემატაო. კი ჩავთვლიდი ამ ფაქტს საქართველოში დემოკრატიის მწვერვალად, მაგრამ არ ჰგავდა მისი ნათქვამი დემოკრატიაზე წუხილს და მომკალით, თუ გინდათ. ჩემი აზრით, დიდი ხნის დაგროვილი დაპირისპირება გამოფინა ბატონმა გოგიმ და თუ ასე გაგრძელდა, ნამდვილად არ გველის კაი დღე. ჩვენ რა, თავად იკითხონო, - მეტყვით ალბათ, მაგრამ აბა, დაფიქრდით: კოალიცია თუ დაიშალა, ამ კოალიციაზე ისედაც ხელჩაქნეულმა ხალხმა კიდევ უფრო ძლიერად თუ ჩაიქნია ხელი და საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე, თანაც, თინა თუ გაბრაზდა და, როგორც ბატონი გოგი ამბობს, არ "გააყალბა" არჩევნები, ვინ გაიმარჯვებს?.. თქვენი არ ვიცი და, მე ამაზე ფიქრიც კი მზარავს.

ისე, ბატონო გოგი, დავუშვათ, ყველაფერს მართალს ამბობთ, მაინც არა მგონია, თქვენსი გამოსვლას კარგი სამსახური გაეწიოს ხელისუფლებისთვის. გაიხსენეთ, როგორ იყო "ნაცების" დროს. განა, მაშინ არ ხდებოდა შიდა დაპირისპირება? მაგრამ გარეთ არ გამოჰქონდათ და თუ მიშაზე ან მინისტრზე გაბრაზდებოდა რომელიმე მაღალჩინოსანი, თქვენსავით, პრესკონფერენციაზე კი არ ლაპარაკობდა ყველაფერს, არა, - მშვიდად იტყოდა: მივდივარ სასწავლებლად უცხოეთშიო.

გადავიდეთ ძირითად თემაზე: გულდასმით ვუყურე ოდესის გუბერნატორის ინტერვიუს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რას გადავრჩით ჩვენ და რა ელის უკრაინას. რამდენიმე ციტატა ამოვიღე ამ ინტერვიუდან, ძალიან ვიხალისე და მინდა, თქვენც გაგახალისოთ: "ჩვენ არასოდეს, არავის, არაფერს ვართმევდით"; "ჩემთვის ძალადობა მიუღებელია, ჩემი დრაივი - მშენებლობაა"; "ჩემს დროს ბათუმის მოსახლეობა ორჯერ გაიზარდა"; "ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში არჩევნებს მოვიგებთ"; და, ბოლოს, ყველაზე მაგარი: "მე შევიცვალე".

პირველ ნაწილში სერიოზული ვიყავი, ძვირფასო მკითხველო, ამიტომ წინასწარ ბოდიშს გიხდით, ახლა ცოტათი არასერიოზული თუკი ვიქნები. მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ მიხეილს. ყველა მის სიტყვაში დევს სიმართლე და ახლავე გეტყვით - რატომ: სიტყვა "ჩვენ"-ს რომ ამბობს, ამ დროს იგულისხმება "ნაციონალების" მთავრობა და ლიდერები, ამიტომ სრული სიმართლეა მისი ეს სიტყვები: ჩვენ არავის არაფერს ვართმევდითო. არასოდეს მინახავს, ადეიშვილი, წიკლაური, ჩიორა ან ახალაია მისულიყო რომელიმე ავტოგასამართ სადგურზე და მფლობელისთვის ეთქვა: გამოდი აქედან, ეს ჩემიაო!.. ან ის რომ თქვა, ჩემთვის ძალადობა მიუღებელია, ჩემი დრაივი (ანუ სტიქია) - მშენებლობააო, არაა მართალი? რა, არ გინახავთ კომბინეზონიანი მიშა მშენებლობაზე?!. რაც შეეხება ძალადობას, რომელიმე მიტინგზე ხელკეტით შეიარაღებული მიხეილისთვის ვინმეს მოგიკრავთ თვალი?.. ჩემს დროს ბათუმის მოსახლეობა ორჯერ გაიზარდო, - რომ ამბობს, ვინმე ეწინააღმდეგებით ამ ნათქვამს? ნახეთ, აბა, რამდენმა უცხოელმა იყიდა იქ მიწა, სახლი და ბინა ბათუმში მიშას მმართველობის დროს! ზუსტად ვიცი, საქართველოში არჩევნებს რომ მოვიგებთო, - ამაზე, მგონი, სტატიის დასაწყისში გავაკეთე ერთმნიშვნელოვანი კომენტარი.

პ.ს. ჰო, მართლა, მე შევიცვალეო, რომ ამბობს, არ გამომრჩენია, - უბრალოდ, ამაზე ვერც სერიოზულად და ვერც არასერიოზულად ვერაფერს ვიტყვი.