უდედო ფუტკრების პოლიტიკური ქორეოგრაფია, ანუ როცა ბიძინას არ სცალია თავგზააბნეულების მისახედად... - კვირის პალიტრა

უდედო ფუტკრების პოლიტიკური ქორეოგრაფია, ანუ როცა ბიძინას არ სცალია თავგზააბნეულების მისახედად...

ნანა მჭედლიძე ბოლო დროს რომ მოქმედი რეჟისორი ყოფილიყო, ისეთ ფილმს გადაიღებდა, სადაც სექსის იმერული ვარიაცია (ჩინჩვლა) იქნებოდა მთავარი თემა და გენახათ მერე პირადი ცხოვრების გასაჯაროება მხატვრულ-ალეგორიული ფორმებით! საქართველოში სექსი და პოლიტიკა ისე გადაება ერთმანეთს, როგორც მარტის თვეში - ამძუვნებული კატები.

დაშლილი კოალიცია ბერთოლეს მარილივით გაიფანტა. "ფორუმელების" განაწყენება გადასცდა დიპლომატიის ფარგლებს; რაც შეეხება "რესპუბლიკელებს", უცნაური ხალხია ერთობ. საუბრის მანერა აქვთ ისეთი, მარგველაშვილის არ იყოს, რასაც კარგს ამბობენ, ვერ ვუგებთ, რაც გასაგებად თქვეს - ყურში არაა შესაშვები. პრეზიდენტზე გამახსენდა, ეს ჩვენი გიორგი რომ იყო ამერიკაში და მადლენ ოლბრაითს შეხვდა, ეს რისთვის გააკეთა? პოლიტიკური მრავალფეროვნების შექმნისათვის? ქსოვის კურსები ჩაუტარა მადლენ ბებოს თუ საქმიან, იმიჯიან ბებიას ქსოვას ნაყშებით ასწავლიდაო და რას გაუგებ ქართველ პოლიტიკოსებს, როდის სახელმწიფოებრივად ფიქრობენ და როდის - ფიზიოლოგიურად!

ბუნებაში რაც არამდგრადია, მალე იშლება. "ქართულ ოცნებას" ჯერ დასავლური "თავდემები" მოსწყდა, ახლა თავად "ოცნებამ" მიატოვა კოალიცია და უდედო ფუტკრებივით დაბზუიან პარლამენტარები. ბიძინას არ სცალია ჯერ თავგზააბნეულების მისახედად. ახლა ისევ ხეებია მთავარი: გაზაფხულია და დროზე უნდა გადარგოს ხეები. აბა, პარლამენტარებს როდის გადარგავ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ეგენი ყველა დროში იხარებენ. ვიღაც კი ამბობდა, აბორიგენულ მცენარეულ საფარს ცვლის გრიგოლიჩი, ასამდე უცხოური ხე ჩარგო ციხისძირშიო, მაგრამ მალევე გააჩუმეს, რადგან არც ის ტიტის ხე იყო შავიზღვისპირეთის ეწერის თხმელა.

გადარგულ ხეზე ფილმი "ნერგები" გამახსენდა... მოშივებულ ბავშვს ბაბუა კოცონის გარშემო რომ აცეკვებს... მერე - "ლაზარე": გშია? - იცეკვე! ჩვენ დავამატოთ: - გშია? - იმღერე! ჰოდა, ვიცეკვებთ ვარსკვლავებთან და ვიმღერებთ "იქს-ფაქტორთან" ერთად... იცეკვებ, იმღერებ და სოფელიც აშენდება... ასე ჰგონიათ პოლიტიკოსებსაც და "ცეკვავენ ვარსკვლავების" პარალელურად, პოლიტიკური ვარსკვლავების "ქორეოგრაფია" გამძაფრდება - ვინ უფრო მომხიბვლელად წარდგება მთავარ შემფასებელთან და რა "აცენკებს" დაწერს ჟიურის მთავარი წევრი. ისე, ფიზიკურ-ინტელექტუალურ-მორალური მონაცემებიდან გამომდინარე, ნაკლებად საიმედოა, ბევრმა პოლიტიკური პა-დე-დე და პა-დე-ტრუა უშეცდომოდ შეასრულოს. თან "ცალკარა" კალაძემ უკვე თქვა: ახალი სახეები, უმწიკვლო რეპუტაცია და განათლება იქნება მთავარი კრიტერიუმიო.

ახალგაღვიძებულის შთაბეჭდილებით, გუბაზმა და მისმა პარტიელებმა ყრილობა მოიწვიეს, მშობლიურ კოალიციას უთხრეს - არა! ხელი ხმალს იკრეს პარტიულად და რას მიაღწევენ, ამას შემოდგომაზე დაითვლიან. ისე, ქუთაისში გუბაზის მაჟორიტარობის დადებითად შემფასებელი ვერავინ ვიპოვე. ერთი, რაც მან ტრიუმფალურად გააკეთა, თავისი ბიუროს უფროსის გათავისუფლება იყო. კარგიც ქნა, აბა, როგორ შეიძლება, ბიუროს უფროსმა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი გაითვალისწინოს და მრავალსართულიანი კორპუსის უადგილო ადგილას მშენებლობა გააპროტესტოს?! მაღალი სახლი ნიშნავს ბევრ მცხოვრებს, ბევრი მცხოვრები - ბევრ ხმას და პარლამენტში 4 წლით მხარ-თეძოზე წოლას! სულ არ ჰქონია იმ ბიუროს უფროსს ლოგიკური აზროვნება! კიდევ რამდენიმე მოწვევის პარლამენტარობა და კი მოაგროვებდა ნაოცნებარ მილიონს გუბაზი!

უპასუხისმგებლო პარლამენტარებმა თავიანთი უპასუხისმგებლობა ამას წინათ, სესიაზე 17 კაცის მისვლით კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ჩვენმა რჩეულებმა დამამთავრებელი კლასის ბავშვებივით, სხდომებზე სიარულს მოუკლეს, სამაგიეროდ, გზას იკვლევენ დიდი "რეპეტიტორისკენ" და თან წარსულში იქექებიან: ნეტავ, ჩვენზე "იმნაირი" ვიდეოები ხომ არა აქვთ დაარქივებული და პოლიტიკური მიცემულ-მოცემულობა კარიერას ხომ არ დაგვინგრევსო?!

პ.ს. მამამარჩენალისა და პოლიტელიტის ურთიერთობამ ერთი ანეკდოტი გამახსენა: მამაკაცი რესტორანში ზის, ქალბატონთან ერთად... უცხო მამაკაცი მათ მაგიდას მიუახლოვდა: - შეიძლება, თქვენი ქალბატონი ვაცეკვო? - როგორ გეკადრებათ, მე ვაჭმევ, მე ვასმევ და ცეკვითაც მე ვაცეკვებო... - აღშფოთდა კავალერი.

პ.პ.ს. მაგრამ ერთი რამაა: გვერდით მდგომი თუ არ გიყვარს, ვერც იცეკვებ, ვერც იმღერებ და ვერც სოფელი აშენდება.