არჩევნები 41 ოქტომბერს!.. ანუ ამბავი "ბიძინას მოთრეული" პრეზიდენტისა და "პუწინის კარზე მოტინგიცე" ქართველებსა - კვირის პალიტრა

არჩევნები 41 ოქტომბერს!.. ანუ ამბავი "ბიძინას მოთრეული" პრეზიდენტისა და "პუწინის კარზე მოტინგიცე" ქართველებსა

პოლიტიკურ-კულტურულ-სოციალური თემებით მდიდარი კვირა გავიდა. საპროვოკაციო - საკბილოდ, არჩევნებისა და კონცერტების საკითხი ავირჩიე.

რუსეთში "მგზავრების" გამგზავრებამდე სულ გამოთქმებით აგინებდნენ "პუწინის კარზე მოტინგიცე" ქართველებს, მაგრამ მერე ქების ნიაღვარი წამოვიდა! "შავ ღვინოში ალუბლები ბანაოოოოოობენ" - და უცებ: "რაშა ოკუპანტ!" აჰ, ყველა სიტყვა უკან წავიღეთ და ესენი რა ვაჟკაცები გვყოლიან?! კი ეკუთვნით ერთი კაი მოზრდილი ვარსკვლავი ფილარმონიასთან, მე თუ მკითხავთ, "მგზავრებს". ეს ლანძღვა-გინება რა გვეჩქარება, ამით გვინდა ტურისტები მოვიზიდოთ ქვეყანაში?

გინებით - ვერა, მაგრამ რამაზოტისა და უილიამსის ნამღერს სულ წყება-წყება მოჰყვება ტურისტული ნაკადები. ათასმა დაწერა, ათასმა თქვა კულტურის მინისტრის მისამართით, 29 მილიონი ძალიან ბევრიაო, მაგრამ მაღალმა მინისტრმა თქვა: "პრომოუშენი" იმნაირ ფესტივალებს მოაწყობს, ეს იქნება სულ სხვა რამე, არნახული და განუმეორებელიო. უილიამსს გასული საუკუნის მერე ამხელა შეთავაზება არ ჰქონია, ვენაცვალეთ კულტურის სამინისტროს, მაგან სენტიმენტები გაუღვიძა მომღერალს და ააღელვაო, - ვიღაც ფსევდოდადიანი იფხრიწებოდა "ფეისბუკზე". აქამდე დასავლეთიდან მხოლოდ აღშფოთება და შეშფოთება მოდიოდა, ახლა უილიამსის ღელვა დაემატა. ეგებ ღელვას დამშვიდება და კეთილდღეობა მოჰყვეს? რაც შეეხება MAROON 5-ს, აი, მანდ გაჭედა ზოგიერთმა "ქოცმა", რაის 5, თუ უნდათ ჩვენთან სიმღერა, MAROON 41 უნდა იყოსო. ამის გაგონებაზე "ნაც-ქოცების" ოპოზიციამ ციფრთა სიმბოლიკა ააფრიალა: 5=4+1! ანუ სულერთი იქნება, ეგ MAROON 5 იქნება თუ 41-იო!

"ისტერნ პრომოუშენი" და "მიშას პრომოუშენი" ერთმანეთს ძალიან ჰგავს და უილიამსმა რომ იცოდეს, რა საწყალი ქვეყნიდან უნდა წაიღოს ფული, აუცილებლად იტყოდა უარს ამ "კულტურულ ძარცვაზე". ვეღარც კი ვიგებ, გვარის გარდა რა განსხვავებაა კულტურის მინისტრსა და ოდესის გუბერნატორს შორის: ორივე მაღალია, ორივე უცხოეთიდან იწვევს მომღერლებს და მგონი, თანაბრად "ჰკიდიათ" ქართული კულტურაცა და ხელოვნებაც.

არჩევნები "მიწადასაყრელმა და ბიძინას მოთრეულმა" პრეზიდენტმა 8 ოქტომბრისთვის დანიშნა. ახლა 8-იანის სიმბოლიკის გაშიფვრა დაიწყეს. გამრავლების ტაბულის "რვიანის" სეგმენტს თუ დააკვირდებით, ნამრავლის ციფრების ჯამი კლებისკენ მიდის 8, 7, 6, 5, 4 და ეს უკვე ნიშნავს, რომ 5 ძირითად ოპოზიციურ პარტიას ხმებს დააკლებენ "ქოცებიო". დაენიშნათ 9 რიცხვში, აი, მაგას აქვს კარგი "შინაარსი" თურმე: ნამრავლის ციფრების ჯამი მუდმივად 9 არის. არ ვიცი, ვინ ჩაუსახლდა ამის მთქმელს გონებაში, ნოსტრადამუსი, ვანგა თუ ჯუნა, მაგრამ გადამოწმებისას კი აღმოჩნდა სწორი!

თურმე არჩევნებისთვის ოქტომბრის დასაწყისი იმიტომ არაა სასურველი, რომ აგვისტოში არ სცხელა ხალხს პოლიტიკური აგიტაციის მოსასმენად. სექტემბრის ბოლოდან ხომ მთელი გულისყურით მოვუსმენთ ამათ ცრუპენტელობას! ლეიბორისტების "უმთავრესმა" განაცხადა: - სად ველაპარაკო მე ხალხს, ზღვაზეო? თან დაამატა - ათასამდე სოფელში შევედი წინასაარჩევნოდო, - და ნეტავ, თითო ხმა თუ მაინც წამოიღო იმ სოფლებიდან? რა მათემატიკური პროვოკაცია გამოდის, ეს რა ხდება? მგონი, უკვე დამაზომბირეს ამ პოლიტიკოსებმა!

ქალაქი სოფელშია წასული მაგ დროს, სოფელი - მთაშიო, - ესეც ჩვენმა შალვამ თქვა. ამომრჩეველი არსადაა წასული, თქვენ, პოლიტიკოსები მიერეკებით ტყუილებით საარჩევნო უბნებისკენ, ბატონებო, განურჩევლად პარტიის კუთვნილებისა, და ამიტომაც, მთაში კი არა, ან ზღვის ფსკერზე მიშას ზვიგენთან დაგვსხამთ, ან კიდევ - დენდროლოგიურ პარკში, ტიტის ხის ქვეშ.

პ.ს. ისევ პოლიტიკური დასასრული: კალაძეს ეკითხება ბიძინა, - "ოცნების" სიაში როგორი ხალხი გვჭირდებაო? კალაძემ თქვა, - უმწიკვლო, განათლებული და მოტივირებულიო. კულტურის მინისტრმა კორექტივი შეიტანა: - არაა ეგ მთავარი, მთავარი ისაა, ცალხელა ხალხი არ ჩასვათ სიაში, ტაშს ვერ დაგიკრავენო... ბიძინა ფიქრობს, ბარემ ოპოზიციას მორალურად მოვუღებ ბოლოს, 41 ოქტომბერს დავნიშნავ არჩევნებსო! რაც აკლია ოქტომბერს, ნოემბრიდან ვიყიდი, წესით, არც ისე ძვირი უნდა დაჯდესო!