ნაპრეზიდენტალი დაბრუნებას აპირებს, ლეონიდ, ნუგეშ გვეც! - კვირის პალიტრა

ნაპრეზიდენტალი დაბრუნებას აპირებს, ლეონიდ, ნუგეშ გვეც!

დიდად სანუგეშო კვირა გვქონდა. "რუსთავი 2" თავის პოზიციაზე მყარად დგას და ყადაღა კი არა, რაც უნდა დაგვადონ, ჩვენ მაინც მთლიანი ტელემაყურებლების უმეტესობა გვიმზერსო, - თქვა ნიკა გვარამიამ. ისე, ვაღიაროთ, "რუსთავი 2"-ის ჩაწერილი მიშას ინტერვიუ ძალიან ბევრმა რომ ვნახეთ. ნაპრეზიდენტალი პატარა ტბორის ფიცარნაგზე ისე იჯდა, როგორც ოდესღაც მაია მიმინოშვილთან ერთად, რომელიღაც "ბალკონზე". ოდესის გუბერნატორი ცალკე უკრაინისთვის თავდადებას იფიცებოდა, ცალკე - საქართველოსთვის. ერთმა გამოუსწორებელმა მიშისტმა თქვა, მაგას ისეთი თავი აქვს, ორივე ქვეყნისთვის იკმარებს, მაგრამ უთავოდ ან ოდესა ივარგებს, ან - საქართველოო?

რაღაც იმგვარი "სუნი ასდიოდა" ამ ინტერვიუს, მგონი საქართველოში აპირებს მიხეილი დაბრუნებას. აბა, ხეგლეჯია რუსი ოლიგარქის იმედად ხომ არ დატოვებს სამშობლოს?! თან ის აბრკოლებს, ჯერ არ შექმნილი მისი პარტია რეიტინგულად მესამე ადგილზე ყოფილა უკრაინაში და დიდი მომავალიც ჰქონია! ეგებ ვიფიქროთ და შევქმნათ უკრაინა-საქართველოს ფედერაცია, რომლის პირველი პირი უცვლელად იქნება სააკაშვილი! თან, ნათელია, რომ უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსები თანაბრად ზრუნავენ სამყაროზე.

აგერ, ბატონო, ჩერნოვეცკი ისეთ სტატუსებს აქვეყნებს ფეისბუკზე, უკვე მჯერა მისი! ადრე, როცა ხელგაშლილობა კანონით არ ეკრძალებოდა, ბატებიც კი უჩუქებია ერთი ოჯახისთვის. ჩვენც გვინდა ბატები, ლეონიდ! გაგეგონება, ბატონო (ბატებზე არ გამხსენებია) ჩემო, რომ ადრე ღერღეტებმა ("ბატი" სომხურიაო, საბას უთქვამს და ქართულად ღერღეტი ჰქვია!) რომიც კი გადაარჩინეს და რა ღმერთი გაუწყრება საქართველოს, რომ ვერ გადაარჩინოს ლეონიდის ნაჩუქარმა ფრინველებმა? ისე, რომელიმე ტელევიზიამ გამოიყვანეთ ეს კაცი პირდაპირ ეთერში, თუნდაც ერთი თავისი "ფეისბუკსტატუსი" თქვას ქართულად, ნუგეში გვცეს (დავით ზურაბიშვილმა სხვანაირად თქვა, მაგრამ ჩვენ ზრდილობა მაგას პირიდან არ წამოგვაცდუნებს) და ხმას როგორ დავამადლით?!

ვის უნდა მივცეთ ხმა, ეს მართლა სადარდელია. "გირჩებმა" თქვეს, სააკაშვილი ისე ლაპარაკობს ხალხზე, თითქოს ცხოველები იყვნენო. ეს "ნაძვმოძრაობას" თუ "ნაცმოძრაობას" "დაცვენილები" რას ლაპარაკობენ მამა-მარჩენალზე, ვეღარ გამიგია. "გირჩებმა" გამახსენეს და ეგებ რომელიმე პარტიამ "რკო" დაირქვას, გავაერთიანოთ მასში მადიანი პოლიტიკოსები, ბარემ ფორმისა და შინაარსის ერთიანობა შეგვრჩება ხელთ!

პ.ს. "ნაცები" ვახსენე და ერთი ანეკდოტი გამახსენდა:

მოხუცი ბებო მიცუნცულებს ქუჩაში... დაინახა, 3 კაცი მეოთხეს აგინებს უშვერი სიტყვებით...

- როგორ შეიძლება, ასე რომ ლანძღავთ ადამიანს? ცოდვა არაა?

- ნაციონალია, ბებო, ნაციონალი!

- მერე, გინება რა საჭიროა? ჩაწიხლეთ, ჩაწიხლეთ!