ბურჭულაძის წყალი, კვირიკაშვილის ქუთ-საჩხი და წყალწღებულები - კვირის პალიტრა

ბურჭულაძის წყალი, კვირიკაშვილის ქუთ-საჩხი და წყალწღებულები

როგორღაც ადვილად "გაატარა" ქართულმა მედიამ წინასააღდგომოდ გამართული "ძუძუების კონკურსი", თურქეთისთვის ჰექტრობით გადაცემული (თუ არგადაცემული) მიწის თემა და სამაგიეროდ, "რუსთავი 2"-მა, ფაქტობრივად, ბნელები გვეძახა კვერცხის შეღებვის ტრადიციის შენარჩუნებისა და ცეცხლის გარდამოსვლის აღიარების გამო.

მთავარი მაინც საქმეა! პრემიერ კვირიკაშვილს განუცხადებია, ქუთაისი უნდა გახდეს ისეთივე სატრანსპორტო ჰაბი, როგორიც ჩიკაგოაო.

ჩიკაგო-პიტსბურგის საქალაქო აგლომერაცია აშშ-ში ცნობილია, როგორც ჩი-პიტსი და ვაითუ ქუთ-საჩხი შეიქმნას წამხედურობით, ჩვენთან! თუმცა, ქუთაისის მაჟორიტარობაზე მეოცნებე თერჯოლელი "მეჭიაური" ამ იდეას ჩააგდებს, რადგან ქუთაისი უნდა გახდეს საქართველოს როტერდამი და არა - ჩიკაგო! გახედავ და შემოვა თეთრ ხიდთან სინგაპურიდან ლაინერი, არ გაივლის საათი - ოდესიდან (ე მანდ უნდა ვიყოთ ფრთხილად, მიშა არ შემოგვაპარონ კონტრაბანდაში) ჯაჭვის ხიდს მიადგება კრუიზერი!

მეჭიაური ვახსენეთ და კვირიკაშვილზე მაგას უთქვამს თუ უთქვამს: მაგი არაა ჩემი და ჩემისთანების პრემიერიო. ცალკე ვიღაც "ენჯეოშნიკ" ქალს უყბედია, რომ დამხობილა კვირიკაშვილი ეკლესიაში და ლოცულობს, ეგ რა პონტია?! აი, ვენაცვალე მიშას, მაგისი მეტანია-ლიტანია იყო არაქაჯობაო!

მიშა ვახსენე და გონებაში ამომიტივტივდა: მისი ზეობის პერიოდში იყო ერთობ "პოპულარული" აკაკი ჩხაიძე. ეგეც პარლამენტს უმიზნებს თურმე, თან, სიმდიდრით 44-ე ყოფილა საქართველოში! სამი პუნქტით თუ გაიუმჯობესებს კაკო ფინანსურ მდგომარეობას, მაშინ შანსებიც იზრდება! ეს ჩერნოვეცკი და ბურჭულაძე რაღას მიდიან პარლამენტში? ერთი პოსტების წერისა და დიდაქტიკის გურუა, მეორე - ქველმოქმედი და ბანი ანუ - ორივეს აქვს საქმე. რა უნდათ ამ უსაქმურობის ჭაობში ამ საქმეგამოულეველ კაცებს?

საქმე და ეკონომიკა ქუმსიშვილს ეხება. მაგას დაუწყია "ლელაკაკულიობა": - ვხედავთ ახალ სამუშაო ადგილებს, ვხედავთ რეალურ ზრდას ეკონომიკაში". კაცო, გასაგებია, ახალგაზრდა ხარ, თვალი გიჭრის, მაგრამ ჩვენ გამადიდებელი შუშით ვერ ვხედავთ მაგას და ეგებ მიგვითითო, საით გავიხედოთ, ჩრდილოეთით თუ დასავლეთით?

რახან "ჩრდილოეთი" გამოერია პროვოკაციაში, ბარემ იქაური ოლიგარქიც ვახსენოთ. მაგას უბრძანებია, საქართველოს გაბრწყინებამ 2017 წლამდე გადაიწიაო. თან იმასაც მოვკარი ყური, რომ მთელი თბილისის გადაყლაპვა უნდა და ჭორვილის კვარტალი იქნება მალე სოლოლაკი და ბოტანიკური ბაღიცო. ერთმა ყურებამდე დააღო პირი: არ იციან "ნაცებმა", მაგან იგოეთის ეკლესიასთან მაგნიტიანი ჯოხით ხურდების აკრეფის ბიზნესიც ჯიბეში ჩაიდოო. როდემდე უნდა გაგრძელდეს ღრმა პროვინციელის მიერ ბიზნესების ყლაპვა?!

პ.ს. პაატა ბურჭულაძეს ეკითხებიან: ამხელა ბანი ხარ და რად გინდა ეს ჩვენი არავოკალურ-არაინსტრუმენტული ხმები, ვის წისქვილზე ასხამ წყალსო? - მე ხმაც და წყალიც მყოფნის, მაგრამ "იმისთვის" მინდაო. "იმისთვის" ვინაა, ეს უნდა გამოვიძიოთ ახლა. წყალი რატომ ახსენა ნეტავ, ხმასთან ერთად? ლოგიკით, წყალი საარჩევნო ცხელ პერიოდში, ტიტის ხის მოსარწყავად იქნება საჭირო, ან - ოდესის პორტში ზღვის დონის ასაწევად, აბა, ჩვენ კაი ხანია, წყალწაღებული ვართ და რაღად გვინდა?!