"ბი-ძი-ნა-ბი-ძი-ნა! ახალი "ნაციონალები" და ახალი მატარებელი - რა ტიპის პოლიტიკურ სპექტრს მივიღებთ ყოფილი მიშისტებისგან?! - კვირის პალიტრა

"ბი-ძი-ნა-ბი-ძი-ნა! ახალი "ნაციონალები" და ახალი მატარებელი - რა ტიპის პოლიტიკურ სპექტრს მივიღებთ ყოფილი მიშისტებისგან?!

ქუმსიშვილის პირდაპირმა ჩართვამ მხრჩოლავი გაზის ეფექტივით იმოქმედა "რუსთავიორელ" გაბუნიასა და გოგიჩაიშვილზე. ვფიქრობ, ქუმსიშვილის ჩართვას მომავალში ეგენი აღარ მოინდომებენ, თორემ მერე "გამარჯვებული ხალხის" ტელევიზია გამარჯვებული ქუმსიშვილის ტელევიზიად გადაკეთდება ან/და ყველა ჟურნალისტი ისე ალაპარაკდება, როგორც ქალბატონი კვესიტაძე (ეკას საუბრის სწრაფი სტილი ძალიან მაგონებს წამლის რეკლამის ბოლოს ნათქვამ "გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს").

ისე, ერთ რამეს მივაქციე ყურადღება, "პარტიზან მებაღე" ქალს ერთ მცირე ჩართვაში გაბუნიამ ორჯერ გადაუხადა მადლობა, - მცირეხნიანი დაკავების მიუხედავად, რომ ხართ ჩვენს ეთერშიო. იმან, კიდევ "ამ ჩემს პანორამასო" ანუ მადლობა თქვენო! ქუმსიშვილს კი ეთერიც კი გაუთიშეს! ფუი, ეშმაკს, ყველაფერში ტენდენციურობა მეჩვენება უკვე.

კი იძახიან, რომ არაფერი გაკეთდაო, მაგრამ ასანთის ქარხანა ხომ გაიხსნა? სიმინდის ზეთის სახდელი საამქრო, კიდევ რამდენიმე მიკრო და მაკროწარმოება ამუშავდა. ეს მთავრობის დამსახურებაა. ისე, რატომ არ მოსდით აზრად, რომ გახსნან ვაზელინის საწარმო? ჯერ ერთი, ჩვენში დიდი გასავალი აქვს, თანაც - შენახვის ვადაც ,,ნი აგრანიჩენ". რატომ უნდა დაგვჭირდეს რუსული ან დასავლური წარმოების, პოლიტიკაში ფრიად საჭირო საცხი? არ დაადანაშაულოთ საკანონმდებლო ხელისუფლება უსაქმურობაში! პარლამენტარებმაც გააკეთეს საქმეები! მეჭიაურმა და თოფაძემ "რესპუბლიკელებს" 2%-იანი რეიტინგიც დაუნგრიეს, ოღონდ, ამ ნანგრევებში, ვფიქრობ, თავადაც მოყვნენ.

ამასობაში "ნაციონალური მოძრაობა" დანამცეცდა. გირჩ-ვაშაძის თემა ისევ აქტუალურია! ფრიად მოხერხებულია ეს გრიგოლიჩი, მანამდე არ იყიდა (ყოფილი თანაპარტიელების შეფასებით) ვაშაძე, ვიდრე დოლარის კურსი არ დაეცაო! თავად ვაშაძე იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, ოკაცეს ბანაკში ათასობით ბაღანა მყავდა და მიშას ნაცვლად ვაშა-ძე, ვაშა-ძე ვაძახებინეო. თურმე წელს ამნაირი ბანაკი 30 ათასი ბავშვისთვის გაიხსნება და მაგათი იმედი აქვს მომავალ არჩევნებზე, იუსტიციის სამინისტროს სერვისების მამა-დამფუძნებელს. ბედის ირონიაა, გასულ წელს, თუ არ ვცდები, საჩხერიდან ფატალური ოდენობის - 41 ბავშვი წასულა ოკაცეს ბანაკში!

ნეტავ, რას დაარქმევს ვაშაძე თავის პარტიას? მშობლიური ჭიათურიდან გამომდინარე, ალბათ - მანგანუმს. გამოითქვა ვარაუდი, სუბელიანი კობა "კუბდარს" დაარქმევს "ნაციონალური მოძრაობის" "ნასხლეტს", ხოლო აკაკი ბობოხიძე - "პრასს" ან "მწვანე ხახვს", ღვინიაშვილი - "ალკოჰოლურ სახელს" აარჩევს, ცისკარიშვილი - კასტეტით დაჭრილ გუდის ყველს. ლოგიკა-ვარაუდი მომდინარეობს ბორჯომისხეობელი (ანუ თორელი) გოგა ხაჩიძის "გირჩის" ასოციაციით!

ისე, ამ დაშლილ "ნაცმოძზე" ბიძინას ეკითხებიან: რა ტიპის პოლიტიკურ სპექტრს მივიღებთ ყოფილი მიშისტებისგანო? სააღდგომო პასკა რომ დაჭრა არათანაბარ ნაწილებად, გემო და თვისება არ ეცვლება ნაჭრებსო, განუცხადებია "პანორამელს". ისე, ისევ იმერულმა ზრდილობამ მოაყვანინა ეს მაგალითი, თორემ გულში სხვა რამეს იფიქრებდა ეგ კაცი, მჯერა მე!

პ.ს. ზაფხულიდან შვეიცარიული მატარებელი ისრიალებს "საქართველოს რკინიგზის" რელსებზე. ეს მატარებელი ევროპული სტანდარტების კომფორტითა და ორი სართულით ბევრს შეაშინებს (მაგალითად, მეორე სართულზე მემანქანე რომ არაა, ვინ გაჩერდება იქ?!). "ნაციონალებს" უთქვამთ, მაგ მატარებელში არ ჩავსხდებით, რადგან მისი ბორბლები ასე გამოსცემს მონოტონურ ხმასო: ბი-ძი-ნა-ბი-ძი-ნა-ბი-ძი-ნა! "ოცნებელებს" უპასუხიათ: "ზატო" "დატორმუზებისას" აქვს თქვენთვის მოსაწონი ხმა, გაჩერებისას ერთს ამოიქშენს და "მიშაააა"-თი და ქვავდება სადგურებთანო!

პ.პ.ს. ამ მატარებელს მაინც შევახტეთ, მიშას მატარებელმა ჩაიარა უკვე.