ჯირყვნაი საკვირველი, მირონ - "მარონი", ჯაფარიძე გირჩებით, ვაშაძე სეტყვით და პაატისტები - კვირის პალიტრა

ჯირყვნაი საკვირველი, მირონ - "მარონი", ჯაფარიძე გირჩებით, ვაშაძე სეტყვით და პაატისტები

"რუსთავი 2"-მა რიხით გვამცნო, რომ კორცხელში ჩვენების დარბევის გამო ევროვიზალიბერალიზაცია ოქტომბრამდე გადაიწევს და თუ ჩვენ ისევ "მოგვაწვება" ბიძინას სასამართლო, ევროპაში კი არა, რიზეს ბაზრობაზეც ვეღარ ჩავლენ ქართველებიო. მოკლედ, ეს დასავლეთი გვაწვალებს: არქიფო სეთურივით იმედს არ გვიკარგავენ და თან უიმედოდ გაღებულ ნატოსა და ევროკავშირის კარს ნიშნის მოგებით გვიჩვენებს.

გერმანია-საფრანგეთმა თქვა, საქართველოდან ჩამოსულები ნამეტანი კრიმინალობენ და რა ვიცით ჩვენ, ვინ ჩამაასკდება ლიონს, პარიზს, ბერლინსა და ჰალეშიო. რამ დაავიწყა ან ქართველებს, ან ევროპელებს, რომ ევროპაში წასვლის შესაძლებლობა ვისაც ჰქონდა, კაი ხანია, ბებერ ევროპაშია და ვინც ვერც ადრე ახერხებდა, ვერც სამომავლოდ ისეირნებს სენ-ჟერმენსა და ვან-დეიკზე.

"რუსთავი 2"-ის ფილიალი მეგონა ამას წინათ საზოგადოებრივი მაუწყებელი. "სალომე ასათიანი VS ბიძინა ივანიშვილი" წარმოგვიდგინა ამ ჩვენი ფულით არსებულმა ტელევიზიამ და გადაცემის დასრულების მერე წამოვიდა ინფორმაციის ნაკადი კი არა, ნიაღვარი! აი, ჩვენი ბიძინა რა არამიშურია, არც გაბრაზებულა, არც დორბლები წამოსვლია პირიდან, არც სპეცნაზი და ფინანსური პოლიცია შეუგზავნია არხზეო. ეს ასათიანი ასოციანი სიჩქარით რომ აყრიდა ბიძინას კითხვებს და პასუხებს არ ელოდებოდა, რა წესიაო?! მოკლედ, ასათიანი ცუდიაო. ცალკე "ასათიანისტებმა" ამაყად განაცხადეს, ხო მიჩოხა ამ ციცქნა ქალმა ეგ ოლიგარქი და საუბრის არმცოდნეო. კარგი, ბატონო, იყოს ეს ჟურნალისტი ცუდი, იყოს ბიძინაც ენადაბმული, არ მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე იმას უნდა ვუყურებდეთ, ჟურნალისტი მიჯირყნის პოლიტიკოსს თუ პირიქით?

ჯირყვნაი საკვირველი ყოფილა მუსიკოსებისა სამღვდელოთა მხრიდან და ეს სატანური "მეტალიკოსები" მადლობელნი დარჩენილან, - ტაბურეტები რახან არ მოგვხვდა, რაღას ვჩივითო. იქვე უკითხავთ, "მარონ 5"-ს რატომ არ უშლითო? მრევლთაგან ერთს უთქვამს, - "მირონთან" ბგერითი შემადგენლობით ახლოს დგას "მარონი" და ეგ მისაღებიაო! თან სამი გრემი აქვს მიღებული მაგათ და გრემის საწინააღმდეგო ვისაც აქვს, ის არც სხვა ტაძრის მომხრე იქნებაო!

რახან მუსიკას შევეხეთ, ბარემ ახალი საჯილდაო საკითხი წამოვწიოთ. მეჭიაურის ახალშობილ პარტიაში სეფიაშვილია, მაგრამ მას ხმებს შეეცილება "გირჩელი" ხაჩიძე და თავად ბან-ბატონი პაატა. არც გაპოლიტიკოსებულ ჟურნალისტებს ადგებათ კარგი დღე! მეტრეველს ეშინოდეს, რადგან მაროშკინა ასპარეზზე გამოდის. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ, ცრემლით დალტობილი ცხვირსახოცის ქნევით გვემშვიდობებოდა ქალბატონი ლალი. ვერ ხედავდნენ ამ ქალს და ისიც მიდიოდა! თუმცა, მეჭიაურმა დაინახა, დაუძახა და ფაქტობრივად, ტრაპიდან ჩამოხსნა ჩვენს გადასარჩენად! ეს ახალი პარტია ბრეგაძემ და ყოფილმა "ქოცებმა" უნდა გაამაგროს ჩრდილოური ლოგიკით, ამას თუ დაემატა რაინდ ვასაძის ფინანსები, ჩათვალეთ, რომ სახალისო შემოდგომა გველოდება წინ!

მთავარ პოლიტიკურ ძალას რომ შეუტევს ჯაფარიძე გირჩებით, ვაშაძე რუსთაველის პროსპექტზე შეგროვებული სეტყვით, პაატა ვოკალით და "ნაციონალური მოძრაობა" მიშას ჩამოსვლის დაანონსებით, ერთობ კარგი სანახავი იქნება. პაატა ვახსენე და წინა პროვოკაციის კომენტარებიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ ჩემს გამკრიტიკებელ "ნაც-ქოცებს" პაატისტები მიმატებია. გამიხარდა, სწორი გითხრათ! ანუ ჭაღარა ორიოდე ღერი თმა არ ნიშნავს სიბერეს და კლავიატურა (ვიღა იყენებს ახლა კალამს!) ისეთივე "მწარე" და სამართლიანი მაქვს, როგორც უწინ!

პ.ს. "ქართულ ოცნებას" კი მასწავლებლების იმედი აქვს. მოგეხსენებათ, პედაგოგები ცოტანი არ გახლავთ, ამას დაუმატეთ მათი ოჯახის წევრები, მოსწავლეთა მშობლები და ბებია-ბაბუები. "ოცნებამ" კი გადადგა ნაბიჯი მასწავლებელთა გულის მოსაგებად. სანიკიძის ქალი პირველად ნახეს გაღიმებული - სიმწრის ღიმილი იყო თუ შვების, ვერ მოგახსენებთ, მაგრამ თურმე უხდება ამ ქალსაც სიცილი! მაგისი გაკეთებული არაფერი გვინახავსო, - გაიძახოდა ერთი პედაგოგი. მეორემ უპასუხა, - შენ მაგისი გაკეთებული მაკიაჟი თუ მაინც არ გინახავს, ხიდაშელისა რა დაინახე, აბაო?!

პ.ს. ბატონო სანდრო, სკოლებსა და უნივერსიტეტებში უამრავი პრობლემა დაგროვდა და რით მოვაგვარებთო? ბაყაყი ჭამეთ, ბაყაყიო, - ბრძანა ჯეჯელავამ და თავისი ტრენინგმასალის ლინკი გაუგზავნა შალვა ნათელაშვილს, - ნახე, თუ ვარ ბავშვების მყლაპველიო!