კობახიძეები, გახარებული ბიძინა, 3 კ და აჯანყების გურული გეგმა - კვირის პალიტრა

კობახიძეები, გახარებული ბიძინა, 3 კ და აჯანყების გურული გეგმა

საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს განსაკუთრებული თავისებურება აქვს. პარტიები და ბლოკები თავიანთ წარმატებებსა და გეგმებზე არ საუბრობენ იმდენად, რამდენადაც ერთმანეთის ცოდვებს ჰფენენ სამზეოზე ჭუჭყიანი საცვლებივით. არ იქნა და არ ეღირსა ამ ბედკრულ ქვეყანას პატიოსანი ადამიანების პოლიტიკური ერთობა. ვიღაცას სიყმაწვილის ჟამს ვნებები ვერ დაუოკებია, ვიღაცას ფინანსური ბნელი წარსული აქვს, ზოგიც რენეგატია და ზოგიც (ნეტავ მართლა ზოგი!) - მედროვე.

"რუსთავი 2"-ს შეუტია ქიბარმა და საპირწონედ, "გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ" და-ძმა კობახიძეების საქმეები ამოალაგა სკივრიდან. ჯერ საჩხერლებს ის ვერ მოუნელებიათ, რომ მანანა მაჟორიტარი ახალი მთვარესავით იშვიათად გამოჩნდება თავის ოლქში და მთელ თვითმმართველობას თავის ჭკუაზე აცეკვებს (რა ამის პასუხია და საჩხერის მუნიციპალიტეტის აცეკვებული გამგებლის ფოტო კი გამოაქვეყნა რომელიღაც სააგენტომ), ამას მიუმატეს ფარულად და გადაუმოწმებლად, საჩხერის ქვიშას "ჭამს" ფარულად მანანაო! ახლა კი ძმის სკანდალი მიემატა: ვინმე ჯავახიშვილი იძახის, თავის საბანკო დავალიანებებს მე მახდევინებსო! საჩხერე ბიძინას მხარეა და აქვე დავამატოთ ფრიად საგულისხმო, მაგრამ ნაკლებად გახმაურებული ფაქტი - საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ნარესპუბლიკარი ზაბახიძე პირდაპირ ადანაშაულებს ჭორვილაში 2012 წლის არჩევნებისთვის სახელდახელოდ ჩაწერილ კობახიძეს შევიწროებაში, - მე გვერდზე მიმწია და საიქიოსავით მდუმარე ხალხი დაასკუპა თანამდებობებზეო! მიუხედავად ამისა, მანანა მაინც იქნება საპარლამენტო სიაში, - გულს იმაგრებენ "ქოცები". თუ მაჟორიტარად გამოგზავნა ბიძინამ მაგი, "ნაციონალები" აუცილებლად აჯობებენ, პროგნოზს აკეთებენ საჩხერეში ბაზართან (რომ იცოდეთ, მანდ ყველაზე დიდი საინფორმაციო ველია). ნეტავ სხვა "გრეხები" არ ექნებოდეთ "ოცნებელებს" და ამ ერთს რაღაცნაირად მოინელებს პარტიული რეიტინგი. ავი ენები ფოთზეც მოთქვამენ, ეკასაც ნამეტანი გაუდედოფლებია წარმოდგენაში ზღვისპირას თავი და რატომ ივიწყებენ ტიტის ხეს, რომელმაც ზღვისპირას გაიხარა და მაგისმა გახარებამ ბიძინა უფრო გაახარა, ვიდრე - ზოგიერთის გადეპუტატებამ!

ორიოდეჯერ პაატაზე დავწერე. ქველმოქმედსა და ამხელა შემოქმედს ჯერ არ დაუწყია პოლიტიკოსობა, რატომ პროვოკატორობ მასზეო? კარგი, ბატონო პაატისტებო, დღეს ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ გავა დრო და მიხვდება ეგ კაცი, ფსონი რა პერსონებზე დადო, მერე მე არ მითხრათ, არ გაგვაფრთხილეო!

"ობიექტიველები" დაგვცინიან მგონი. დაირქვეს "პატრიოტთა ალიანსი" და სამი "კ" (კოკო გამსახურდია, კაკო ასათიანი, კახა კუკავა) მიიერთეს! კოკოს მაინც რისი იმედი აქვს? მაგას თუ ჰგონია, მამისშვილობის გამო მიიღებს ხმებს, ეგ ნაკლებად მოსალოდნელია! ჩვენ, ბატონო, თავის დროზე მაგ ფაქტორმა მოგვატყუა და კი მივეცით ხმა ალასანიას და სანიკიძეს, კაი ოჯახის შვილობის გამო! საინტერესოა, კაკო ასათიანი რით გვიპირებს მოხიბვლას? პრეზიდენტ გამსახურდიას რომ უჭირდა და კარდიოთერაპიისთვის ჭიათურელ სანაცნობოს მიაშურა, რომელი დიდი კარდიოლოგები იყვნენ მაღაროელების ქალაქში? კუკავას კიდევ რით არ მოჰბეზრდა ეს არჩევნები? ეს სამივე "კ", რომელიც თავის მხრივ კიდევ მოიცავს თითო "კ"-ს, ფატალური იქნება "პატრიოტებისთვის", თუ ჭკუა არ გამოლევია ამომრჩეველს.

მეჭიაურის პარტიასა და ინაშვილს, სავარაუდოდ, კარგი წინასაარჩევნო პლაცდარმი ექნებათ: ბერძენიშვილ-ხიდაშელ-უსუფაშვილის ამარა დარჩენილებს ორპროცენტიანობას წამოაყვედრიან, მაგრამ ამათი ურეიტინგობა მაგათ რას წაადგებათ?!

პ.ს. ირაკლი ღლონტს ეკითხებიან, "რუსთავი 2"-ის დაცვის მიზნით აჯანყებას რომ აანონსებ, სპარტაკის გამოცდილება უნდა გაითვალისწინო თუ ნინოშვილის "ჯანყი გურიაშიო"? მაინც გურული ვარ და ეს ბოლო აჯობებსო, თქვა ირაკლიმ და ჯანყის გეგმაც გამოამზეურა: დავით ბაქრაძე ჩანგლებით და კოვზებით აიღებს რკინიგზის სადგურს, კახეთის გზატკეცილზე ღვინიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ტრიბუნას დადგამს სათავო ოფისთან, ნიკა მელია აეროპორტს გადაკეტავს და სერგო რატიანი ფოსტა-ტელეგრაფს მოუვლისო. დანარჩენ წვრილმანებს "ჩვენ თვითონ" ავიღებთ ჩვენს თავზეო, - განაცხადა პაატა დავითაიამ და ბოლოს ჩაილაპარაკა სირცხვილით გაწითლებულმა: - მე თვითონ, მე თვითონ, აგერ საქართველომაც ხომ გაუტანა გოლი ესპანეთს და ეგებ მეც ვქნა ხილული სასწაულიო!