ჭორბიურო: მელიამ ჭორვილელ მაჭავარიანს სცემაო! კალაძეს კვირიკაშვილი არ "ევასებაო"!.. - კვირის პალიტრა

ჭორბიურო: მელიამ ჭორვილელ მაჭავარიანს სცემაო! კალაძეს კვირიკაშვილი არ "ევასებაო"!..

ამ ბოლოს პოლიტიკური პირები არაადეკვატურ და სასაცილო მდგომარეობაში ისე ცვივდებიან, როგორც ამფიბიები დიდი სიცხის დროს - ტბორში. სხვა რა შეიძლება იყოს "მემარჯვენეების", "გირჩისა" და ვაშაძის გაერთიანება? ერთმა "ფეისბუკელმა" ირონიით თქვა, ეს გაერთიანება მაგონებს ანდაზას: მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმათრიეო. იქვე განმარტა: მკვდრები ეს პარტიებია, სამარე - არჩევნების დღე და ძალიან მეეჭვება, სამარემდე მიაღწევინონ ერთმანეთს, სჯობს "საპიორნი" ნიჩბები მოიმარაგონ და გზადაგზა დამარხონ ერთმანეთიო.

როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" ამ სამეულის უდღეური გაერთიანება არ ადარდებს. თუმცა, დამოუკიდებელი, "ნაცმოძრაობის", "პატრიოტების", პაატას, "რესპუბლიკელების" კანდიდატები მაინც დგანან რიხიანად. რიხი არც სხვებს აკლიათ. ყველა თვლის, რომ 8 ოქტომბრის დასრულებისას ან უკვე პარლამენტარი იქნება, ან - ხმები მოჰპარეს. ხმების მოპარვაზე უკვე ალაპარაკდნენ ამ საქმეში ფრიად გამოცდილი პარტიის ლიდერები, მაგრამ ეს არაფერი! მთავარია, რომ წინასაარჩევნო ნერვიულობით ისეთ ფიზიკურ ფორმაში ჩადგებიან მოპუტკუნებულ-მოსუქებული კანდიდატები, შესაძლოა "მისტერ ვალენტინობაზეც" კი წარადგინონ თავიანთი კანდიდატურები!

ამომრჩეველი იმას დარდობს, სასურველი პოლიტიკური ძალიდან ჩვენთვის სასურველი კანდიდატი ცოტა შეარჩიესო. არ გეგონოთ, მარტო "ოცნებაზე" ამბობდნენ ამას! ამომრჩევლის სურვილს ნაკლებად რომ აქცევენ ყურადღებას პარტიაში, ეს ძველი ამბავია, მაგრამ მრავალლიდერიანი "ნაციონალური მოძრაობა" დიდ გასაჭირში ყოფილა! ხმა გავრცელდა, ნიკანორ მელიამ მიხეილ მაჭავარიანი გონების დაკარგვამდე სცემაო. საეჭვოდ მყარდება ეს ტყუილი თუ მართალი იმით, რომ კალკულატორიანი მიშა მაჭავარიანი კაი ხანია, არ გამოჩენილა ტელეეკრანზე თავისი პათეტიკური მსჯელობით! არადა, რა კარგი იყო "ნაცმოძრაობისთვის" ერთლიდერიანობა! იტყოდა სააკაშვილი და იყო კანონი ყველასთვის! ახლა ვინ გაიგებს, ვის რა უდევს გულში? ხედავთ, ბატონებო, რამდენად ცუდი ყოფილა პიროვნული დამოუკიდებლობა? თანაც, ამბობენ, მელიამ მაჭავარიანს წამოაძახა: არ დაგავიწყდეს, საიდან ხარ, შენც კაი ჭორვილელი ბრძანდები და გხეთქავ მუშტს გაპრიალებულ სახეზე, გასული საუკუნის 80-იანი წლების კომკავშირელს რომ გიგავსო!

ბარემ "ქოცებსაც" არ დავწყვიტოთ გული და ერთ ყურმოკრულს აქვე გეტყვით: შიდაპარტიული არეულობა არც სხვაგან ყოფილა უცხო. ამბობენ, რომ კალაძე ნამეტანი არ მოსწონს კვირიკაშვილს, - ნამეტანი შიდაპარტიული დამოუკიდებლობა მოინდომაო. ჭორად მომხვდა ყურში, სადღაც-სადღაც კალაძის მდიდარი სანაცნობო დამოუკიდებელ კანდიდატებად იყრის კენჭს და წარმატებულად აახევენ ხმებს "ქოცებსაც" და დანარჩენებსაცო. ალილო და ხვალაო, მოვა მალე 8 ოქტომბერი და ვნახოთ, ვის გაუთენდება "ელვარე და ლომფერი" დიდი 9 ოქტომბერი, რომელიც სრულ ნეტარებაში გადაისვრის არჩეულ კანდიდატებს.

პ.ს. კვირიკაშვილს "ნაციონალები" აკრიტიკებენ, "სიცოცხლე გრძელდებას" ინიციატივა რა გამოხდომა იყო, პენსიონრებს კი არა, ეკონომიკურად აქტიურ, 18-60 წლის შრომით რესურსებს ვერ ასაქმებთ, თქვე კუტუნიოზე უარესი ვანესა მეის მსმენელებოო. ახლა უკვე "ბეშუმელმა სპასაწელმა" კითხვა შეუბრუნა: თქვენი პროგრამა "ღიმილიანი საქართველოს" მიერ გაახალგაზრდავებულ ადამიანებს რომ ვუყურებ, მაგათი უმუშევრობა დიდი საცოდაობა იქნებაო.

პ.პ.ს. მაღალი რეიტინგებით თავგაბეზრებული პოლიტიკური ლიდერი ფიქრობს, თუ როგორ არ გახდეს ედუარდის ან მიშას მსგავსი და იყოს დემოკრატიულ ყალიბში მოქცეული. რჩევა რესპუბლიკელს ჰკითხა: თქვენ როგორ ახერხებთ დაბალპროცენტიანობასო? იმათაც მიუგეს: მიხვალ ბაბა იაგასთან, დაუკაკუნებ ქოხის კარზე და ჰკითხავ: ცოლად გამომყვები? ის გეტყვის "არას" და დაგაკლდება 10% ავტომატურადო.

ლიდერი წავა და ფიქრობს, მე ახლა მაქვს 70%, 20% რომ დამაკლდეს, ფაქტობრივად, საპარლამენტო სკამების ნახევარი ჩემია, ორჯერ ვთხოვ ცოლობას ბაბა იაგასო. მიუკაკუნა და ცოლობა სთხოვა. ბაბა იაგამ უარი უთხრა ცოლობაზე. პარალელურ რეჟიმში სოციალური გამოკითხვის შედეგებს ჩახედა "მთხოვნელმა" და მართლა 10%-ით იყო დაცემული რეიტინგი. მეორედ დააკაკუნა და იკითხა ბატონმა: ბაბა იაგა, ცოლად გამომყვები? აღშფოთებულმა ბაბამ გამწარებით იკივლა: არა! არა! არა! არა და არა! სოციალური კვლევა პარტიის მხოლოდ 10%-ს აჩვენებდა დღის ბოლოს...