არც გვირაბი გაუთხრია, ვერც ღრუბელ-ღრუბელ ფრენით შემოუღწევია - ჩაუქროლა ამ ოცნებამ "ნაციონალებს" ქარიშხალი "მეთიუსავით" - კვირის პალიტრა

არც გვირაბი გაუთხრია, ვერც ღრუბელ-ღრუბელ ფრენით შემოუღწევია - ჩაუქროლა ამ ოცნებამ "ნაციონალებს" ქარიშხალი "მეთიუსავით"

დასრულდა არჩევნები და ძალიან ბევრი მიხვდა, რომ ტყუილად იცემდა გულზე მჯიღს. ვარაუდები გამართლდა: პარლამენტის მანდატები "ოცნების", "ნაციონალებისა" და "პატრიოტების" ხელში აღმოჩნდა. არც ერთი მადლობელი არ არის ამომრჩევლის. "ოცნებას" მეორე ტური არ უნდოდა, "ნაციონალებს" მეტი ადგილის დაკავება სურდა (გივის აფეთქების მასშტაბის გრანდიოზულობაც, ვგონებ) და "პატრიოტებს" რა აღარ სურდა!..

ერთი, "ნაციონალებისგან" გამწარებული წერდა, "ქოცებს" არ უძებნიათ, თორემ გივის შავარშიაშემოვლებული, გადიდებული პორტრეტიც ექნებოდათ 5 ოქტომბრის 16 საათის აქციაზე წარსადგენად, როგორც მთავარი ატრიბუტიო. მართლა აკლდა 5 ოქტომბრის აქციას "ნაციონალური მარილი" - არც ზღვა ხალხი იყო და, მგონი, არც სატელევიზიო ანძა... კი გაიძახოდნენ, სულ ფულით ჩამოყვანილები იყვნენ მაგ აქციაზეო, მაგრამ არ მჯერა მე ეგ! არაერთი სპეცთანამშრომელი იქნებოდა შერეული 20, 30 და 50-ლარიან "აქციონერთა" შორის!

მიშა ტყუილების ლაპარაკს დასჩვევია! . არადა, რას აღარ ბოდავდნენ ტვინანთებული "ნაცები": სარფთან არის მომდგარიო, ბიძინას ტიტის ხის მარშრუტით მოცურავსო, მარუხის უღელტეხილთან დგას ისე, როგორც ბუხაიძე - მტრის წინააღმდეგო... ჩაუქროლა ამ ოცნებამ "ნაციონალებს" ქარიშხალი "მეთიუსავით"...

"ნაციონალების" საცოდაობას დაემატა სუიციდის ვერგაბედვაც. არც ნიკანორს მოუწია "მამიიი, მამიი, საყვარელო ჩემო მამიიი"-ს ძახილმა და არც ხუციშვილისგან დამარცხებული ბერძენიშვილი გადამხტარა მდინარეში. როგორც ჩანს, მდინარის წყლის სიმკვრივე, ტემპერატურა, მინერალების შემცველობა არ აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც იდეალურად თვლის ფილოლოგოსი ლევანი! თუ ბერძენიშვილი დაყვინთვას აპირებდა (ჩაყვინთვას არ ვახსენებ სპეციალურად, ჩა - ზმნისწინით საუბარი ბიძინას პრეროგატივაა!), სამაგიეროდ, უსუფაშვილმა პოლიტიკური ალპინიზმის მოკლე კურსი წაგვიკითხა! ჯერ ევერესტზე ასვლაა ძნელი, მერე უფრო რთული - ჩამოსვლააო, - ბრძანა დავითმა და მორჩილად შეეგუა ორპროცენტიანი პარტიის ლიდერის სტატუსს.

ბიძინასეული კოალიციის დანარჩენ წევრებს ხალხმა თვალნათლივ დაანახვა მათივე ელექტორატული ფასი: "პაჩტი" 1-პროცენტიანობა. "მრეწველები", რაც თავი მახსოვს, მარადმწვანე პარლამენტარები არიან და დაუყენეს პოლიტიკური შემოდგომა ამომრჩევლებმა. 26-მა ნომერმა "გუბაზ ი ევო კამანდამ" დიდი რიხით დაწყებული საარჩევნო კამპანია მოკრძალებულად დაასრულა: არჩევნებამდე ჩვენ ვიყვირეთ, ახლა თქვენ ითავცემეთ, რესურსები ამოგვეწურაო. მეჭიაურის პარტიამაც გაიბრძოლა მომაკვდავივით, მაგათ მოვუკვდი მე, სოლიდარულობის პრინციპით...

"გივიას ბომბის" პრინციპით, ნათელაშვილმა, ბურჯანაძემ, ბურჭულაძემ და არაერთმა სხვამ კი იმოქმედეს, მაგრამ რად გინდა: წინასაარჩევნო ხმაურს მათივე პოლიტიკური უკანალის მობრდღვნის მეტი არა მოჰყოლია რა!

გული არ დასწყდეს "თავდემებს" და ორიოდე სიტყვა, როგორც საჭირისუფლო გამოსათხოვარი, შევაწიოთ! ეგენიც კოალიციის პირმშოები არიან! ალასანიამ ისევ უმარილო გადაწყვეტილება მიიღო. ქართული პოლიტიკის ყველაზე ლამაზმა მამაკაცმა პოლიტიკური სუიციდი თუ ხარაკირი მოუწყო გოგუაძის იმედად დარჩენილ "კაბელიან" პარტიას და გორიდან გამობარგება გადაწყვიტა!

პ.ს. ალასანიას გორელი დიასახლისი ეუბნება: შვილო, ირაკლი, რად მიდიხარო? - რა ვიცი, ბაბო, აქ ავტორიტეტი დამეკარგაო... უხერხულად შეიშმუშნა მოხუცი: აქ, შვილო, თუ ვინმეს რამე მოჰყვება, არასდროს ეკარგებაო, და ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთხელ დაათვალიერა სახლი...