როგორ "მოინადირა" ბიძინამ მიშა, ანუ არჩევნების ქიმია და არითმეტიკა - კვირის პალიტრა

როგორ "მოინადირა" ბიძინამ მიშა, ანუ არჩევნების ქიმია და არითმეტიკა

დასრულდა არჩევნების მეორე ტურიც. ამოისუნთქა ხალხმა. გასამარჯვებლებმა გაიმარჯვეს, დასამარცხებლებმა წააგეს და თანდათანობით შევეგუებით, რომ მომავალ წლამდე ჩვენ ვართ უხმო და უენო ხალხი, წყნარად იქნებიან ზაირა და მაყვალა კოორდინატორებიც, აღარ გააკრავენ პლაკატებს და არც "ზაბროშკადამაგრებული" "რუსთაველები" გვამცნობენ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას!

დავაკვირდი და მივხვდი, რომ "ოცნების" გამარჯვებაზე მეტად "ნაციონალების" დამარცხება უხარია ამომრჩეველს! ვინ იფიქრებდა, ბიძინას გამოჩენამდე მიშა "უძლეველის" გაცამტვერებას? ახლა უკვე მიშა და მისი ცოლიც "პაბეგში" არიან, მაგრამ გეკითხებით, სხვადასხვა ქვეყანაში რატომ ბრძანდებიან, ნუთუ ოჯახური სიმყუდროვისათვის ამხელა გუბერნატორმა კაცმა ცოლს ექთანის ადგილი მაინც ვერ უშოვა ოდესაში? ან სულაც უცხო ენების მასწავლებლის პოსტი? როგორც სამეგრელოში იტყვიან, ბიძინამ "ქერძაფი", ანუ მჟავა გადაასხა ყველა პარტიას და მიშალ-მოშალა წარმატებულად! ესეც პოლიტიკური ქიმია! და გგონიათ, მარტო პოლიტიკური ქიმია ჩამოაყალიბა ბიძინამ? არა, ბატონებო, პოლიტიკური არითმეტიკაც, რომელიც საარჩევნო გეოგრაფიის მიხედვით იცვლება! მაგალითად, მთაწმინდაზე 41=42-ს, ხაშურში კი 19=41-ს! თავისთავად გეცოდინებათ, რომ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში "ნანაციონალარი" ენუქიძე ახლა უკვე "ქოცია!" ანუ 5=41-ს! ასე რომ, გახსოვდეთ, არ გაიკვირვოთ პოლიტიკური ტოლობა: 5=19=42=41 ზოგადად, პარტიებს სახელები აქვთ სხვადასხვა, თორემ შინაარსი ყველას ერთი აქვს - მოატყუონ ხალხი და სკამებზე შემოსკუპების მერე დაღრღნან სახელმწიფო!

ბიძინას თუ ასეთი დამანგრეველი შესაძლებლობები ექნებოდა, არ გვეგონაო, - სახტად არიან დარჩენილები პოლიტოლოგები. პაატა დავითაია კი ქირქილებს, ჩემს პარტიას რატომ ვერ შლისო, მაგრამ ერთკაციანი პარტია რანაირად დაშალოს ატომებად თუ მოლეკულებად? აგერ, ბატონო, ლამის 40-წლიანი "რესპები" ქორდაცემული წიწილების ბუმბულივით გაიფანტნენ და ალასანიამ კეკენაძის ქალს შეატოვა თავისუფლებაც, დემოკრატიაც და კინაღამ 5%-ს მიღწეული რეიტინგიც!

ახლახან ვიკითხე სოციალურ ქსელში, - მრეწველობა გადაარჩენს ხაშურს-მეთქი? - კიო, რამდენიმემ თქვა, ჯიგარი ვინმეა ახალი მაჟორიტარი, აქამდე ბეჭდაუდებელი ვალერი გელაშვილი მიწასთან გაასწორაო! ხალხის დამსაქმებელი, ჯვრის აღმმართველი, პატიმართა განმათავისუფლებელი, "ოცნებისა" მრეწველობით დამმარცხებელი, ინვესტორთა მცნობელი და ერთმა ისიც კი თქვა: "მრეწველიცაა" და "მეწველიცო"! ალბათ, ის გაიხსენა ამ უკანასკნელმა, როგორ დაჰკივლა ცხონებულმა ედუარდმა გოგი თოფაძეს: დაყაჭე ფულიო! ხაშურელი "მრეწველის" ქებას ერთმა ხაშურელმა ბოლო მოუღო თავისი კომენტარით ინდუსტრიალ მაჟორიტარს: "ხაშურელი ვარ და აქედან გამჭოლად ჩანს ყველაფერი. ხაშურელი ბიჭების დასაქმებას რაც შეეხება, ვინც წაიყვანა და თავის კერძო დაცვის სამსახურში დაასაქმა, რომელიც ნავთობსადენს იცავდა, "სალიარკის" ქურდებად აქცია. ზუსტად მაგიტომ სამუშაოს მძებნელთა რიგები იდგა მაგის ოფისთან. იმას არავინ უყურებდა, რომ გამოწერილი 700 ლარის ნაცვლად 300 ლარი უნდა მიეღო ხელფასი. ჯვარს რაც შეეხება, ნოზაძეების გვარის შემოწირულობით მოხდა მისი მონტაჟი. სხვაზე ცოტა მეტი მან გაიღო ალბათ, როგორც სხვაზე მეტად შეძლებულმა. უზბეკეთის ციხიდან სამბისტი ???-ს დროინდელი კავშირებით დაიხსნა, რადგანაც თვითონაც იმ სისტემის გამოზრდილია და თუ თავის ძველ კოლეგას რამე სთხოვა, არ ნიშნავს, რომ ტალეირანის ნიჭი აქვს. ნოზაძის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში მაღალჩინოსნობის დროს ორჯერ ააფეთქეს ქვეყნის პირველი პირი. თუ ინვესტორებს იცნობს და თუ ხაშური ასე უყვარს, სად იყო აქამდე, მოეყვანა, ვინ დაუშალა?"

პ.ს. ბიძინას ეკითხებიან, ეს იატაკქვეშეთში შექმნილი რესპუბლიკური პარტია რატომ მოასოდომგომორეო? ხალხის დაკვეთა იყო ასეთი, ხალხისო...