კომბლე მიდის სოლოლაკში და ბიძინას ეკითხება, - ჯეჯელავა აქ არისო? - ლარი, ტრამპი და... - კვირის პალიტრა

კომბლე მიდის სოლოლაკში და ბიძინას ეკითხება, - ჯეჯელავა აქ არისო? - ლარი, ტრამპი და...

როგორც ჩანს, მანანა კობახიძის პრინციპული სიჯიუტე ყელში ამოუვიდათ ზემოთ და კი დატოვეს მაღალი თანამდებობის გარეშე, თუმცა, დონალდ ტრამპის, ალექსანდრე ჯეჯელავას და ლარის კურსთან, ვის ემანანება ახლა?

დონალდ ტრამპი ზოგისთვის სამყაროს გადამრჩენია, ზოგისთვის - ქვეყნიერების დამაქცევარი და მისი შეფასება საქართველოს მხრიდან აუცილებელია: ჩვენ ხომ სხვის ომში ბრძენი ვართ! რაც შეეხება ლარს, "ქოცებმა" რა აღარ თქვეს! რემიქსი რომ შექმნა წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნებისთვის", იმ მუსიკოსმაც "დადო" ლარზე ანალიზი: მოსახლეობას დოლარით მეტი ლარი მოსდის, ეს დადებითი ეფექტიც არისო! გასაოცარია და ალექსანდრე ჯეჯელავამაც კი გაანალიზა ლარის მდგომარეობა, ლარის დასუსტებას მაკროეკონომიკური საფუძვლები არა აქვსო! დაგვხოცა ამ კაცის ანალიტიკურმა უნარებმა: კომბლე და ნაცარქექია უვარგისია, საზეპიროები არ გვჭირდება, "ავთანდილის ანდერძი" თამადობისასაც კი არ გამოდგება, გომბეშოს ჭამა კი კარგიაო! ამის მერე "ფეისბუკეთის" ქართველობამ ხელი კომბალს თუ კლავიატურას დაავლო და კინაღამ ქსელურად მოჟეჟა განათლების მინისტრი!

დააცადეთ ცოტაც და მალე ალბათ ჯეჯელავა იტყვის, რომ განათლების სისტემის უვარგისობის ბრალია, 2015 წელში 9 ათასზე მეტი ოჯახი რომ დანგრეულა სექსუალური პრობლემის გამო! და სად უნდა მოვძებნოთ პრობლემის სათავე, თუ არა ქართულ ლიტერატურასა და სექსუალური განათლების უქონლობაში?

ერთ მშვენიერ დღეს, არ გამიკვირდება, ჯეჯე თუ იკითხავს: აწვდის თუ არა ქართველ მოსწავლეს ქართული ლიტერატურა სწორ სექსუალურ განათლებას, თუნდაც "ვეფხისტყაოსნით"? გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ტარიელი უსექსობით იტანჯავს თავს, ისევე, როგორც თინათინი, ნესტან-დარეჯანი და ფრიდონიც! ავთანდილსა და ფატმანს ეს საკითხი როგორღაც მოგვარებული აქვთ, მაგრამ ავთანდილი არ არის იდეალური პარტნიორი, რადგან მისი პარტნიორი თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს და მასთან ურთიერთობისას არ იყენებს უსაფრთხო სექსისთვის აუცილებელ საშუალებას - პრეზერვატივს!

არც "აბოს წამება" ჩაჯდება ჯეჯელავას გემოვნებაში, რადგან მისი მენელსაცხებლობა არაფრის მომტანია ჩვენი მომავალი თაობისთვის, რადგან მისი ნელსაცხებლებით არც დონალდ ტრამპი იკაზმება, ვერც წამყვან ბრენდებს გაუწევს კონკურენციას მისი ინანთაული, ჩვენ კი კონკურენტუნარიანი პროდუქცია გვჭირდება მსოფლიო ბაზარზე დასამკვიდრებლად!

კონკურენცია და ჯანდაბა ჩვენს მთავრობას! რამდენ ხანს გვეყოფა "ნაციონალების" სიძულვილი მაგათი უნაირობის შემწყნარებლობისათვის?! "ქოცებმა" კი თქვეს, ტრამპის ფაქტორის გამო დოლარის კურსმა აიწია მსოფლიოში და აგერ ჩინური იუანის მსყიდველობითი უნარიც კი მაქსიმალურად დაეცაო. გასაგებია, ბატონო, რომ იუანი დაეცა ახლა, ოდესღაც უკრაინული გრივნა და თურქული ლირაც, მაგრამ ეს ლარი მუხლმოსუსტებული მოხუცივით წარამარა რატომ ეცემა?! გარე ფაქტორების გარდა ეგებ ვინმეს გახსენებოდა, რომ წინასაარჩევნო ბევრი ლარი გაიბნა მოსახლეობაში და არჩევნების მერე ინფლაცია ჩვეულებრივი ამბავია! ავი ენები ამბობენ, რომ თითო საარჩევნო ოლქში, მინიმუმ, ოფიციალურ სახელფასოდ "ქართულმა ოცნებამ" ნახევარ მილიონზე მეტი დახარჯაო! დავიჯერო, რომელიმე მაჟორიტარი ნახევარი მილიონის საფასურს გაუკეთებს თავის ამომრჩეველს?!

პ.ს. კომბლე მიდის სოლოლაკში და ბიძინას ეკითხება, - ჯეჯელავა აქ არისო? - არა, ბატონოო. - მაშინ ის დიდი ფარეხი რომ გაქვს, პარლამენტი რომ ჰქვია, იქ დავძებნიო! - არა, არა, იქ არ არის, აგერ ახლოშია, მინისტრთა კაბინეტშია, მყარადო! - მე თავი დამანებოს, თორემ კომბლები ჭერში ისევ მიწყვია და რბილ ადგილებში რომ დავცხებ, მერე მიხვდება, სასწავლო პროცესს რომ უნდა მიხედოს და არა - მეზღაპრეობასო!