პარლამენტი ბიძინასეულად, მრეწველობა ხაშურულად და "დაბოლება" ჯაფარიძისეულად - კვირის პალიტრა

პარლამენტი ბიძინასეულად, მრეწველობა ხაშურულად და "დაბოლება" ჯაფარიძისეულად

შეიკრიბა მეცხრე მოწვევის პარლამენტი და ამოვისუნთქეთ! საპარლამენტო უმრავლესობაში კი არიან "ქოცები", მაგრამ რამდენად მყარად არიან "მეოცნებენი"? ერთმა ხაშურელმა მრეწველმა ეგრევე გადმოიბირა რამდენიმე ბიძინისტი და ქართული ინდუსტრიის მამის, გოგი თოფაძის კალთას შეაფარა! არავის სჯერა ახლა მაგათი "მრეწველობის", მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ერთმა ხაშურელმა მაჟორიტარმა ფრაქცია შექმნა პარლამენტში სახელწოდებით - "ქართული ოცნება-მრეწველები". საკვირველია, ღმერთმანი, საქმენი ბიძინასი, რამეთუ გარეშე ნებისა მის ვითარ გამრეწველდებოდა იმ ხაშურელი "ატრიადის" ხუთი წევრი?

მოკლედ, ამ რუსული ორიენტაციის "ინდუსტრიალებს" ბედი აქვთ. სულ პარლამენტში არიან, ხოლო პროდასავლელი "რესპები" და "თავდემები" კი პარლამენტს მიღმა აღმოჩნდნენ! თუ მიაქციეთ ყურადღება, წინა "პროვოკაციაში" ხმა არ ამომიღია მიშაზე, მიუხედავად იმისა, რომ ათას რამეს ამბობდნენ: ექსტრადაციაო, მწვადების შეწვა ოდესაში და ღრიანცელი მისი დაპანღურების გამოო, ახლა, ბატონებო, ხაშური უფრო საკითხავია, ვიდრე ოდესა! ერთი ხაშურელი "მაკვარანცხი" მეუბნებოდა, - გინდა, ჩვენს მაჟორიტარს მოვუწყო ამბოხიო? დავინტერესდი დეტალებში და ასე მითხრა: - ეგ ამომრჩეველს დაჰპირდა, ხაშური-სურამის საზღვარზე მინის ქარხნის აგუგუნებას და იქ დაგასაქმებთ, ვინც მხარს დამიჭერთო. ახლა იმ დარღვეულ ქარხანაში "პაკრიშკებს" შევიტან, ცეცხლს მოვუკიდებ, ხაშურის ბაზარში ვიტყვი, "სტეკლოტარა" ამუშავდა და რა კარგიაო! მერე გაცვივდებიან ამომრჩევლები მაჟორიტარის ბიუროში და იქნება წიოკი, ჩვენ რად არ დაგვასაქმეო! ე მანდ ეგ არ გააკეთოს იმ ოხერმა, თორემ მრეწველი მაჟორიტარი კი არა, მთელი "მრეწველთა" პარტია არ ამოჟლიტონ მერე დაუსაქმებელმა ხაშურელებმა!

ისე, ვფიქრობ, "გირჩელების" პარლამენტს მიღმა დარჩენა უფრო დიდი საცოდაობაა, ვიდრე დანარჩენების, რადგან ეგენი დიდებულ საქმეს დააკანონებდნენ: მარხუანას დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაციას. თანაც, საახალწლოდ ფიქრობენ უკვე სამეურნეო წლის დაწყებას. ვერ ვერკვევი ნარკოაგრონომიაში, მაგრამ "პლანის" დათესვა რამდენად ეფექტიანია ცივი კლიმატის პირობებში? თუ მსუბუქი ნარკოთრობა გვიშველის და "მასტერკაა" გამოსავალი, ნუ შეუშლით ხელს: გამოთაყვანებამდე ბევრი აღარ დაგვრჩენია და ბარემ ჯაფარიძისეულად დავბოლდეთ! წარმომიდგენია, გაისად, ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველს რომ შესთავაზებენ პარტიები სლოგანებს: "მეტი პლანი - მეტი უკეთესი ხმა!" "ყველაზე კარგ პლანს გთავაზობთ ჩვენ!" "უპლანო ცხოვრება უგეგმობაა!" და ათასი რამ! თან, ამ დროს კანდიდატებიც დაბოლილები იქნებიან, ამომრჩევლებიც და კომისიის წევრებიც! ისე, კომისიის წევრების უნიფორმა ამ ბოლო დროს რატომაა მარიხუანას ფერში გადაწყვეტილი?! ფერითაც ხო არ "გვათაყვანებენ" ნეტავ? აი, ეს თუ მოხდა, მერე იხილეთ თქვენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სიმრავლე!

პ.ს. ბიძინას ეკითხებიან, - ეკონომიკა შემაშფოთებელ მდგომარეობაშია და რა უნდა ვქნათო? - ახლა მომისმინეთ, ანეკდოტს მოგიყვებით და ამით იხელმძღვანელეთო: ერთი ბიჭის მამა ეჩხუბება მეორისას 90-იან წლებში - სად ჯანდაბიდან მოგაქვს ამდენი შოკოლადი ბავშვისთვის ან მაგის საყიდელ ფულს როგორ შოულობ, გადარეულია ჩემი ცოლ-შვილი, საიდანაც გინდა, შენც მოიტანე შოკოლადიო... - ეჰ, რა ბრიყვი ხარ, დაბადებიდან შევაჩვიე, პური რომ მიმაქვს სახლში, ვეუბნები, რომ შოკოლადია და არა - პური. ჰოდა, ჰგონია, რომ შოკოლადს ჭამს და შენც ეგრე უნდა გექნაო... ასე, რომ სულ არაა საჭირო პლანი დასაბოლებლადო...

პ.პ.ს. ამჯერად "რუსთავი 2"-ის გამო გვარამიას საცოდაობით, ხმას არ ამოვიღებ...