ვინ მარიხუანას დასათესად ემზადება, ვინ - გასახდელად, ანუ როგორ მოვახდევინოთ ბოდიში "ფოთოლას" და მიქელანჯელოს "დავითს"?! - კვირის პალიტრა

ვინ მარიხუანას დასათესად ემზადება, ვინ - გასახდელად, ანუ როგორ მოვახდევინოთ ბოდიში "ფოთოლას" და მიქელანჯელოს "დავითს"?!

ორიოდე დღე მთელმა საქართველომ დაივიწყა ხელისუფლების უგერგილობა და სვანეთი მოექცა ჩვენი ყურადღების ქვეშ. ვიღაც რუდოლფ სისხლადუღებულმა მესტიის რომელიღაც სასტუმროს აივანზე შემოიძარცვა ყველაფერი, სარცხვინელზე ხელი აიფარა და მიეცა ფოტოგრაფიის ეშმაკს

მერე ხელი ეროტიკული ფოტოს გამოქვეყნების სატანამ დაჰრია და სოციალურ სივრცეში ააფრიალა სკანდალის საფუძველი. გაიყო ორ ბანაკად სრულიად ვირტუალური საქართველო: რუდოლფის საქციელს ერთნი ამართლებდნენ, მეორენი ამტყუნებდნენ. გამამტყუნებელთა ნაწილმა სადღაც გამოიჭირა იტალიელი "დავითის" უიღბლო მიმბაძველი და ფიცით ათქმევინეს, რომ მეტს ასე არ იზამდა! გამოჩნდა ფაქტის ფრიად კრიტიკულად შემფასებელიც და თქვა: საბრალოს, ჭკუაც პატარა ჰქონია, სიცივეში რამ გაახდევინა სამოსიო.

საბრალო რუდოლფს დიდი პასუხისმგებლობა ნამდვილად არ ჰქონდა საზოგადოების წინაშე, მაგრამ მაინც აგო პასუხი. საკითხავია, რატომ არავინ გამოჩნდა ისეთი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, როგორც არჩევით ორგანოს, აგებინებდა პასუხს? ამ საკრებულოს რამდენიმე ათეულმა წევრმა სულ ჰარიჰარალეზე დაამტკიცა მეტროპოლიტენის სადგურების სახელწოდებები. თურმე, წლის ბოლოსთვის მუნიციპალური ბიუჯეტის კორექტირებასაც სათავისოდ მისცეს ხმა და გამოიწერენ კიდეც პრემია-დანამატებს!

აბა, 7-მა სამინისტრომ რამდენიმე მილიონი რომ აითვისა ამ მიმართულებით, რა გააკეთა? ამათ, ბატონო, მეტროპოლიტენებს მაინც დაუდგინეს სახელები. კი არავინ ჰკითხავდათ, მაგრამ - მაინც! მოგეხსენებათ, ჩვენში ასეთი ანდაზაა: "ამაოდ ჯდომას ამაოდ სიარული სჯობს" და კი იმოქმედეს თავის საამოდ! აბა, საახალწლოდ, გაძვირებულ ბაზარში როგორ იყიდიან კანფეტს, ჩამიჩსა და ლეღვის ჩირს? ვიფიქრე, ნუთუ პირველებს დინჯ კახელ "მინიპარლამენტარებს" მოუვიდათ აზრად ასეთი რამე და არამკითხეობაში სხვამ არ დაასწრო-მეთქი? და აჰა, ახდა წინათგრძნობა, გურიას დაუსწრია! ოზურგეთის საკრებულოს არა მარტო მეტროპოლიტენის სადგურებისთვის დაურქმევია სახელები, არამედ - ნავსადგურებისთვისაც კი, ერთი წლის წინ. ამის მერე რატომ გვიკვირს ზუგდიდის საკრებულოს მიერ ფეხბურთელებისთვის გადაყრილი მილიონზე მეტი თანხა ან ხარაგაულის "ჩხერიმელას" სკანდალი?

სანამ რეგიონებში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, მანამდე კიდევ ერთი ნაბიჯით მივადექით ევროკავშირის ფართოდ გახსნილ კარს. ვიზალიბერალიზაციის სიომ დაქროლა და აგვევსო გული სიამით! აგერ, მარიხუანის დათესვის დრომაც მოაღწია, ერთი კარგად დავბოლდებით და სულ ფრენით შევალთ ევროპაში! მაგრამ საქართველოშიც ბევრი წამოვა ფრენით "პლანის" გასასინჯად და მე ამ დროს ხე უნდა მოვძებნო, ზედ რომ ავცოცდე, რამე თუ გასულთა და შემოსულთა ნაკადმა არ გადამთელოს! ამბობენ, ლიონია ბრეჟნევს ჯინა ლოლობრიჯიდამ სთხოვა: ძვირფასო ლეონიდ, ოღონდ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას მიეცი საზღვარგარეთ წასვლის უფლება და შენი "ტურფა" ვიქნებიო. რას ამბობ, ჯინა, ძვირფასო, ეგ რომ დავუშვა, მსოფლიოს მესამედია "სუსურუკუ" და აქ მე და შენ გარდა არავინ დარჩებაო! ანუ ამით იმას ვამბობ, ლიონიას რომ გაეხსნა საზღვრები, ცალმხრივი მიმართულებით იქნებოდა გასვლა, თუ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია-ლეგალიზაცია მოხდა, ჩვენი ავტობანი გაატარებს ორმხრივად ამდენ "დაბოლების" მსურველს?

პ.ს. სოციალურ სივრცეში წავაწყდი ამ ფრთიან გამონათქვამს: "აღდგომაზე ევროპელები იტყვიან - დაიცალა კონტინენტი სოფლელებისგან?"

პ.პ.ს. იმევე სოცქსელში ერთ ანეკდოტსაც წავაწყდი, სვანმა სპორტის სასახლესთან ბინა იყიდა და "ფოთოლას" ბოდიში მოახდევინაო...