დედა-დედოფლის გარშემო "თავვერმოყრილი" მიშასეული პარტიის წევრები, მაკკეინი, ორჯონიკიძის ასული და რაინდი შუბლაძე - კვირის პალიტრა

დედა-დედოფლის გარშემო "თავვერმოყრილი" მიშასეული პარტიის წევრები, მაკკეინი, ორჯონიკიძის ასული და რაინდი შუბლაძე

გავაცილეთ 2016 წელი. კი ამბობდნენ, მაიმუნის წელი იყოო, მაგრამ, მგონია, უფრო უბედურებისა და პირისაგან მიწისა აღგვის წელი იყო "ნაციონალური მოძრაობისთვის", "რესპებისა" და "თავდემებისთვის" და ვინ ჰქმნა ეს "მართალი სამართალი", თუ არა - ბიძინამ? ვაკვირდები 2012 წლამდელი საქართველოს 9-წლიან ისტორიას და ბოლო ოთხი წელი მართლა უკეთესია, მაგრამ არა - საკმარისი და საოცნებო.

მთავარი და სასიამოვნო (თუნდაც გამაჟრიალებელი) პოლიტიკური ფაქტი გასულ წელში "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა იყო. მართალია, ჯონ მაკკეინი ჩამობრძანდა სიტუაციის დასალაგებლად, მაგრამ გატეხილის უნაკლოდ გამთელება-შეწებება გამორიცხულია! მაგას ჯობს, ახალი პარტია შექმნან და ვინც იქ გაწევრდება, სწორედ ეგ იქნება ჭეშმარიტი მიშისტი! ეჰ, ჩვენო ვერცხლისწყალივით დაუდეგარო და დიდო შემოქმედო მიშა, რა დედაბოძი წაგვექეცი! შენ ყოფილიყავ საქართველოში და მერე ეჭიჭყინათ ამ უდღეურ და უხერხემლო, შენგან ხელდასხმულ გოგო-ბიჭებს! არ უშველა რებრენდინგმა "ნაციონალურ მოძრაობას", არც სანდრას აუწონავ-გაუზომელი ხმა აღმოჩნდა სირინოზის ვოკალის ძალის, თავი რომ მოეყარათ მიშასეული პარტიის გაფანტულ წევრებს დედა-დედოფლის გარშემო... კი ამბობდნენ, ვაშაძისა და ჯაფარიძის გამოცალკევება უკეთესი იყო "ნაცმოძისთვისო", მაგრამ სადაა დადებითი შედეგი?

იმდენად აებნათ თავ-გზა "ნაციონალებს", ვინ რას სჩადის, გაგება აღარაა. ბადრი შუბლაძე ასჯერ იგვემა და გაილანძღა მიშას გამო (კი ეკუთვნის მაგ კაცს "ნაცმოძისთვის" წამებული რაინდის" წოდება), ორჯონიკიძის ასულმა ისეთი ფოტო გამოამზეურა, ვეღარ გავიგეთ, ფიზიკური პოლიტიკური თუ ფიზიოლოგიური "კლიმატის" ბრალი იყო, თუ იმის გამო გააკეთა ეს, გახდილობა ერთობ რომ პოპულარული გახდა საქართველოში? იდეოლოგიური და საკულტო რწმენის დანგრევით უნდა ავხსნათ ეს ფაქტი ალბათ, სხვაგან სად უნდა იყოს აბა, ძაღლის თავი დამარხული?

გასულ წელს, თუ ქვეყანაში რამე ფუჭდებოდა, ყველა თითს ბიძინასკენ იშვერდა. ახიცაა მაგაზე. "კადრთუხუცესი" რომაა, რა გაუჭირდა 300 კაცის მოძებნა, რომ ქვეყანას პატრონი ჰყოლოდა? ლარიც თავზე დაგვემხო საყდრისივით, მაგრამ საახალწლოდ არ შეგვტყობია მაინცდამაინც უფულობა: იმდენი პიროტექნიკა დავუმიზნეთ ცას, მაგის ნახევარი თავის დროზე ცხინვალისა და სოხუმისთვის რომ გვესროლა, ნომერი პირველი მილიტარისტული სახელმწიფო ვიქნებოდით მსოფლიოში! მაგის გარდა, რომ ვუყურებ ალკოჰოლისა და მსუყე საკვებისგან დამძიმებულ სახეებს, უფრო მენტალურ გასაჭირზე უნდა მივიტანოთ ეჭვი, ვიდრე - მატერიალურზე.

რა წყალწაღებული ბედისანი ვართ, ვწუწუნებთ და მუდამ ხელისუფლებას ვაბრალებთ საკუთარ ბედუკუღმართობას, არადა, ეს ხელისუფლება ვისი მოყვანილია? მივდივართ საარჩევნო ურნებთან აღტაცებულნი, ვირჩევთ ზვიადს, ედუარდს, მიშასა თუ ბიძინას 90%-ით და მერე, რამდენიმე თვეში ამდენივე პროცენტი ვიწყებთ ხელისუფლების ლანძღვასა და გინებას, თითქოსდა გუგულის ფრთებზე (თუ ფეხებზე!) არ ეკიდოს ჩვენი უბედობა!

რას მოგვიტანს მამლის წელი? არც არაფერს, გარდა იმისა, რომ მოზოდიაქე ცაგარელის დირექტივებით გაბრუებულ ხალხს ექნება იმედი, რომ წელს აეწყობა ცხოვრება თავისით. არადა, მამლები კი დაგვცინებენ, მე მიყივლია და გათენდება თუ არა, სულ არ მაღელვებსო! მერწმუნეთ, ვიდრე არჩევანის გაკეთებას არ ვისწავლით და არ მივხვდებით, რომ ხელისუფლება დაქირავებული ადამიანების ჯგუფია, რომელიც უნდა გვემსახუროს, მანამდე არც მაიმუნის წელი მოგვშორდება და არც მაიმუნური ხელისუფლება!

პ.ს. გუგული მაღრაძეს ეუბნება ადა მარშანია: წამო, ქალო, ვიღაც პოლიტიკური კონსულტანტი გამოუგზავნია პუტინს ჩვენთვის, უნდა გვასწავლოს, როგორ ვმართოთ წესიერად ქვეყანა. ამბობს, ამის შემდეგ გამდიდრდება ქვეყანა, ყველა იქნება ბედნიერი და ფულიანიო! - ფულიანი და ბედნიერი რომ ვიქნებით, მერე რა მოხდება?! - რა მოხდება და ყველაფერი ფეხებზე გვეკიდება! - ადა, ვეღარ უნდა გაიგო, დიდი ხანია, რომ ისედაც ყველაფერი ფეხებზე მკიდია?