"მაუდ" გადაქცეული "საზმაუ" და სამხრეთი კავკასია - აზერბაიჯანელებს?! - ანუ მაგნოლიას გარდა, კიდევ ვის უნდა იყოს ბიძინასი?! - კვირის პალიტრა

"მაუდ" გადაქცეული "საზმაუ" და სამხრეთი კავკასია - აზერბაიჯანელებს?! - ანუ მაგნოლიას გარდა, კიდევ ვის უნდა იყოს ბიძინასი?!

"დეტსკი მირის" ხანძარი "გადავაგორეთ" და უცებ, საზმაუს გაუჩნდა ცეცხლი და ჭიაკოკონა. არ მახსენდება, ჩვენი ფულით ამ სულშენარჩუნებულ ტელევიზიას ვინმე ჰყავდეს მადლიერი, გარდა იქ დასაქმებული ხალხისა, მაგრამ შესაცვლელი რომ ბევრი რამეა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ორი აზრი არ არსებობს. მართლაც და, რა ტყუილად ვაჭმევთ პურს ამ ვითომ ჩვენს მთავარ მაინფორმირებელ ინსტიტუციას! ფაქტია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ მაუწყებელია და ქცეულია "საზმაუ" - "მაუდ"!

საიდან უნდა დაიწყოს "საზმაუს" რეფორმა? რა უნდა შეიცვალოს იქ: იატაკი, ჭერი და აპარატურა თუ გადაცემის ბადე? ყველაფერი შესაცვლელია! 2006-2016 წლებში 410 მილიონი ლარი გახარჯულა ამ საბრალო ტელევიზიისთვის და ვინმეს მოუვა აზრად, იკითხოს, რა ფინანსური რესურსი მოხმარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ძირითადი მოვალეობის განხორციელებას და რამდენი მილიონი ჩაიჯიბეს ვიღაც ტიპებმა?

ბუნებრივია, როცა ვასილ მაღლაფერიძე მიდის "საზმაუს" პირველ პირად, ისმის კითხვა: ეს ბიძინას სურვილი იყო თუ ბორდის? თუ ეს ბორდიც ბიძინასია? ან, ეგებ, თავად ბორდელებსა და "საზმაუელებს" უნდათ, იყვნენ ბიძინასი? რატომღაც მგონია, ეს ბოლო უფრო სწორია! ხალხისა რა უნდა გაგიკვირდეს, აგერ მაგნოლიაც კი სიმღერ-სიმღერითა და გოგმანით მიდის ბიძინასკენ! არ გეგონოთ, მილიარდერს ვადანაშაულებდე რამეში. საზოგადოებას რატომ უნდა აღელვებდეს უფრო მეტად ბიძინას ბაღი და არა - საერთო-საზოგადო საქმეები? მაგ კაცმა მილიარდები უჩვენოდ მოაგროვა და ახლა უნდა მაგნოლიას დარგავს, უნდა - პრასს! ან სულაც - ორივეს!

"საზმაუს" რეფორმირებას ვითომ შეძლებს შალვას მიერ დაბლაფერიძედ მონათლული ვასილი? კი ბატონო, მედიაგამოცდილებაც აქვს, მრჩეველიც გამოცდილი აუყვანია, მაგრამ "მაუდ" გადაქცეული "საზმაუ" როგორ უნდა იქცეს ხალხის ტელევიზიად?

ეს "საზმაუ" ისეთი თემაა, მაგაზე კიდევ მოგვიწევს საუბარი, ჯერ წყალნი წავიდნენ და წამოვიდნენ და ქვიშანი დარჩეს! ეგ ქვიშა, როგორც მანანა ნაჭყებიამ ბრძანა, "20/30"-ელი ჟურნალისტები იქნებიანო! აბა, სად უნდა წავიდნენ ეგენი? ყანას ხომ არ მიაშურებენ და ევროკავშირის ქვეყნებს - მომვლელებად?

თინა ხიდაშელმაც ბრძანა, ამათი (ალბათ "რესპებგამოკლებული" "ქოცების") მარტო დატოვება არ შეიძლება, საქმეს აფუჭებენ მუდამო...

"საზმაუ" იქით იყოს და ეს ვიზალიბერალიზაცია ერთობ დიდი მოტივატორი აღმოჩნდა ქართველებისთვის. "ფეისბუკზე" ღლიცინებდნენ, ვინც მხარი არ დაუჭირა ვიზალიბერალიზაციას, მაგათთვის ცალკე უნდა გამოვწვრთნათ ქართველი მომვლელები, "აბაროტი" რომ ავუღოთ და სიბერე გავუმწაროთო! პარალელურად, დავიწყეთ ისეთი ფრაზების თარგმნა ევროპულ ენებზე, როგორიცაა: "ბოტასი ეფათ", "მზით დაცვითეთ", "ცეცხლი ჭამა შენმა პირმა", "ეკაიფე ჯოდასენს", "შენი კუბო დავდგი ზალაში", "სანამ დამადეპორტებ, სულს ამოგხდი" და მისთანანი! მე ახლა საზმაუზე უფრო მეტად მაინტერესებს, რას წავიღებთ ევროპაში კოპიტნარის აეროპორტიდან... ხაშურელებმა, ჩვენ ჰამაკებს გავიტანთო, სურამმა - ნაზუქებიო, კახელებს ჩურჩხელები მიაქვთ, გორელებს - ვაშლი და ჭიათურას - შავი ქვა! არც შავ წყალს დავიშურებთ ანგელა მერკელისთვისო, რომელიღაც სამთოელს უთქვამს...

პ.ს. გამოითქვა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების მერე კავკასიაში ქართველები დაიხოცებიან სიამაყით, სომხები - შურით და მთელი სამხრეთი კავკასია რჩებათ აზრბაიჯანელებსო...