"წარღვნა იწყება, დადექით "რუსთავი -2"-თან ერთად!" - ჭირი იქა, ლხინი აქა, შორენა იქა და ოქროს თევზიც იქა... - კვირის პალიტრა

"წარღვნა იწყება, დადექით "რუსთავი -2"-თან ერთად!" - ჭირი იქა, ლხინი აქა, შორენა იქა და ოქროს თევზიც იქა...

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" და ია ანთაძის ხელფასის ოდენობა ვიღას ახსოვს. მისწიეს გვერდით ეს საკითხი.

სამაგიეროდ, წინ წამოიწია "რუსთავი 2"-ისა და დეკანოზ მამალაძის საქმეებმა. ჯერ ციანიდს "შევეწიოთ" ორი სიტყვით: შოთაძემ მოგვახსენა, რომ დაგეგმილი იყო მაღალი იერარქის მოწამვლა, ამის მერე გამოცვივდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები: არიქა, პატრიარქი გადაარჩინა ჩვენმა მაღალპროფესიონალურმა სამსახურებმაო. ეს "რეჩი" პრემიერმა "სპასატელის" სახით თქვა, ძიძიგურმა - აცრემლებული ბავშვის მიმიკით და ბესელიას პათოსში ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვარ, რომელმაც ბრძანა: თქვენ რომ გგონიათ, იმაზე მეტ ინფორმაციას ვფლობ, ვიდრე გგონიათ და ნაკლებს ვლაპარაკობო!

პროკურატურისა და ხელისუფლების პოზიციები რომ ასცდა ერთმანეთს, ამაზე ნუ ვიდავებთ. ახლა ამ ყველაფრის "გაპრავებაც" აღარ გამოსდით, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მამალაძეს გაჰქონდა ციანიდი საზღვარგარეთ ან ამის გამკეთებელი არ იყო და "ჩაუდეს", მაგრამ რისთვის?

ეს უნდა ვიკითხოთ! ერთი ფრიად სანდო ადამიანი ამბობდა, რომ დეკანოზი გიორგი თავის დროზე ბათუმში საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდაო (მგონი "პარიჟანკა" სალომეს პარტიის ნომერს ამოფარებულ სუბიექტისას) და ორი თვე მიწევდა მასთან ურთიერთობაო... დანარჩენი ციტატაა: "ეს იყო ფარისეველი, ანაფორიანის კლასიკური ტიპაჟი, გაგიჟებული ფუფუნებაზე. ბილწსიტყვაობა ეხერხება სასწაულად და კატასტროფულად ისტერიკულია. ერთ-ერთი ასეთი ისტერიკული შეტევის დროს, ფეხებს ჰაერში რომ იქნევდა და ილანძღებოდა, მოვახსენე, რომ იყო ნაგავი და წამოვედი".

არანაკლებ საიმედო ადამიანმა კი განაცხადა, კარგი სულიერი მოძღვარი იყო ჩემი და ვერ წარმოვიდგენ მაგისგან ციანიდის ტრანსპორტირებასო. ამას მოჰყვა მერე საპატრიარქოს მაღალსამღვდელოთა დაპირისპირება და წამოძახებანი, ვინ რას ფლობდა! ქვეტექსტად მაინც ის გაისმოდა, ვის ვის, თუ არა მე, ვის ეკუთვნის პატრიარქის მანტიაო! როგორც ჩანს, რჩეული თვისება - მოთმინება - არ ეყოთ ქვესკნელსა და ზესკნელს შორის შუამავლებს... როგორ დასრულდება ეს ამბავი? პატრიარქი დიდსულოვნად აპატიებს შემცოდეებს და ჭირი იქა, ლხინი აქა, შორენა იქა და ოქროს თევზიც იქა...

აბა, ვიღას გაახსენდება ცოტა ხანში მიშას "ნაციონალების" მოთხოვნა - შოთაძე განიწიროს ან ბოკერიას ევროპული ფრთის ოთოს შეძახილი - მხოლოდ ბიძინა აცვით ჯვარსო?! მგონია, დრო მოვიდა, ვინმემ თქვას, რომ მორჩა კინო ციანიდზე და სხვა რამეზე გადავრთოთ ჩვენი გონება. აი, თუნდაც, "რუსთავი 2"-ის ამბებია ახლა საინტერესო!

"ნაციონალური მოძრაობის" რუპორმა, "რუსთავი 2"-მა ორი დღით ეთერი გათიშა (ალბათ გვარამიას არ უნდა, რომ დაავიწყდეს, როგორ ითიშება ტელევიზია) და დემოკრატიული და თავისუფალი სიტყვის დაცვის მიზნით გასულ კვირას აქციაც მოაწყო. პათოსი ისედაც რელიგიური გვქონდა და ნეტავ გენახათ ქადაგად დავარდნილი "რუსთავიორელების" ლოზუნგები: "წარღვნა იწყება, დადექით ჩვენთან ერთად!" - იკივლა მაია ასათიანმა და იქვე გამიჩნდა კითხვა: ნეტავ, კიდობანი აქვს შეკრული?! უფრო მეტი კითხვის ნიშანი უნდა დაესვას ნიკა გვარამიას ნათქვამს: "ჩვენ არ ვემსახურებით არც ერთ პარტიას", რომელმაც მაყვალა და ზაირა კოორდინატორები სახტად დატოვა - აბა, ჩვენ აქ ვისთვის ან რისთვის ვართ მოსულები, ყველა სიტყვა და დემოკრატია ენაცვალოს ჩვენს მიშას და "ნაციონალურ მოძრაობასო"...

გიგი ნამერალი კი იყო მისული აქციაზე, მაგრამ ვიღას ახსოვს ერთ დროს მისი პოპულარობა და სუპერსტარობა? ერთი "ნაციონალის" შეფასება ამ ფაქტისა ასე მოხდა: "ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, ჩემი გიგი ციხეში მოკლეს! თქვენმა გიგიმ თავი მოიკლა! დღეს ის იდგა და მზერით იხვეწებოდა ყურადღებას იმ ხალხისგან, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მისგან თუნდაც ერთი ხელის დაქნევით ბედნიერდებოდა. დღეს უგულავას სახეზე ედო "41" ელფერი და საერთოდ აღარ ჰგავდა საკუთარ თავს! სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, პატიმრობა სახელოვანი"!

პ.ს. ბიძინას ეუბნებიან, მილიონერთა არათანაბარი რაოდენობაა პარლამენტში: 37 "ქოცია" და 4 ოპოზიციაო. - ვააჰ, რა საოცნებო ჯამი გამოდის ამ მილიონერებითო, - გააკეთა სწრაფი ანალიზი მილიარდერმა...

პ.პ.ს. ორი ცინიკოსი საუბრობს "რუსთავი 2"-ის აქციაზე: - ამ აქციით რა გაკეთდა? - როგორ არ გაკეთდა, ზოგმა ნაცოლარი ნახა, ზოგმა - ნაქმრევი, ზოგმაც სულაც მომავალი მეუღლე დააპერსპექტივაო...