ხოხბები და ტურისტები, ანუ შიგაჩაძირვები, წინ გადახტომები, "ახლობლების" შეწუხებანი და გარანტირებულ სკამზე ფიქრი და ოცნება - კვირის პალიტრა

ხოხბები და ტურისტები, ანუ შიგაჩაძირვები, წინ გადახტომები, "ახლობლების" შეწუხებანი და გარანტირებულ სკამზე ფიქრი და ოცნება

პრეზიდენტი და პარლამენტარები ვეტოს დადებითა და ვეტოს დაძლევით იქცევენ თავს, მაგრამ დანარჩენებმა რა ვქნათ? "ნაციონალებსაც" არა უშავთ, ეგენიც ნახულობენ საარსებო წყაროს, არც "რუსთავი 2"-ს აკლია საღლიცინო თემები და რატომ? იმიტომ, რომ უფხო და უმარილო ხელისუფლება გვყავს!

მიშას დროს ერთ ვერტიკალზე რომ იმართებოდა ქვეყანა, ისე აღარაა ახლა, რაც არც ისე სასურველი ყოფილა! ვისაც რა უნდა, იმ სისულელეს ყრანტალებს! ჯერ იყო და ვიზიტორების რაოდენობით სცადეს დაბოლება, მაგრამ ეგეც არ გამოუვიდათ კარგად! 6 მილიონი სტუმარი თუ ერთ წელში შემოვიდა ჩვენთან, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ერთი მოქალაქის გვერდით 1,5 "ინასტრანეცი" ყოფილა და ვერ შეგვიმჩნევია!

ვითვალე, ვითვალე და ამერია სათვალავი, რამდენი კაცი შემობრძანდა საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან! სულ 20 პუნქტი გვაქვს და წუთში, როგორც ერთმა მადლიან-კალკულატორიანმა დაითვალა, წუთში 11,41 კაცი შემოდიოდა ჩვენთან! ბატონ კვირიკაშვილს მინდა, აქვე პროვოკაციულად ჩავეკითხო: ეგ 6 მილიონი უკანვე წავიდა, თუ დარჩნენ საქართველოში? ალბათ, გავიდნენ! ანუ, სინამდვილეში უცხოეთის 22 მოქალაქეზე მეტს ატარებდნენ "ტუდა-აბრატნა", წუთში ჩვენი გამშვები პუნქტები! არ მჯერა მე ეგ!

2008 წლის აგვისტოს ომისას ვერ გაატარა ასე დიდი ოდენობით დამფრთხალი "ნაციონალები" და ახლა დინჯად მოარულ ვიზიტორებს რა სიჩქარის ბუზები დაასხდა?

ერთი მოპროვოკატორო ნაცნობი მყავს (აი, პენსიაში რომ გავალ, ჩემს ბლოგსა და მეთაურ სტატიას "გზაში" მაგას დავუტოვებ, ანდერძით!) და ეგ საჯაროდ არცხვენდა "ქოცებს": "ბიჯო, ტურისტების თვლა თქვენ არ იცით, ბათუმზე მიყენებული ზარალი ერთ ხელზე დაითვალეთ თუ "ჩოთქზე"? 150.000 ლარი როგორ იყო "გორული ზარალი" ბათუმში, როცა ჯერ მარტო "პატრულოვსკაია" შკოდა 25-30.000 დოლარი ჯდება, (თან 7 მოსრეს), ამას მიუმატეთ მე(ვ)ორე ხელიც და უბრალო მოსახლეობის საბრალო მანქანებიც, შუქნიშნებიც და ამოთხრილ-გადაღუნული საგზაო ნიშნებიც... გადადით კალკულატორზე, რააა! ახლა მივხვდი, რად არ დაეტყო საქართველოს ეკონომიკის 5%-იანი ზრდა. ალბათ ყველა შემოსულსა და გასულს თითო ბოთლ ღვინოს ჩუქნიან და "იკრა"-კარაქიან პურებს ახვედრებს ხელისუფლება ვიზიტორებს!

აი, როგორ უნდა მოიზიდო ტურისტი! ჯერ უნდა მისცე ბოთლით ღვინო ტურისტს, მერე უნდა "იკრა"! სამი თვე მკვდარი სეზონია ტურიზმისთვის, 6 მილიონი ტურისტი, 90 დღეზე რომ გაითვალო 66 666 ადამიანია დღეში. 444 თვითმფრინავი მაინც უნდა დაჯდეს დღე-ღამეში, აეროპორტებში! მოდი, შევამციროთ და ყოველდღე "ჩამოვიყვანოთ" დღეში 16 440 ტურისტი და დღეში 115 თვითმფრინავი, მაგრამ ეგეც ბევრია! ძაალიან შევამციროთ და მცირე და დიდბიუჯეტიანი ტურისტის დანახარჯად ავიღოთ ერთ კაცზე 100 დოლარი! მაპატიეთ, ეს რიცხვი ჩემმა კალკულატორმა ვეღარ დაიტია!

ვფიქრობ, 5 მილიონი ვიზიტორი მაინც გვყავდა გასულ სამეურნეო წელში, მაგრამ ამ "ნაციონალურ" რიცხვს ხომ არ იტყოდა ბატონი კვირიკაშვილი? აი, "ქოცური" 41 მილიონი კი ძალიან ბევრიაო და დააბრეხვეს 6 მილიონი! მალე ეგ ტურისტებიც დაგვავიწყდება, საეკლესიო სკანდალის არ იყოს, რადგან წინ ადგილობრივი არჩევნებია.

არ მოგიკვდეთ გულით საყვარელი, ჩემო კარგებო, "არაორმოცდაერთებმა" მაგ არჩევნებზე თუნდაც ერთი არჩევითი მსუყე ადგილი დაითრიონ! უბრალოდ, ახლა "ოცნებაში" იქნება შიგაჩაძირვები, წინ გადახტომები, "ახლობლების" შეწუხებანი და გარანტირებულ სკამზე ფიქრი და ოცნება! თბილისის მერობას ვინ აღარ დაუმიზნებს, მაგრამ "ქოცრჩეული" მხოლოდ ერთი იქნება და უკვე აჭარტალდნენ, კალაძე იქნებაო! ჯერ ერთი, ევროპული წარსული აქვს, მეორეც - სამტრედია კოკზე აღმოსავლეთით მდებარეობს და თბილისელებს ეტყვიან, აი, ბატონებო, თანდათან გიახლოვდებით დედაქალაქელებს და ნახევარი საუკუნის მერე "იმენნა" ხოხბის ნაშიერს" წარმოგიდგენთ კანდიდატადო! თან როგორ ემთხვევა კალაძე და კალაუბანი პირველი ორი მარცვლით, ესეც ნუგეშია დედაქალაქელებისთვის... მართალია, კალაძეს "ცუდად" წამოსცდა აჭარლებზე "ეთნიკური ჯგუფი", მაგრამ ავტოგოლების "მაესტროსგან" ეგ მე არ გამკვირვებია!

პ.ს. ბიძინა ყიდულობს დენდროლოგიური პარკისთვის გურული გლეხისგან მუხას, 50 ათას დოლარად. გამყიდველი გლეხი მოთქვამს: აი, ჩემი მამაჩემი თლა აბდალი იყო, რად მინდოდა ამოდენა თხილნარი და ციტრუსები, ან ადესეი და ჩხავერი? დეერგო ჩემზა კიდო ხუთი ძირი მუხა და ჩემს ბედს რუსთაველის ავთანდილიც კი შენატრებდაო!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს