ჟურნალისტებს - "რუსთავი 2", 'წითელ" ინტელიგენციას - "პოპსასაფლაო" და სიმაღლეზე დამარხვა, ანუ რა "ტეხავს" და რა "ასწორებს?" - კვირის პალიტრა

ჟურნალისტებს - "რუსთავი 2", 'წითელ" ინტელიგენციას - "პოპსასაფლაო" და სიმაღლეზე დამარხვა, ანუ რა "ტეხავს" და რა "ასწორებს?"

ღმერთმა კარგად მიმყოფოს ჩვენი ხელისუფლება და მისი ოპოზიცია თავისი საინფორმაციო-პროპაგანდისტული საშუალებებით, რამეთუ ისინი მაძლევენ იმის საშუალებას, რომ ვწერო პროვოკაციები და მყავდეს მკითხველი - ეს "პროვოკატორის" პოზიციიდან, თორემ მოქალაქეობრივად მინდა, საპროვოკაციო არაფერი იყოს ქვეყანაში! გახედავ, პრეზიდენტი, ბიძინას ხათრით ხმამიცემული, სკამზე კარგად მორგებული, ისე უყურებს მთავრობას, როგორც უწინ ლენინი ბურჟუაზიას! ბატონმა ბიძინამ მაინც სად იპოვა ეს ვაჟბატონი? შესაშურია მარგველაშვილის სიდინჯე და გაწონასწორებული კომენტარები, მაგრამ რა ვუყოთ მისი ოჯახის წევრებისა და მათი ახლობლების თავგადასავლებს? ქუჩურად თუ ვიტყვით, "კაკ მინიმუმ, ტეხამს!"

"ტეხავს" სასულიერო წრეების დაპირისპირებაც, მაგრამ მანდ წყნარდება სიტუაცია, სულიერების მთავარი მტერი თითქოს მარტო დეკანოზი მამალაძეა და განტევების ვაცის პოზიციით კი ლესავს "ვირის აბანოს" - სადემონსტრაციოდ და სანიმუშოდ დასჯილი! სამაგიეროდ, არ "ტეხავს" და "ასწორებს" ყარამანიშვილების ხელგაშლილობა! ჯერ ეს ყარამანიშვილები სულაც არ გვეგონა რეალური ადამიანები და დახეთ, უცებ ბრძანეს, "რუსთავი ორი" უნდა მივცეთ ამავე ტელევიზიის ჟურნალისტებსო! საინტერესოა, როგორი გადანაწილებით? თანაბარი წილებით იქნება, თუ სხვა რამეებსაც მიექცევა ყურადღება? მიშას ერთგულების ხარისხი, სტაჟი, წონა, სქესი, სიმაღლე იქნება გათვალისწინებული? ეგებ და გვითხრან ყარამანიშვილებმა, ჟურნალისტების გარდა მანდ არიან ტექნიკური პერსონალიც და იმათ რა? თვის ბოლოს თითო ლარს აკრებენ ჟურნალისტები და დაურიგებენ ოპერატორებს, პროდიუსერებს ან დამლაგებლებს?!

ისეთი სუნი ასდის ხალვაშის პოზიციებს, ეგ წაიღებს მაგ ტელევიზიას (დაწერა კიდეც "ფეისბუკზე" ზუსტად ასე: "მაინც ამოვთხრი") და რა ენაღვლებათ ახლა ძმებ "ყარამაზოვებს" (დოსტოევსკის ალიტერაციაა, მკითხველო), ქიბარის ქონებით თუ მოიმადლიერებს გვარამიას ჰამქარს! ერთი ჭკვიანი კაცი წერდა "მათ (ყარამანიშვილებმა) ძალიან კარგად იციან, რომ სტრასბურგის კი არა, საპლანეტათაშორისო სასამართლოც კომპანიას ქიბარ ხალვაშს დაუბრუნებს და თუნდაც ამ მიზეზის გამო, მათთვის "რუსთავი 2" ძალიან დიდი ტვირთი და თავის ტკივილია.

თავი დავანებოთ იმას, რომ კომპანიის "მფლობელების" პასიურობა მათი "კანონიერი ქონების წართმევასთან" დაკავშირებით საკმაოდ უცნაურია (ახლა არ დამიწყოთ, ნამეტანი დასავლური ტიპის ბიზნესმენები არიან და საქმეს ცივილიზებულად, გენერალური დირექტორის და ადვოკატების მეშვეობით აგვარებენო), უბრალოდ, საინტერესოა, რა მოგება ნახეს "რუსთავი 2"-ისგან ამ წლების განმავლობაში. შემოსავლის სახით რა თანხები ჩაირიცხა "რუსთავი 2"-იდან მათ პირად ანგარიშებზე?" გვარამია კი ესაუბრება კატეგორიული ტონით ამ ყარამანიშვილებს თავისი "ხელის ბიჭებივით", თან ისეთი სახით, რომ შეეძლოს, ბიძინას და მის ყველა მიმდევარს ერთბაშად დაასამარებდა! სამარის ხსენებამ, ჯვარი აქაურობას, პანთეონის საკითხი გამახსენა.

რამდენი "წითელი ინტელიგენტი" დარდობს დიდუბის პანთეონის დახურვას! დამერწმუნეთ, ადრეულ სიკვდილზეც ბევრი დათანხმდებოდა, ოღონდ "პოპსასაფლაოზე გაეჩითა ადგილი". კრეატიულობაში ქართველს ვინ აჯობებს, სწრაფად მოიძებნა გამოსავალიც, ამოვთხაროთ რამდენიმე ნაკლებად "საზოგადო მოღვაწე" ან სულაც მარტო "მოღვაწე" პანთეონიდან და სიმაღლეზე დავმარხოთ ეს სიკვდილის მერეც "მანია ველიჩიით" (შეგნებულად არ ვამბობ "მანია გრანდიოზას") შეპყრობილი ხალხი! "ამოთხრილი" არ დაგვავიწყდეს, ისიც სიმაღლეზე უნდა დავმარხოთ! განა ლენინები არიან, მიწა არ ვაღირსოთ!

P.S.ბიძინა უყვება ანეკდოტს მარგველაშვილსა და ნარმანიას: სასადილოდ წასულმა ბუღალტერმა, მდივანმა და მენეჯერმა ძველი ლამპარი იპოვეს. მოულოდნელად, ლამპრიდან ჯინი გამოვიდა და განაცხადა: - თითოეულ თქვენგანს თითო სურვილს შევუსრულებ.

- მე ვიქნები პირველი! - დაიძახა მდივანმა, - მინდა, ახლა ვიყო ბაჰამის კუნძულებზე კატერში და არაფერზე ვფიქრობდე. მდივანი გაქრა.

- შემდეგი მე ვარ! - თქვა ბუღალტერმა, - მინდა, ვისვენებდე ჰავაის პლაჟზე, მასაჟის, ტკბილი კოქტეილის მარაგის და საყვარელი ადამიანის თანხლებით! ბუღალტერიც გაქრა.

- ახლა შენი ჯერია - უთხრა მენეჯერს ჯინმა.

- მე მინდა, რომ სადილის შემდეგ, ის ორი თავხედი ოფისში დააბრუნო.

მორალი: იცოდეთ, როცა ვალდებულება გაქვთ ვინმეს წინაშე, ვალდებულება ძმრად წაგდინდებათ ცხვირში!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს