შუაშისტის წლის ანალიზი: მიშას ქალებს უმალავდნენ, ბიძინას - ხეებს! - კვირის პალიტრა

შუაშისტის წლის ანალიზი: მიშას ქალებს უმალავდნენ, ბიძინას - ხეებს!

დიდებული კვირა გვქონდა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ბიძინას ნაყიდი წიფელი გადაუტყდა! ოჰ, რა გულწრფელი აღტაცება გამოიწვია ამან ანტიბიძინისტურ წრეებში! რა გახარებთ, თქვე ჯიბრიანებო, თქვენა? განა წიფელი დაილია ამქვეყნად, ან ბიძინას ფინანსები? საქართველოს ტყეების ნახევარი წიფელს უჭირავს და მთელი ქვეყანა კიდევ - ბიძინას!

ხეების გადარგვა-გადმორგვას არ ვჩივი. რა ჩემი საქმეა, ვინ რას ყიდის ან ყიდულობს? ნამეტანი ცუდად გვაქვს საქმე ქვეყანაში! მარტში, მართალია, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა (საკრალურად 6 მილიონი რომ გამოგვივიდეს წლის ბოლოს ისევ!), მაგრამ ქვეყანას არ ეტყობა არაფერი! ერთმა ჭკვიანმა კაცმა ეს არდატყობა მარტივად ახსნა: იმპორტული პროდუქტებით ვემსახურებით ვიზიტორებს და ფულის უმეტესი ნაწილი ისევ საზღვარგარეთ გადისო! კაი, ბატონო, ნაწილი ხომ გვრჩება? ეგეც ნუგეშია!

აგერ, ქუთაისში კვირიკაშვილმა გახსნა სასტუმრო და იქ რომ უცხოელები მილიონებს დაგვიტოვებენ, მაგ მილიონებით ქუთაისის პორტი ავაშენოთ! თანაც, ბატონმა პრემიერმა დიდი ამბით გვამცნო, 365 დღეში კოპიტნარის აეროპორტის მახლობლად რკინიგზის სადგური გვექნება და ამას აღვნიშნავთო! მშვენიერია! დაწყებას აღვნიშნავთ, პირველი რელსის დადებასაც ზალპით ვიზეიმებთ და პირველი მატარებლის გავლას ხომ აღფრთოვანებულები შევხვდებით!

ცალკე პატარ-პატარა "ზეიმუკები" იქნება ისრების, სემაფორებისა და განძელების დამაგრებისას. ასე ტაშ-ფანდურაში გავატარებთ 20 ან 30 წელს! კვირიკაშვილი თავისი ამალით ივლის ევროკავშირის ქვეყნებში, წაიყვანს ორიოდე სტუდენტს, საზღვარგარეთ ათასჯერ ნამყოფ ჟურნალისტებს და დავდგამთ პოტიომკინის სოფლებს ლიხს იქით და ლიხს აქეთ! ისე, მიშას დროს ყველა ქალაქში იყო ტრიბუნები, იმედია, თადარიგიან "გაქოცებულ" "ნაცებს" არ გადაუყრიათ და დაახვედრებენ კვირიკაშვილს ყველა მშენებარე ან აშენებულ ობიექტებთან! იქნება ზღვა სიხარული, მომავლის იმედი და ცოტა კრიტიკა! აი, ისეთი, "იმედი" და "მაესტრო" რომ გამოურევს ხოლმე ობიექტური ტელევიზიის იმიჯის შესანარჩუნებლად! აბა, "რუსთავიორული" შეძახილები ვისღა ესმის... არადა, რა ჯანდაბაა ეს ნეპოტიზმის წამოძახება ყველა ნაბიჯზე? უბრალოდ, ეკა ბესელიას დის მაღალი პროფესიონალიზმი გულზე ადგას მაგ "მიშავიზიას"! "გაერთიანებულმა წყალმომარაგებამ" ურჩია "რუსთაველებს": ჩვენი წყალი დალიეთ და გაბრაზებაც გადაგივლითო! კისერი მოსტყდეთ მაგათ, ეს ჩვენი ბიუჯეტი კი გადახრეს და დაანიავეს გუგულებმა, ენძელებმა და დავითებმა!

ამ საარჩევნო წლის დასაწყისში როგორ მოფხიზლდნენ და დაიმედდნენ პოლიტიკური სუბიექტები! ალეკო ელისაშვილი უკვე ცალკე თავის ტკივილად ექცათ "ქოცებს". კოკელ ნარმანიას, მართალია, აღარავინ დაასახელებს მერობის კანდიდატად, მაგრამ თავის მოწონების მომენტი დაუდგა ბატონ დავითს! წერეთლის პროსპექტი მოასუფთავა, მარჯანიშვილზეც შეაჯანჯღარა გარემოვაჭრეობა და ქალაქს ამსგავსებს ქალაქს! - სად უშვებთ თვითდასაქმებულებსო? ამის ძახილით კი იწერენ ქულებს პოლიტიკური სუბიექტები, მაგრამ ისევ ცივი წყლის ეფექტი - ადგილობრივ არჩევნებში "ქოცები" იქნებიან უმრავლესობაში! საკრებულოს თავმჯდომარეებს და გამგებლებს ისევ "ოცნებელებს" მივიღებთ და იცით, რატომაც: "ქოცების" სისუსტე "ნაციონალებს" ვერ ამაგრებს ისე, როგორც დაბეგვილი ხვედელიძე - ელისო კილაძის პოზიციებს.

პ.ს. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს ტრენინგი, სახელწოდებით: "როგორ დავარტყათ ბიძინას იმიჯს". ტრენერი აცხადებს: ვავრცელებთ საქალაქო ტრანსპორტში ასეთ ანეკდოტს: საჩხერისა და ჭიათურის ფეხბურთის გუნდები თამაშობენ. ჭიათურელი სპორტსმენი აცხადებს, რომ გაშლილ ხელზე მოხვდა საჩხერელს ბურთი. მსაჯი არ ითვალისწინებს ამ პრეტენზიას, რადგან ბუნებაში არ არსებობს ხელგაშლილი საჩხერელი...

პ.პ.ს. შუაშისტის წლის ანალიზი: მიშას ქალებს უმალავდნენ, ბიძინას - ხეებს! მაგრამ ორივე პოულობდა საპოვნელსო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს