მიშა, ბიძინა, ბიძინას ხათრით არჩეული ვეტოთა სარდალი... მაკრონი და მისი ცოლი ბრიჯიტი - კვირის პალიტრა

მიშა, ბიძინა, ბიძინას ხათრით არჩეული ვეტოთა სარდალი... მაკრონი და მისი ცოლი ბრიჯიტი

საეჭვოდ საშიში ფორმა მიღო სოციალურ ქსელებში ბიძინას ეროვნულობაზე აპელირებამ. ვიღაც ლუზიანა დიდი ამბით იჭაჭებოდა "ფეისბუკზე", ბიძინა ებრაელია და მისი ნამდვილი სახელი ბარუხია და არა - ბიძინაო. ამოვიკნავლე მორიდებით, - რას ბრძანებთ, სხვები ბორიასაც ეძახიან და არაა ეგ ებრაელი-მეთქი. - აბა, მიშაა სომეხიო?! - ისეთი ამბით მკითხა, კი ვამჯობინე გაცლა.

მოგეხსენებათ, ჯეჯელავასგან განსხვავებით, ეროვნულ-სახალხო სიბრძნეებს ვუჯერებ და ვხელმძღვანელობ პრინციპით: სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს!

ბიძინას ახალი ბრალიც წაუყენეს: კონსტიტუციას თავის გემოზე არედაქტირებინებს ჯიბის პარლამენტსო! ნინო ბურჯანაძემ თქვა, ბიძინამ საქართველო იყიდაო, თან შანელისნიშნიანი მძივი მოხდენილად წარმოგვიდგინა ეთერში (არა, ბიჯო, ხორბლის მარცვლების სხმულს ჩამოიკიდებდა!) და შემოგვტირა, 14 პარტია "დაგვაპაშოლეს" საკონსტიტუციო კომისიიდანო. როდის იყო, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შეეტანოთ და არ ასვლოდეს მას ვიწროპარტიული, არახალხური სურნელი?! ავიწყდება ამ ქალს პარლამენტის თავმჯდომარე როდის და რამდენ ხანს იყო?

გასაგებია, რომ ისე იცვლება კონსტიტუცია, რომ თავად "ოცნების" ონლაინკოორდინატორებსაც უჭირთ მისი "გაპრავება", მაგრამ უსუსურია დაპირისპირება "ოცნებისადმი" სოციალური ქსელებიდან პოსტებითა და კომენტარებით. დაიცადეთ, "ქოცებს" სეირს აჩვენებს ადგილობრივ არჩევნებზე ელისაშვილი! თან, რა საცოდავ მდგომარეობაში ვყოფილვართ და არ ვიცოდით: მარგველაშვილმაც დაიჩივლა, ქვეყანას მთავარსარდალი აღარ ეყოლებაო! კი მიაძახეს, ვის დაკარგვიხარ, შე ბიძინას ხათრით არჩეულო ვეტოთა სარდალოო, მაგრამ ეგ ბატონ პრეზიდენტს აღარ გაუგონია, რადგან ვიღაც ისტორიკოსმა გამოკვეთილად თქვა, - მარგველაშვილის ასაკში კაი ხნის მკვდარი იყო მართლა, სარდალი მაკედონელიო! მაკედონელი არ ვიცი და რომელი პრეზიდენტი გინახავთ, ბრძოლის ველზე ხმალამოწვდილი? დიდგორზე იდგა დავით აღმაშენებელი ხმალამოწვდილი, მაგრამ ეგ მეფე გახლდათ... თანაც, ამ ფაქტს ვეღარც ვახმაურებთ დიპლომატიის გათვალისწინებით, რადგან თურქეთში ჩვენს მამრიონს აღარ დააკრეფინებენ ჩაის 15 მაისის მერე და აღარც ეფენდებს, აღარც ხანუმებს მოავლევინებენ გურჯ დედაკაცობას!

აღარ მინდა იმის გახსენებაც კი, რომ კულტურის მაღალი მინისტრის ბინაზე რეგისტრირებულ ორგანიზაციას საიამ ამოუქექა სახელმწიფო დავალიანება, ცალკე - სპორტშია სკანდალი მოსალოდნელი, 25 წლის წინ მკვდარი ქალთა კალათბურთი რომ გაცოცხლდა, ახლა ვიღაც ამერიკაში "პაკრიშკების ბერვაზე" ნამუშევარი ტიპი, ამჟამად გასპორტჩინოვნიკებბული, "აიფონ შვიდებს" ახევს ნაკრების წევრობის მსურველებს და ბელგიიდან ჩამოსულ ორ, მაღალი კვალიფიკაციის კალათბურთელ გოგონას ბლოკავს, რადგან ეგენი ცოცხალი თავით ტელეფონს კი არა, ტელეფონის გარსაცმსაც არ უბოძებენ ვინმეს! ეს საქმე თუ გასკდა, ხომ მოგვეჭრა თავი ევროკავშირის დედაქალაქ ბრიუსელში, აზიურ-კორუფციულად?! როგორ უნდა გადააყოლო "აიფონს" ეროვნული სპორტი ან საკუთარი იმიჯი...

რახან ევროპა ვახსენეთ, ლე პენი და მაკრონიც არ უნდა დავივიწყოთ! "ევროსოიუზი" საფრანგეთით იწყება და ვალდებულებაც კი გვაქვს, პატივი მივაგოთ ლე პენის რუსულ სიმპათიებს ან სულაც, მაკრონის მიერ პედაგოგის იმდენად დაფასებას, რასაც დაქორწინება მოჰყვა! აბა, "გირჩების" საეკლესიო კრება თუ რაღაც ამდაგვარია საყურადღებო? ბატონმა ჯაფარიძემ, რომლის უზენაესი ღვთაება იყო (ეგებ ახლაც არის) მიშა, შეითავსა მოციქულის ფუნქცია, უმაღლეს იერარქად, სავარაუდოდ, ხაჩიძეს წარმოგვიდგენს და იქნება დიდი ამბით ზიარება გირჩის მურაბით!

აქვე დავძენ, საკმეველს მარიხუანათი შეაზავებენ და იქნება დიდი ნეტარება მუნ, სადაც იკვრება ქნარი ქართული პოლიტიკისა! ახლა კეთილი ინებეთ და გაიხსენეთ, როგორ შეაჩვენეთ ისედაც ათასგზის შეჩვენებული რესპი თინა მინისტრი, სავალდებულო გაწვევის გაუქმების გამო!

ახლა დადგება ჯაფარიძე და "დაარინეიმებს" და "დაარეკატეგორიზებს" დეზერტირებს მღვდლებად! უკვე მოგვენატრა თინას მიერ გერმანიის დროშის უკუღმა "დაკიდუნგი" და მამათიც, ხომ?! დაიცათ, ჯერ ეკონომიკის მინისტრი გახარიას (ოხ, ეგ ერთ დროს "ნაცმოძს" აფინანსებდა!) სურვილი ჩაიწეროს კონსტიტუციაში, - მიწა უცხოელებზე თხასავით გაიყიდოს, როგორც ეკონომიკური აქტივი! აი, ბატონო, ამას ჰქვია ხელისუფალი, რადგან მისთვის მიწა მხოლოდ ეკონომიკური აქტივია!

პ.ს. გიორგი გუგავას განცხადებით, საფრანგეთში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორით. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდა შალვა ნათელაშვილი!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთნხმებოდეს