ლუჟკოვის ვიზიტი და სააკაშვილსა და მარგველაშვილს "ზედ დამკვდარი" მთავარსარდლობა - კვირის პალიტრა

ლუჟკოვის ვიზიტი და სააკაშვილსა და მარგველაშვილს "ზედ დამკვდარი" მთავარსარდლობა

საზოგადოებასთან ურთიერთობის ტაქტიკა აქვთ შესაცვლელი "ქოცებს", თორემ გაივსო ფეხებით ლოგინი კი არა, გაივსო ნეგატიური ინფორმაციით, საინფორმაციო ველი. კვირის დასაწყისში ორი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: კვირიკაშვილი შეხვდა ტრამპს (რომელიც თავის მხრივ გამოკვეთილად ამბობს, ვინც საქართველოს მთლიანობას უგულებელყოფს, მაგათ არ ეღირსებათ ჩვენგან დახმარებაო) და მოსკოვის ნამერალი ლუჟკოვი ქანდაში ჩამობრძანდა, თან დაგვმოძღვრა: სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე უფრო უკეთესად იქნებით და ეს არ იცით თქვენო!

ხალხის განწყობის გასაგებად ვირტუალური სამყარო ყველაზე უკეთესია. ორიოდე ინფორმირებული ადამიანი კანკალით საუბრობდა ქართული დიპლომატიის "ამერიკულ" მიღწევაზე. ხოლო იმ კაცზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა "დააპაშოლა" კაი ხნის წინ მოსკოვის მერობიდან, კორუფციისა თუ ნეპოტიზმის ბრალდებით, ყველამ ენა ამოიდგა! ისე, ეგ ის ლუჟკოვია, კარგა ხნის წინ კინაღამ მთელი ბათუმი რომ იყიდა თუ მეშლება?! მგონი, არ მეშლება!

ახლა გამოდგნენ ეს ჩვენი სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ოპოზიციის წარმომადგენლები და რას ჰქვია, ლუჟკოვმა საზღვარი გადმოლახაო?! ბატონებო, ეგებ გაიხსენოთ, დავით აღმაშენებელს რომ ედრებოდა, იმ კაცის პრეზიდენტობის პერიოდშიც გადმოლახა მაგ შლაპიანმა კაცმა საქართველოს საზღვარი, მაგრამ არც ერთი უმაღლესი სამხედრო ან პოლიტიკური პირი არ გაჭაჭულა, - უნდა წავაძრო თავი იურას ბოლოკივითო!

ჰო, იმასაც არ დავმალავ, 2006 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ დაიბარეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული და საპროტესტო ნოტები უფრიალეს ცხვირწინ, მაგრამ რუსები 2 წლის მერე შემოგვიცვივდნენ და კი გახსოვთ, ბაქრაძე დანა-ჩანგლით რომ აპირებდა ოკუპანტების შეჩერებას და თან წითელი ხიდისკენ გაქცეულ პოლიტელიტას ფორას აძლევდა ამით! სამწუხაროა, რომ რუსებს, როდესაც მოუნდებათ, ხან ატამს ჭამენ საქართველოში, ხანაც - ტყემალს და ვერც ვერავინ აკავებს მათ. უბრალოდ, ამ ჭამა-ოკუპაციებს მიშა თავისი რეჟიმის შესანარჩუნებლად იყენებდა და "ქოცები" კიდევ, მაინც პუტინის ხელის ბიჭები არიან, თუნდაც თეთრ სახლში 24-საათიანი რეჟიმით ესაუბრონ ტრამპს!

ლუჟკოვი ორ კვირაში აღარავის ემახსოვრება, მაგრამ ჩვენ სხვა თავსატეხი გვაქვს: კონსტიტუცია! ერთმა ჩემმა მეგობარმა ზუსტად ასეთი რამ თქვა და თქვენც გიზიარებთ ახლა: "ისეთი კონსტიტუცია უნდა დაიდოს, ამერიკაში ის "მამების" ბარელიეფი ჩამოფხიკონ კლდიდან და სომხები იბრალებდნენ - ჩვენი დაწერილიაო!" არა მგონია, ასეთი გამოვიდეს, ეს ასჯერ ღირსებააყრილი კონსტიტუცია, რაც უნდა ატარონ რეგიონებში და უხსნან რუდუნებით ამომრჩევლებს, თუ რა კარგ რამეს სთავაზობენ ხალხს! კონსტიტუცია მაინც ისე შეიკერება, როგორც სურთ, მაგრამ წლევანდელ შემოდგომამდე კი დააწყდებათ ნერვები "ქოცებს"! უბრალოდ, ახლა "ქართულ ოცნებას" ოპოზიცია არ ადარდებს, რადგან მიშა აღარ ჰყავს "ნაციონალებს" (ეს დაახლოებით იგივეა, რაც ფუტკრის ოჯახში უდედობა!) და სხვა დანარჩენ ოპოზიციას დედა ისედაც არ ჰყავდა! საფიქრალი ისაა, ვის მოუწევს 41 ნომრის დათრევა წინასაარჩევნოდ. ეს ნომერი ამ არჩევნებზე ისევ გამარჯვების საწინდარია. აი, მომავალ არჩევნებზე კი რა გითხრათ! სასაცილოდ არ მეყოფა, თუ "ოცნებამ" ისევ გარე ვაჭრობის ერთადერთი დამმარცხებელი ნარმანია დაასახელა კანდიდატად და უფრო მეტი სასაცილო ისევ ის იქნება, თბილისმა თუ აირჩია! უსუფაშვილს კი ვაფრთხილებ, შანსი არ აქვს მერობაზე და თავს ნუ შეირცხვენს, საქართველო საფრანგეთი არაა, სადაც თურმე მაკრონს ერთი წლის წინ წამოუწყია პოლიტიკური აქტივობა და კი დაამხო ათას პოლიტიკურ ქარიშხალზე გადატარებული ლე პენი!

ჩვენ საქართველოზე მეტად გვაინტერესებს მაკრონის საფრანგეთის ბედი და გავიძახით: ნუთუ, დიდო საფრანგეთო, რიშელიეს, მაზარინის, ნაპოლეონისა და დე გოლის მერე უკეთესი აღარ გეკუთვნოდაო? თითქოს და აღმაშენებლისა და გორგასლის საქართველოს "ზედ აკვდება" შევარდნაძის, სააკაშვილისა და მარგველაშვილის მთავარსარდლობა!

პ.ს. ისე კი, ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით, კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, სუფრიდან თამადა ქეიფის დასრულებამდე მოსასაქმებლად რომ არ უნდა გავიდეს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს