ნაფარცხალაძარი პროკურატურა და წითელ წიგნში შესატანი მიშისტი - რატომ დაიბარა უზენაესმა ტრამპი, პუტინი და მარგველაშვილი?! - კვირის პალიტრა

ნაფარცხალაძარი პროკურატურა და წითელ წიგნში შესატანი მიშისტი - რატომ დაიბარა უზენაესმა ტრამპი, პუტინი და მარგველაშვილი?!

დიდი გაურკვევლობაა ქვეყანაში. კონსტიტუცია, მიწის საკითხი, ენერგეტიკა, სამთო-მეტალურგიული წარმოება, ეიჩარი, პიარი, სოციალური მდგომარეობა და პოლიტიკური სიბეცე ისეა გადაბმული ერთმანეთზე, ვერ გაიგებ, რის გამო შემოიკრა თავში ხელი!

გაცენტრისტებული დავით უსუფაშვილი გემახსოვრებათ და მისგან თუ წარმოიდგენდით ისეთი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, როგორსაც თმაქოჩორა კობახიძე გვთავაზობს?

"დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგ პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" ფრაქციის სახით საერთოდ აღარ იქნება წარმოდგენილი", - მოგვახსენა პარლამენტის სპიკერმა და იქით დავუსვამ კითხვას: ჩვენი, რიგითი მოქალაქეების ოცნება-მაქსიმუმი მაგათი პარლამენტგარეთ დარჩენაა თუ ნორმალური საკანონმდებლო ბაზისა და კარგი საცხოვრებელი პირობების შექმნა? თუ ეს "ნაცმოძი" დამნაშავეა (დამნაშავე რომაა, მე ეჭვი არ მეპარება), მაგათთვის ოპოზიციაში (თუნდაც - არასაპარლამენტოში!) ყოფნა პოლიტიკური ბაირამობაა! ტყუილად გყავთ მურუსიძის სასამართლო და ნაფარცხალაძარი პროკურატურა? პროკურატურამ ბრალი დასდოს და სასამართლომ მიუსაჯოს! მერე "ქოცებს" აღარ ექნებათ საძახებელი, - "აბა, ნაცმოძრაობის დროს იყო უკეთესი?" და ქვეყნის განვითარებაზე იფიქრებენ!

გასაოცარი ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძე გვეუბნება, "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების წინ პირობა დადო, რომ მოხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მარგინალიზაცია და პროცესები სწორედ აქეთ მიდისო. მაგათი მარგინალიზაცია კი არა, სამართალმა რომ პური ჭამოს, ეგ გვინდა! და კიდევ, ფილარმონიაში კონსტიტუციის განხილვისას ლექსიკა და მიმართვის ფორმები რომ შეარჩიოს! არ გეგონოთ, იმ აგრესიულ 115-ელებს ვამართლებდე, მაგრამ "კომუნისტებოს" მიმართვით შემკობა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რა წესია? აფსუს, დავით უსუფაშვილო, როგორ ჩამოგაცილეს ქართული პოლიტიკიდან! ვინ იფიქრებდა, რომ რესპუბლიკელები საპნის ბუშტებივით დასკდებოდით, ხოლო "მრეწველები", ენძელები და ჩიორა-ბოკუჩავები შეჯირითდებოდნენ პარლამენტში!

დიდი ვერაფერი ნუგეშია ქართველებისთვის, შემდეგი მოწვევის პარლამენტში ფრაქცია თუ არ ექნებათ "ნაციონალებს", მით უფრო, რომ იმდენი "ნაციონალია" "ოცნების" მანტიით შემოსილი, მგონი, პოლიტიკურ წითელ წიგნში შესატანი გახდეს ნამდვილი მიშისტი, როგორც გადაშენების პირას მისული ეგზემპლარი!

გეუბნებოდით, მომავალ კვირაში აღარ გვემახსოვრება წითელი "დუტის კურტკიანი" ლუჟკოვის ვოიაჟი-მეთქი და აჰა, აგიხდეთ ყველაფერი კარგი! ახლა ჩვენ იმაზე გვიწევს თავის გაცხელება, "რუსთავი 2"-მა რა ჟურნალისტური ტექნიკა გამოიყენა, რომ ეჩვენებინა სახელმწიფოს დესპოტური დამოკიდებულება წარსულისა და საზოგადოებისადმი. სიუჟეტი გააკეთა ისეთი, ქვასაც რომ აატირებდა. ზედაპირული მოსმენით, გეგონებოდათ, რომ ეროვნული გმირების საფლავების ამოთხრა "ქართული ოცნების" იდე-ფიქსი იყო, რაც უღიმღამო ნიუსით "გააქარწყლა" მაღლაფერიძისეულმა "საზმაუმ"... არადა, იმ ელექტროგადამცემების დამონტაჟება ისეთ ადგილას რომ ხდება, რასაც, მინიმუმ, უსიამოვნო უხერხულობა მოაქვს, ისედაც ეცოდინება ჩემს მკითხველს არა მარტო ხევში, არამედ აჭარაშიც უკვე!

P.S. ღმერთმა დაიბარა ტრამპი, პუტინი და მარგველაშვილი, განუცხადა, რომ მისი ექსპერიმენტი დედამიწაზე სიცოცხლის შექმნაზე წარუმატებელი აღმოჩნდა და ერთი თვის მერე დედამიწა განადგურდებოდა. ასევე დაუბარა: წადით, მოსახლეობა შეკრიბეთ და აუწყეთ, რომ ერთი თვეა დარჩენილი კიდევ, მერე ყველა დაიღუპებაო.

ტრამპმა მიმართა ამერიკელ ხალხს: უნდა გაუწყოთ ორი ამბავი. ერთი კარგია, მეორე - ცუდი. კარგია, რომ დავრწმუნდი: ღმერთი არსებობს! ცუდია, რომ ერთი თვის მერე ყველა დაიხოცება.

პუტინი რუს ერს მიმართავს: უნდა გაუწყოთ ორი ცუდი ამბავი: 1. არსებობს პუტინზე უფრო ძლიერი ფიგურა. ეს არის ღმერთი! 2. ერთი თვის მერე ყველა ამოწყდება!

მარგველაშვილი იწვევს საგანგებო ბრიფინგს და აუწყებს მოსახლეობას: ჩემო ძვირფასო ხალხო! უნდა გაცნობოთ ორი მეტად სასიხარულო ამბავი! 1. ღმერთმა მე მცნო, როგორც ღირსეული პრეზიდენტი და მიმიპატიჟა დიდი ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად! 2. კაცობრიობის დასასრულამდე მე ვიქნები თქვენი პრეზიდენტი!