ვინ არის დამნაშავე "გლობუსას" და "ბოტასას" კონფლიქტში?! - წკიპურტი მთავრობას - კვირის პალიტრა

ვინ არის დამნაშავე "გლობუსას" და "ბოტასას" კონფლიქტში?! - წკიპურტი მთავრობას

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველა კრიმინალური საქმე თითქმის კენედის მკვლელობის ტოლფასია! ციანიდის შესახებ ხომ ვერაფერი გავიგეთ? ვერ გავიგეთ! გლობუსასა და ბოტასას კონფლიქტში ვინ იყო დამნაშავე, ვინ " დაზარალებული, ვერც ეს გავიგეთ! სადღაც თვალი მოვკარი, ჟურნალისტი მამალაძე ამბობს, მამა ციანიდეს სკანდალური (საწოლური) ინფორმაცია აქვს დედაოზე და მაღალ იერარქ მამაოზეო.

ისიც თქვეს, თავად დეკანოზ მამალაძეზე აქვთ სკანდალური ვიდეომასალაო! საკვირველია, ის ვერ გაარკვიეს, ციანიდი კვალითის "გადასახოვშია" ნაყიდი თუ ბრეგოულაზე და საიდან ექნება სუსს დეკანოზ მამალაძის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები? მგონი, პუბლიკას "გვატენიან" მღვდლისა და მონაზვნის ახალ სახეობებს " მაჩო-მამაოს და მონაზონ-ემანუელას! თუმცა, ვიღას უკვირს ახლა სასულიერო პირების სექსი, როცა "გირჩის" მღვდელმა" გრიგოლიამ თქვა, სექსი მაქვსო და ჩვენმა პრეზიდენტმა რაც თქვა ამ თემაზე, აღარ მინდა ციტირება!

თავისუფალი დრო მქონდა და თორდიას, იმავე გლობუსას შრომით ბიოგრაფიას გადავხედე და პირკატა მეცა! თურმე "ნაციონალების" დროს პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა! და რას აკეთებდა ეგ ადამიანთა უფლებების დასაცავად? არ გინდათ ახლა ჩემთვის ფარცხალაძის ბოტასის პირში ჩაჩრა, არც უჩა ნანუაშვილის უმოქმედობა წამომაძახოთ, მე არაფერში ვარ დამნაშავე! თანაც, თუ უჩა არ იცავს უფლებებს, ბაია ხომ იცავს? მართალია, 17 მაისს არავინ გაუძუყნიათ, არც "წმინდა ოჯახისტები", არც ლგბტ თემი, არც ჰომოფობები, მაგრამ ის ფაქტი რა იყო, ტყუილი რომ გაავრცელეს, თითქოს "მზიურში" ბომბი იყო და ქალბატონმა ბაიამ ფილმი ვერ აჩვენა?! აი, ეგ ფილმი უნდა გვენახა, მერე ტაბურეტების ბზრიალს დედების მოკითხვა დართოდა და ნამეტანი სიამაყით იტყოდნენ არაერთნი, რომ ჩვენ ვართ ველური "ნაროდი", კომუნისტ-ბოლშევიკები და ქსენოფობიით დაავადებული განუკურნელი ჰომოფობები! მერე ეგებ გრანტიც წამოსულიყო ფინანსურ ღვარცოფად, რათა ჩვენი დაბალი სამოქალაქო ცნობიერება აღმოეფხვრა ბაიას, "იდენტობას" და მაცაცოს!

ბაია პატარაიას რისხვას "ლაითად" გადავურჩით, მაგრამ პრობლემები მაინც არ გვაკლია! ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებული სამაჩაბლოს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული პოსტის დაკავება მიულოცა. ცოტა ხნის წინ, გემახსოვრებათ, ევროკავშირმა შეშფოთება-აღშფოთებით დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული რეფერენდუმიც და არჩევნებიც, ეს ფაქტი შეაფასა როგორც რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედება და უცებ, "ევროსოიუზელი" ზალბერი რას მიედ-მოედება ცხინვალში, ჭაჭანაჭამი ბრმა ჭუკივით, დიპლომატიურმა სამყარომ ვერ გაიგო!

სალომე ზურაბიშვილმა კი თქვა, ეგ ზალბერი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეთო, მაგრამ "პარიჟანკას" ვინ უგდებს ყურს? აქვე წკიპურტი ჩვენს მთავრობას: კაცო, ეს ამხელა დიპლომატი ქალი რომ დასვით პარლამენტში არაფრისმაქნის თანამდებობაზე, ეგებ გეფიქრათ და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაგებარებინათ?! დამიჯერეთ, მაგაზე უკეთ ჩვენს დახლართულ ურთიერთობებს ვერავინ დაალაგებს! არ გვინდა თავის მართლება, ჩვენი "მიდ"-ი საქმეს კვალში გაჰყვაო. რა შედეგი ჰქონდა იმას, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ჰერმანი ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული და მინისტრის მოადგილე დავით დონდუას რომ შეხვდა?! მგონი, არც არაფერი!

მართალია, ქვეყანაში ცხოვრების დონემ აიწია (თუ გაღრმავდა), რაც "აეროსმიტის" კონცერტზე მისული მაყურებლის რაოდენობით განისაზღვრა, მაგრამ იქ არ იყვნენ ხანდაზმულები! პენსიონერებზე მხოლოდ "ნაცხურდელები" ზრუნავენ! დიახ, მათ მოახერხეს და თქვეს, სადაც ჩვენ გავიმარჯვებთ, იქ ცხოვრება მოხუცებისთვის იქნება სამოთხე და ედემის ბაღიო! დიახ, ეს ჩვენმა გიგი უგულავამ უთხრა ტყიბულში "ევროპული ნაცების" თუ "ევროპული საქართველოს" ოფისის გახსნისას, პოტენციურ ამომრჩევლებს, "თუ სწორ არჩევანს გააკეთებს ტყიბული, 25-50 ლარის ფარგლებში გაიზრდება პენსია "იმენნა აქანაო"! არც დავით ბაქრაძე ჩამორჩა უგულავას, რძის მდინარეებსა და კარაქის მთებს დაჰპირდა მეშახტეთა ქალაქს. რძე და კარაქი სიტყვის მასალად, რასაკვირველია, შესანიშნავი მიგნება გახლავთ, რადგან თეთრი ფერი კარგად ჩანს ქვანახშირის ფონზე... ვინც ახლა მომიბრუნდება და მეტყვის, წარსული ცხრა წელი ნუ გაკერია ყოველ "პროვოკაციაზეო", მეც ვეტყვი: იმ სანეტარო ცხრა წელში გაეზარდათ მაგ ოხერტიალებს პენსია, ვინმე ყელში ეცა და არ მოგვცეო, შეეხვეწა?!

პ.ს. მაისის მეორე დეკადაში "რესპუბლიკური პარტია" იუბილარი გახლდათ. " დაბადების დღე არ მივულოცოთო? " იკითხეს "ქართული ოცნების" შტაბში. მაგათ კოალიციიდან წასვლისას დაკრძალვა ჰქონდათ, საპარლამენტო არჩევნებზე " ორმოცი და დავით უსუფაშვილმა რომ დატოვა ეგ პარტია, მაშინ უკვე წლისთავი, რა იუბილე უნდა მივულოცოთო?! " განაცხადა ვოლსკიმ, თან მრავალმნიშვნელოვნად მიმოიხედა ირგვლივ, ხომ არავინ იცის, 1989 წლის 9 აპრილის მერე კიდევ ორი წელი რომ ვიყავი, კომპარტიის წევრიო?!.