როგორია ჩვენი განათლების სისტემის დიაგნოზი და ბიძინას და საგანელიძის გარდა, კიდევ ვის არ გაქვთ ვალი?! - კვირის პალიტრა

როგორია ჩვენი განათლების სისტემის დიაგნოზი და ბიძინას და საგანელიძის გარდა, კიდევ ვის არ გაქვთ ვალი?!

ერთი ანდაზა მახსენდება: თევზი თავიდან ყროლდებაო. მკითხველი ადვილად მიხვდება, რატომ გავიხსენე ბრძენი ქართველის ნათქვამი. 11 ათასი მოსწავლე დაგვრჩა ატესტატის გარეშე და ეს ვის უნდა დავაბრალოთ? ბრალში საგანმანათლებლო პოლიტიკაა, რომელსაც ერთად ქმნის სახელმწიფო, განათლების სამინისტრო, სკოლა, მშობელი და მოსწავლე. ყველას ერთად ამ "საგმირო მონაცემების დადება" არ გაგვჭირვებია. ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ ჩაჭრილი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა მოსწავლეთა თავზე დამდგარი ფორტუნა-დამკვირვებლები, რომლებიც ეხმარებოდნენ გაჭირვებულ გოგო-ბიჭებსო. ცალკე "კასტად" გამოიყო კიდევ იღბლიანი მოსწავლეები, რომლებიც არც ემზადებოდნენ, არც სწავლობდნენ და მაინც "გაარტყეს".

ახლა, როცა განათლების ურემი გადაბრუნებულია და ჯეჯელავა-მიმინოშვილი გამოჩნდნენ, საატესტატო გამოცდების ჩაფლავების სუბიექტური მიზეზების გარდა, ობიექტურიც მოიჩხრიკა. საქართველოს განათლების სისტემას დიაგნოზი აქვს, თანაც ძნელად განკურნებადი: მინისტრი ქართული ზღაპრების ინტერპრეტაციითაა დაკავებული, დირექტორები - ნეპოტიზმით (დაამადლეთ ახლა დირექტორებს ორი ნათესავის 500-ლარიან სამსახურში მიღება, მაშინ ხომ არიან ფრიად საყვარელნი, როცა არჩევნებზე მმართველ გუნდს უჭერენ მხარს?!), მასწავლებლები - მოსამზადებელი მოსწავლეების ძიებით და კარიერული წინსვლის სურვილით, მოსწავლეები - "ფეისბუკით", მშობლები კიდევ - ათასი რამით! ჰოდა, ნუ ვუყურებთ ამ 11 ათასი მოსწავლის ჩაჭრას ისეთი გაკვირვებით, როგორც ვარია, თავის დადებულ პირველ კვერცხს!

კრეატიულმა "ქოცგამპრავებელმა" შესანიშნავი იდეა მოგვაწოდა სანუგეშებლად: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნათესი ფართობის ჯამური მოცულობა 2016 წელს 239,2 ათასი ჰექტარი იყო, 2015 წელს კი - 308,4. ესე იგი, დამუშავებული მიწების ფართობი ნაკლებია და თუნდაც გასული წლის რეზულტატს როგორ მივაღწიოთ, თუ არა ჩაჭრილების ყანაში სამუშაოდ გამწესებით?! მანდ სამუშაოდ ორი დიპლომიც არაა საჭირო, მაგრამ ჩვენ როდის ვიკლავდით თავს შრომით?!

ზემოთ მიწის დამუშავების დინამიკაზე დავწერე. ანუ საკმაოდ "გაჭედილად" ვართ აგროსფეროში. ახლა საბანკო-საფინანსო მდგომარეობა ვნახოთ! აქაც დავღუპულვართ ჩვენ და აშენებულა ხაზარაძე და მისთანანი! მიხეილ დუნდუამ ბრძანა: "საერთაშოროსო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, კომერციულ ბანკებში დავალიანების მქონე ადამიანების სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა - 1 000 ადამიანზე 676-ს ბანკის ვალი აქვს (2015წ)". ბატონ დუნდუას ვეკითხები: სად მიაგენით, მამაცხონებულო, საქართველოს უკრედიტო მოქალაქეს? მე ვეძებ სანთლით და ვერ მიპოვია! ალბათ ბიძინას არ ექნება ვალი, კიდევ დავით საგანელიძეს და მაღალ სასულიერო იერარქებს...

წინა "პროვოკაციაზე" დამიკომენტარეს, - საპატრიარქოს ნუ ახსენებ უარყოფით კონტექსტშიო და ამჯერად გავჩერდები, რამეთუ სალაპარაკო თემა სხვაც ბევრია. აი, თუნდაც ქალბატონი ხოშტარიას მერობის კანდიდატობა! ნეტავ არ იცის ელენემ, თბილისის მერად წელს ისევ ბიძინას სიმპათიას რომ აირჩევენ?! თუ არ დაიჯერებთ, მოვა შემოდგომა და ზოგმა წიწილები დავითვალოთ, ზოგმა - მერობის კანდიდატების პროცენტები!

პ.ს. მიმინოშვილს ეკითხებიან, გახსოვს, მიშასთან ერთად "ბალკონზე" რომ იჯექი და დიდი ამბით გაქებდა ტელევიზიითო?! - კი, როგორ არ მახსოვს, რომ მაქებდა, მახსოვს, ის არ მახსოვს ზუსტად, ატესტატების ყალბად გაცემამდე იყო ეგ თუ მის მერეო...

პ.ს. რიგითი ლეიბორისტის აზრით, უნივერსიტეტებში, სადაც გამოთავისუფლდა ადგილები 11 ათასი მოსწავლის ჩაჭრის გამო, ბიძინა ივანიშვილი ყველგან ააშენებს კარფურს.