ცისფერსისხლიანები ჩვენს შორის, ანუ ჯეჯელავას ტრენინგები სამეფო კარის პაჟების, სეფექალების, პრინცებისა და პრინცესებისთვის - კვირის პალიტრა

ცისფერსისხლიანები ჩვენს შორის, ანუ ჯეჯელავას ტრენინგები სამეფო კარის პაჟების, სეფექალების, პრინცებისა და პრინცესებისთვის

ვიდრე ბუკიკიო ვენეციელის საკონსტიტუციო შენიშვნების გამჟღავნება-არგამჟღავნებაზე იყო დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის მხარეებს შორის, საზოგადოების გასართობად რამდენიმე თემა მომწიფდა, თუმცა, მათ შორის მონარქიის საკითხი და ჭორვილის გოცირიძისეული დალაშქვრა მაინც ყველაზე რეზონანსული აღმოჩნდა!

მონარქიის თემა წინა პლანზე ადრე პატრიარქმა წამოსწია და ახლა "მოაცოცხლეს", ხალხის თავის შესაქცევად. დაფაცურდა ნაცარქექია ხალხი და თუ ვინმეს არისტოკრატიული სისხლის მისხალი ერია, ყველამ "კუშეტკის" თავად-აზნაურობაზე დადო თავი. ისე, ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიამდე, მოსახლეობის თითქმის 7% იყო დიდგვაროვანიო, სადღაც ეწერა! თურმე, ამ მონაცემის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მეტი "ცისფერსისხლიანი" ჩვენ გვყოლია! ლენინიზმმა გაანადგურა არისტოკრატია და ჩვენ მათ სანაცვლოდ პოლიტიკური ელიტა შევქმენით!

თუ დააკვირდით, მიხვდებით, რომ კრიტიკა და ლანძღვა-გინება "ხასიათში გადაგვივიდა" და როგორც ჩანს, აღარ გვყოფნის სალანძღავი ობიექტები: პრეზიდენტი თავისი ადმინისტრაციით, არაფრის მაქნისი პარლამენტარები, მინისტრები, საჯარო მოხელეების ზღვა რაოდენობა და სასამართლო ხელისუფლება! მონარქიის შემთხვევაში, ამ ძვირფას ჩამონათვალს მიემატება: მეფე, დედოფალი, მათი ძმები, დები, სიდედრები, ცოლისძმები და ძროხის დეიდაშვილებიც კი! აი, მერე ერთი ფილმიდან ანარქისტული რეპლიკა გახდება ზეპოპულარული: "ძირს მეფე, ძირს მღვდელი!" თუმცა, მღვდლებს არ სჭირდებათ ანარქისტების შეძახილი, ერთმანეთს ისედაც კარგად "ამკობენ"!

ამდენი ცუდი მანერის მქონე ადამიანი რომ გვყავს, სამეფო კარისთვის ეს ცუდია, თუმცა, გამოსავალი მაინც არის: ჯეჯელავას ტრენინგცენტრი მიატრენინგ-მოატრენინგებს პაჟებს, სეფექალებს, პრინცებსა და პრინცესებს. შედეგი იქნება ძალიან კარგი: მაყუთს მოღუნავს ჩვენი ვიცე-პრემიერის ორგანიზაცია და ჩვენ გვეყოლება უგანათლებულეს-უწარჩინებულეს-უბრწყინვალესი არისტოკრატია!

მოგეხსენებათ, "ქართულმა ოცნებამ" ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა, რაც უფრო იმის გამო მოხდა, რომ საოცნებო კაბინეტებში ვერ დასვეს ყველა იმათგანი, ვისაც დროშა ეჭირა ბიძინას აქციებზე! თანაც, რატომ წყრებიან ეს აქტივისტები, იცით?! "ნანაცარი" კადრები რომ დაიტოვეს სამსახურებში, რად არ მოაწყვეს პოლიტიკური ნიშნით წმენდა და არ ჩავანაცვლეთ ეგ მეცოცხიებიო?! ამ იმედგაცრუებულებს ზოგჯერ გულს უხარებენ ხელისუფალნი და საკომპენსაციოდ მიალანძღავენ ხოლმე პოლიტიკურ მოუსავლეთში წასულ "ნაცებს".

გინდათ, მაგალითი? ინებეთ: ამას წინათ ზაზა პაპუაშვილს უთქვამს კოლეგა-"ნაციონალებისთვის", - სათითაოდ უნდა გამოგიყვანოთ კაცმა და ლეიბის საბერტყი ჯოხი ერთ ადგილზე უნდა გიტყაპუნონ და გიბარტყუნონო. ეს რა უწესობა და რა მაზოხიზმია, ხალხო?! - ვკითხულობ ეკა ბესელიას ხმით, მაგრამ პასუხი არსაიდან არის! თუ ეგ ხალხი დასასჯელია, უნდა დასაჯოს პროკურატურის ბრალდებით სასამართლომ, მაგრამ მანდაც იმდენი "მიშას სისტემის ნამსხვერპლარია" თავშეფარებული, არ მაქვს იმედი, ერთმანეთის ტყავი დახიონ განმსჯელებმა განსასჯელებისა, ვითარცა ძაღლმან - ძაღლისა!

ამას წინათ, ერთმა "ფეისმა" სოციალურ ქსელში იხუმრა, ბიძინა ავად გამხდარაო და იმდენი "ნაციონალი" აღფრთოვანდა ამ ტყუილით, ეგონათ, ბიძინას ცუდად ყოფნა მათი კერპის უკრაინიდან დიდებით ჩამობრუნების წინა პირობა გახლდათ... არ გამართლდა ათასად დაშლილი "ნაციონალების" იმედი და ახალი ჭორი მისწვდა მათ ყურს: ბიძინა ჭორვილაშია, სტაფილოს წვენს სვამს და ისევ საღამოს ათზე იძინებსო! უცებ, სამ მუშკეტერად გარდასახულმა მეგი გოცირიძემ, მარინა გეგიძემ და ირინა ცააძემ ჭორვილის მისადგომებთან იქუხეს მიშმადიდებლურად! რადგან "სამ ჭორვილსკი" არ დახვდათ ჭიშკართან, ამიტომ ქალბატონმა გოცირიძემ კდემამოსილებით დააბრძანა მინიგვირგვინი და სტაფილო ბიძინას ბჭესთან, თუმცა ამ ფეშქაშმა ვერ შემუსრა კარნი ოცნებისანი!

პ.ს. ბიძინას ეკითხებიან, ზალიკო უდუმაშვილი რომ მოდის არჩევნებზე, რას გვეტყვით ამაზეო? ბიძინა პასუხობს, კამეჩთან მოჭიდავე ხარს რქები არ შერჩებაო...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს