გზა სამშობლოსაკენ - კვირის პალიტრა

გზა სამშობლოსაკენ

საიტის რედაქციაში ცნობილი ანსამბლის - "ქართული ხმების" სოლისტი და ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მეგობარი თემურ ჭკუასელი დაგვიკავშირდა და გვთხოვა, ღია წერილის სახით გამოგვექვეყნებინა მისი პასუხი ჟურნალისტ ია ანთაძისადმი. ბატონი თემურის აზრით, ია ანთაძე თავის პუბლიკაციაში ამართლებს ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას (აქვე მოგვყავს ჟურნალისტ ია ანთაძის წერილი, რომელიც რადიო "თავისუფლების" ინტერნეტგვერდზე, თავის ბლოგში გამოაქვეყნა).

გთავაზობთ თემურ ჭკუასელის წერილს (სტილი დაცულია):

„ქალბატონო ია, მოდით, ახლა მე და თქვენ დროებით გავებუტოთ ერთმანეთს“

„ყველაფერს თავისი სახელი მოვუძებნოთ და საკუთარი თავიც შევაწუხოთ დროდადრო კითხვებით...“

„უკვე მერამდენედ ცდილობთ, ქალბატონო ია, ისაუბროთ არაფერზე და ამტკიცოთ, რომ ეს არაფერი, თურმე ყველაფერია“

ქალბატონო ია! წავიკითხე თქვენი წერილი „შეხვედრა სამშობლოსთან“... „ქართული ხმები“ ისეთი ცნობილი „სოლისტების“ (მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი) გვერდით რომ გყავთ მოხსენიებული, ამისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ მადლობასთან ერთად მსურს, რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ იმ ნაფიქრალიდან, თქვენი წერილის წაკითხვის შემდეგ რომ მომეძალა.

ჯერ გაგეცნობით: თემურ ჭკუასელი, „ქართული ხმების“ დამფუძნებელი და წევრი, წარსულში აქტიური ჟურნალისტი, სცენარებსაც ვწერ ხანდახან. ბოლო დროს ვატყობ, ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობაც პროფესიად მექცევა. კიდევ ვაკეთებ რაღაცას, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

აი, ასეთი ხუმრობანარევი შესავლის შემდეგ უფრო  მიადვილდება მთავარ თემაზე გადასვლა.

ილიას მარადიული კითხვით - „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე?“ იწყებთ მკითხველთან საუბარს. ამ კითხვის შემდეგ რაც წავკითხე, იმის შეფასებას, ალბათ, ისევ ილიას სიტყვები მოუხდება  -  „ათი ათასჯერ არაფერი, მაინც არაფერია“.

უკვე მერამდენედ ცდილობთ, ქალბატონო ია, ისაუბროთ არაფერზე და ამტკიცოთ, რომ ეს არაფერი, თურმე ყველაფერია. ნუთუ სერიოზულად შეიძლება იმაზე მსჯელობა, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს და ამ ფაქტში თურმე, ღრმა კანონზომიერება ყოფილა, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, თურმე ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს თავად ბიძინა ივანიშვილს.

ქალბატონო ია, ამ შესავლის შემდეგ  თქვენს მიერ ნათქვამი ნებისმიერი საღი აზრიც კი უკვე უაზრო ხდება, რადგან პირველი აკორდის კაკაფონიურმა ჟღერადობამ, პრაქტიკულად, ყველაფერი გადაფარა და მერე რაც წერია, ის უკვე აღარ ისმინება. იცნობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი თავის ქვეყანას? ესმის თუ არა მას ქართველი ხალხის?

უმჯობესი იყო, ქალბატონ ია ანთაძეს ამ კითხვების საპნის ფერადი ბუშტებივით ჰაერში დაჭერა კი არ ეცადა, თავად ბიძინა ივანიშვილისთვის ეკითხა და მისი პასუხები საზოგადოებისთვის გაეცნო, მაგრამ რადგან ვერ მოახერხა, ან შეხვედრის დროს სულაც გადაავიწყდა, განა იძლევა იმის უფლებას, რომ ამ კითხვებს განაჩენი თავადვე გამოუტანოს? ბიძინა ივანიშვილი ჭორვილაში კარჩაკეტილად ცხოვრობდა და შესაბამისად, „რა უნახავს მას საქართველოში: ქართლში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, აფხაზეთში, სამცხე-ჯავახეთში, ხევსურეთში, ფშავში, სვანეთში სტუმრობისას...“

ქალბატონო ია, შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე 9 წელიწადია, მუდმივად საქართველოში ცხოვრობს და მიუხედავად რამდენჯერმე ჩვენი „თავზეხელაღებული შეტევისა“, ერთად გავსულიყავით სადმე უცხოეთში, არაფერი გამოგვივიდა. მუდმივად უარს გვეუბნებოდა ერთადერთი მიზეზით, საქართველოდან წასვლის კი არა, გასვლის სურვილიც აღარ მაქვსო. იგი მუდმივად აქ არის, მშობლიურ გარემოში და თავის ხალხსა და სამშობლოს, როგორც თქვენ ამბობთ, ტელევიზორის დიდი ეკრანიდან კი არა, საკუთარი „ეზოს გადაღმა ხვდება“.

მე, როგორც მისი მეგობარი, გარწმუნებთ, რომ ადრე, საფრანგეთში ცხოვრების დროსაც და მით უფრო, უკანასკნელი 9 წლის მანძილზე, მას შემოვლილი აქვს საქართველოს თითქმის ყოველი კუთხე-კუნჭული.

ჩამოგითვალოთ? კი ბატონო! არც ამას დაგზარდებით: ქართლი, კახეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სამცხე-ჯავახეთი და თუნდაც  იმერეთი... სხვათა შორის, ისიც კარგად უწყის, რა უფიქრიათ თუ უგრძნიათ თუშეთში, ხევსურეთში, ფშავში, სვანეთში...

მარტოს კი არა, შვილებთან ერთად რამდენჯერმე აქვს მოვლილი მთელი საქართველო. არაერთხელ ერთად დაგვიგეგმავს საგაზაფხულო, საზაფხულო თუ საშემოდგომო მარშრუტები. ზოგს ვასწრებდით, ზოგს -  სამომავლოდ ვინიშნავდით. სურვილები ხომ არასდროს ქრება.

ფიჩორის უღრან ტყეებშიც გვივლია ერთად თავსხმა წვიმაში და ბორჯომის ხეობის დათოვლილი ბილიკებიც გაგვიკვალავს. ზემო იმერეთის მიუდგომელ სოფელში ზამთრის ქორწილში ავსულვართ, გათოშილ სეფაში სხვებთან ერთად გვიქეიფია და სტუმრებით სავსე ავტობუსიც მიგვიყენებია მისთვის ჭორვილაში. შვილებზე უყვარს საუბარი. მუდამ იმას ცდილობდა, რომ მის შვილებსაც გაეთავისებინათ სამშობლოს ხიბლი, შყვარებოდათ მისი ღირსება, ეგრძნოთ და მადლით გამთბარიყვნენ.

სამშობლოს განცდა შეიძლება თავისთავადაც  გესტუმროს კაცს ოდესმე, მაგრამ მაგალითსაც ხომ უზარმაზარი ძალა აქვს.  ჰოდა, სხვა დროს მუდამ თავშეკავებული ბიძინაც ვერ მალავს ხოლმე სიამაყეს, როცა შვილებზე საუბრობს. იცის, რომ მათაც საოცრად უყვართ სამშობლო.

ეს მისი დამსახურებაა, ქალბატონო ია. იმ კაცის დამსახურებაა, რომელიც, თქვენი აზრით, სამშობლოს ჯერაც არ შეხვედრია.

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს არ ხვდებოდა, ნიშნავს იმას, რომ ხალხს გაურბოდა?! არა, არ ნიშნავს და არც ასე ყოფილა ოდესმე. საქართველოს რომელ კუთხესაც მოინახულებდა, მუდმივად ხალხს ეძებდა, ადამიანების გარემოცვაში ტრიალებდა, იქაურობის ჭირით ინტერესდებოდა და ლხინს იზიარებდა. მერე და მერე, ბევრი პრობლემის მოგვარებასაც ახერხებდა ჩუმად და გაუხმაურებლად.

პირიქით რომ გეთქვათ, ქალბატონო ია, ბიძინა ივანიშვილს ხალხი არ იცნობდაო, ნამდვილად ვერ შეგეწინააღმდეგებოდით, რადგან ბიძინა კი იყო მუდამ ხალხთან, მაგრამ იმ ხალხმა არ იცოდა მისი ბიძინობა. ვერ სცნობდნენ. ეს კი ურთიერთობას აადვილებდა. უშუალობა იყო გარანტირებული და იმიტომ.

არ ვიცი, აინტერესებს თუ არა ქალბატონ ია ანთაძეს ასეთი ფაქტი, მაგრამ საზოგადოებას მინდა გავუმხილო, რომ ბიძინას თეატრი უყვარს ძალიან. თითქმის ყველა წარმოდგენას ესწრება მეუღლესთან ერთად. ფილარმონიაშიც ხშირად დადიოდა და კონსერვატორიაშიც. რამდენჯერ ერთად მოგვისმენია ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს მაშინ ხდებოდა, როცა მას არ იცნობდნენ. რამდენჯერ უკითხავთ ჩემთვის, - გუშინ რომ კაცი გეჯდა გვერდით, ვინ იყოო. მეც ალალად ვამბობდი, ვინც იყო, ეცინებოდათ და, რა თქმა უნდა, არ იჯერებდნენ.

მოგვიანებით დააფიქსირეს, ვიღაცამ ფოტო გადაუღო, თუ არ ვცდები, პირველად ცირკში ყოფნისას. დაიჩივლა კიდევაც ჩემთან, ფოტოები გახშირდა, ხალხიც თანდათან მიცნობს და ვეღარ ვახერხებ ძველებურად შეუმჩნეველი დავრჩეო.

არ მახსოვს, ახლობლის ქორწილი ან რომელიმე სხვა საზეიმო წვეულება გამოეტოვებინოს ან ეკას, ან ბიძინას. მუდამ ერთად ვიყავით, ჭირისუფლობასაც ხომ ვერავინ დაასწრებდა.

გოგი დოლიძემ ისე მიგვატოვა, რომ ბიძინას გაცნობა ვერ მოასწრო. ბიძინამ მისი სახელი ჩვენით შეიყვარა. თავგასას, გურამის და ზაურის პანაშვიდებზე კი ზუსტად ისე იდგა ჭირისუფლად, როგორც ჩვენ. სულ ბოლოს რამაზ ჩხიკვაძის ჯერ პანაშვიდზე, შემდეგ კი დაკრძალვაზე ოჯახით მისული ბიძინა ივანიშვილი უკვე ბევრს ემახსოვრება. მას უკვე ყველა სცნობდა და აღმოჩნდა კიდევაც საყოველთაო  ყურადღების ცენტრში.

ასე რომ, ადრე თუ თავისუფლად ახერხებდა ხალხთან ურთიერთობას, დღეს ამ ურთიერთობამ სხვა დატვირთვა შეიძინა და არა მგონია, ასეთი საყოველთაო ყურადღება მას ახარებდეს. მაგრამ იმის თქმა კი თამამად შემიძლია, რომ ბიძინა ივანიშვილს არც ხალხისაგან გარიყვის სურვილი ჰქონია ოდესმე და არც ხალხთან ურთიერთობის დეფიციტი.

ქალბატონო ია, ძალიან მსურს დავიჯერო, რომ მართლა ვერ მოახერხეთ ზემოთ ხსენებული კითხვების ბიძინასთვის გაზიარება, მაგრამ რადგან ჩვენ გაგვიზიარეთ და პასუხებიც მოაყოლეთ, მეც ხომ მაქვს ამ პასუხების არგაზიარების უფლება? და როგორც ბიძინას დიდი ხნის მეგობარს, ალბათ, იმის უფლებაც მაქვს, რომ თქვენი კითხვებისთვის ჩემეული  პასუხები გამეცა. თქვენთვისაც მეთქვა, როგორც ამ ქვეყნის ღირსეული შვილისთვის და იმ საზოგადოებისათვისაც გამეცნო, რომლის ღირსეული წევრებიც ორივე უნდა ვიყოთ.

აქ წერტილის დასმაც შეიძლებოდა, რომ არა კიდევ ერთი საინტერესო პასაჟი თქვენი წერილიდან: „სხვათა შორის, ეს გზა დაბალი სტატუსიდან მაღალ სტატუსამდე თავად მიხეილ სააკაშვილმა გაიარა 2003 წელს ჰორიზონტალურ სივრცეებში: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან წალენჯიხამდე და შემდეგ უკან - პრეზიდენტობამდე. ბიძინა ივანიშვილს უფრო რთული ამოცანა აქვს, მან უნდა გაიაროს გზა ვერტიკალზე: ბიზნესმენობიდან სამშობლოს გულისგულამდე და უკან - მოქალაქეობამდე“.

უნდა ვაღიარო, ძალიან ლამაზი პასაჟია, მაგრამ, სამწუხაროდ, უსარგებლო. როგორც ძველები იტყოდნენ: „ამაოდ დაშვრა, საწუხარ არს ესეო“. არა? ამ შემთხვევაშიც უპრიანია ეს ფრაზა და აი, რატომ:

თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ საკრებულოდან წალენჯიხის გავლით პრეზიდენტობამდე ასეთ მოსვლას გზა ჰქვია?! ასეა, ასე, ჩემო კეთილო. ეს გზა კი არა, პატარა აღმართი იყო, რომლის ასარბენადაც კაცმა წალენჯიხიდან დაიწყო გამოქანება და თანაც ზემოდანაც მძლავრად ქაჩავდნენ.

გზა მერე დაიწყო, ქალბატონო ია, იმ აღმართის არბენის შემდეგ. აგერ უკვე შვიდი წელიწადია, გზაზე ვდგავართ - მეც და თქვენც, იქნებ ამიხსნათ, ლაფში ვართ ჩაფლულები თუ მართლა ყვავილებით მოჩითულ მდელოზე ვნებივრობთ, როგორც გვიმტკიცებენ. აი, ამ გზის გადახედვა გმართებთ, ქალბატონო ია და არა დაქირავებული "იკარუსებით" ავლილი აღმართის.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მერწმუნეთ, მას სამყაროს ყველაზე რთული გზა უკვე გავლილი აქვს. გზა, რომელიც საკუთარ სხეულში გადის და გზა, რომელიც ყვითელი ავტობუსებით კი არა, ტკივილიანი ფიქრითაა გასავლელი. ამ გზის გავლის შემდეგ მიდიან ხოლმე სამშობლოსთან ჭეშმარიტი მამულიშვილები, ერთადერთი სურვილით - ემსახურონ საკუთარ ხალხსა და სამშობლოს.

ქალბატონო ია, გახსოვთ ალბათ, ჩემი წერილის დასაწყისში ვახსენე - კიდევ ვაკეთებ რაღაცას, მაგრამ ამის შესახებ, ქვევით-მეთქი.  ჰოდა, ახლა გეტყვით. რამდენიმე წიგნიც მაქვს დაწერილი, ერთ-ერთს „კვამლის სინდრომი“ ჰქვია და ზუსტად იმ საკითხებს შეეხება, რაც, როგორც გაირკვა, ორივეს გვაწუხებს - სამშობლოს სიყვარულია ეს და კიდევ მასთან მისასვლელი გზები. თუ პატივს დამდებთ და ამ წიგნს წაიკითხავთ, მაშინ გაცილებით ადვილად მიხვდებით იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილზე ვამბობ. ადვილად მიხვდებით, თუ რომელი გზა აქვს მას გავლილი, როგორ შეეყარა მას ამ გზაზე კვამლის სინდრომი, იმასაც გაიგებთ, რომ ღამე ბალიშზე კი არა, სამშობლოზე უდევს თავი და იმასაც, რომ ფიქრმტკივანი კაცია.

ზუსტად ამიტომ მაქვს მისი იმედი. თუმცა იმ ხალხთან რა მოსატანი ვარ, ვისაც მისი იმედი აქვს. ისინი ხომ გაცილებით ბევრნი არიან, თითქმის მთელი საქართველო.

მოქალაქეობა მას პრეზიდენტმა ჩამოართვა, მაგრამ ხალხმა დაუბრუნა. ზუსტად იმ ხალხმა, რომელთანაც შეხვედრას თქვენ ურჩევთ. გამოდის, რომ ეს შეხვედრა უკვე შემდგარა, ქალბატონო ია. შემდგარა და დღესაც გრძელდება, ხვალაც გაგრძელდება და ასე - დაუსრულებლად.  ასეთი შეხვედრა ხდება მაშინ, როდესაც ათასობით ადამიანი „ქართუ“ ბანკში მიდის და თითქოს რამდენიმელარიან თანადგომას უცხადებს მას. სინამდვილეში ეს თანადგომა შეუფასებელია.  ხომ მეთანხმებით?!

ასეთი შეხვედრა შედგა მაშინაც, როდესაც ხალხმრავალ ქორწილში მოულოდნელად თამადა მის სადღეგრძელოს ამბობს და დიდ-პატარიანად ყველა ფეხზე დგება და მაშინაც, როდესაც დიასახლისი სველ იატაკზე დასაგებ გაზეთის გვერდებს გამალებით ფურცლავს, ის გვერდი რომ არ გადაყვეს, სადაც ბიძინას ფოტოა გამოსახული. ესაა ჭეშმარიტი შეხვედრები, ქალბატონო ია, რადგანაც ცრემლებამდე ამაღელვებელია მისი გულწრფელობა. მოქალაქეობის მინიჭებაც ესაა და სიმართლეც.

ყოველივე ამის შემდეგ მეც მაქვს თქვენთან ერთი შეკითხვა. დავუშვათ, მართლა ვერ მოახერხეთ და ვერ გაიცანით, ან ვერ შეიცანით ბიძინა ივანიშვილი, ამიტომაც ზოგი რამ გაეჭვებთ მის პიროვნებაში, მაგრამ ნუთუ დღემდე ვერ გაარკვიეთ, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? მართლაც დასავლური ღირებულებების მქონე ლიბერალია?! ქალბატონო ია, თუკი თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ციხე-კოშკშია გამოკეტილი და საკუთარ ხალხთან მისვლას ვერ ახერხებს, თქვენ ხომ ეს თავისუფლად შეგიძლიათ, მიდით მათთან და ჰკითხეთ, რას ფიქრობენ საკუთარ პრეზიდენტზე.

იცნობთ თქვენს ხალხს? იცნობთ თქვენს სამშობლოს? განა თქვენ თავად არ ამბობთ, რომ არსებობის უფლება ყველას გვაქვს, მათ შორის „სააკაშვილის ჟურნალისტებსაც“ და სწორედ ასე, სხვისი არსებობის აღიარებით, სხვისი დანახვით, ზოგჯერ სხვისი უპირატესობის შემჩნევით და ამით გამოწვეული სიხარულით იწყება შეხვედრა, რომელმაც შესაძლოა, თითოეული ადამიანის და ჩვენი საერთო სამშობლოს ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს.

აბსოლუტურად გეთანხმებით. ყველაფერი  მართლაც ძირფესვიანად შესაცვლელია. თუმცა ვიდრე სხვისი არსებობის აღიარება-არაღიარებით დავკავდებით, მანამდე ყველაფერს თავისი სახელი უნდა მოვუძებნოთ და საკუთარი თავიც უნდა შევაწუხოთ დროდადრო კითხვებით. სხვანაირად იმ ქვეყნის ცხოვრებას, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს, ძირფესვიანად კი არა, ზერელედაც ვერ შევცვლით.

P.S. ქალბატონო ია, ვინც მე ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ხუმრობის გარეშე მიჭირს საუბრის დასრულება. ვერც თქვენთან გამომშვიდობებას შევძლებ ხუმრობის გარეშე. ამიტომ გეტყვით, მეც მხოლოდ გუშინ მივხვდი, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის ნაცვლად, უმჯობესი იქნება ორმაგი ან სამმაგი მოქალაქეობის სტატუსი შემოვიღოთ საქართველოში. კი, ბატონო, ერთგზის მოქალაქე ყველა უნდა იყოს, გინდ წალენჯიხიდან მოდიოდეს, გინდ -ჭორვილიდან.  მერე კი, მხოლოდ და მხოლოდ, ქვეყნის წინაშე დამსახურების მიხედვით - მავანს და მავანს მიენიჭოს ორმაგი მოქალაქეობა... მიენიჭოს სამმაგი მოქალაქეობა....

რას იტყვით, ქალბატონო ია, ასეთი რამ მართლა რომ ხდებოდეს, რამდენგზის მოქალაქეობას დაიმსახურებდა ბიძინა ივანიშვილი? მოდით, ახლა მე და თქვენ დროებით გავებუტოთ ერთმანეთს, დროებით გავჩუმდეთ და ამ კითხვაზე პასუხი იმ ხალხს მივანდოთ, ბიძინა ივანიშვილს ჯერ რომ არ შეხვედრია.

თემურ ჭკუასელი