საგზაო წესების დარღვევებისთვის ჯარიმები მკაცრდება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმის ოდენობა 50-დან 100 ლარამდე იზრდება, ხოლო თუ მძღოლი წლის განმავლობაში იმავე დარღვევას გაიმეორებს, 200-ლარიან ჯარიმას გადაიხდის. გარდა ამისა, მკაცრდება ჯარიმები სხვა დარღვევებისთვის. მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან მანევრირების წესების დარღვევა 50 ლარით ჯარიმდება. აქამდე ამისთვის ჯარიმა განსაზღვრული არ იყო. კანონპროექტის ავტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა. ეს უკანასკნელი ჯარიმების ზრდას პრევენციის აუცილებლობით ხსნის. შსს-ს მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ავტოავარიების გამო დაახლოებით 2000 კაცი დაზარალდა, მათ შორის 200 გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ დღეს არსებული ჯარიმები პრევენციის ფუნქციას ვერ ასრულებს და ამიტომ ზოგიერთ დარღვევაზე ჯარიმების გამკაცრება გადაწყვიტეს.რობერტ იანტბელიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "მძღოლი, გზა, სამართალი" პრეზიდენტი: "ვინც ამტკიცებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა, აუცილებლად უნდა აქვეყნებდეს პერიოდულად სანდო სტატისტიკურ მონაცემებს. მერწმუნეთ, ასეთ ინფორმაციას ვერც ერთ სახელმწიფო უწყებაში ვერ მოიძიებთ. შესაბამისად, ჯარიმების გამკაცრებისთვის იმ არგუმენტის მოყვანა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა, ნაკლებად სარწმუნოა. ჯარიმების ზრდას, ახლის დაწესებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, - მძღოლების ხარჯზე ბიუჯეტის შევსება. ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის დადგენილია ჯარიმა 200 ლარის ოდენობით და რაღაც მარტივი, უნებური შეცდომისთვის მძღოლს ამდენივე უნდა გადაახდევინონ? ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა დიდი დანაშაულია, ამიტომ მგონია, რომ თუ მცირედი დარღვევებისთვის ასე მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმის ოდენობა, ახლო მომავალში აუცილებლად გაიზრდება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვისაც.იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის ნათელი და გამჭვირვალე იყოს, რამდენ კაცს აჯარიმებს საპატრულო პოლიცია საგზაო წესების დარღვევისთვის და რა თანხა შედის ბიუჯეტში, ეს მონაცემებიც საჯარო უნდა იყოს. გამოაქვეყნონ კონკრეტული სტატისტიკა, რამდენი კაცი დააჯარიმეს თვის განმავლობაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის, წითელზე გავლისთვის და ა.შ. ახლა გვეუბნებიან, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა. მანამდე კი ამბობდნენ, რომ საპატრულო სამსახურის შექმნასთან ერთად ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუმჯობესდა. როგორც სჭირდებათ, ის არგუმენტი მოჰყავთ.არის კიდევ ერთი პრობლემა, - მძღოლების უმეტესობას არ შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა საგზაო პატრულთან. გარდა ამისა, ბოლო დროს საპატრულო პოლიციას მეწარმეების მსგავსად დაურიგეს სალარო-აპარატები. ავტოსაგზაო წესების დარღვევის შემთხვევაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ჯარიმის ოდენობა შეჰყავს სალარო-აპარატში, ამოგირტყამთ ქვითარს და გადასახდელად გაგგზავნით. უწინ გეუბნებოდა, რა დაარღვიე და ადმინისტრაციული კოდექსის რომელი მუხლის, რომელი პუნქტით ჯარიმდებოდი. მძღოლს შეეძლო თანხმობის ნიშნად ხელი მოეწერა ოქმზე ან არ მოეწერა. შესაბამისად, მძღოლს უფლება ჰქონდა, საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილება გაესაჩივრებინა. ახლა კი პატრულის თანამშრომელი კანონდამრღვევ მძღოლს ოქმს აღარ უწერს, პირდაპირ ჯარიმის ქვითარს აძლევს და თუ მძღოლი შეეწინააღმდეგა, ემუქრება კიდეც, თუ ჭკუითYარ იქნები, 10 ლარის მაგიერ 100-ლარიან ქვითარს ამოგირტყამო. ეს მძღოლების ტერორია. ბევრს უთქვამს, გვირჩევნია 10 ლარი გადავიხადოთ, ვიდრე 100 ლარის გადახდა დაგვაკისრონო. მძღოლი ისედაც ხელ-ფეხშეკრულია და ახლა ახალი ჯარიმები დაუწესეს უმნიშვნელო გადაცდომებისთვის, რაც გამოცდილმა მძღოლმაც კი შეიძლება დაუშვას".იხილეთ ვიდეო(სპეციალურად საიტისთვის)