"პრეზიდენტთან ჩვენი სიების გარდა, სხვა სიებიც შედის "
ქვეყანაში 26 მაისისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პატიმრების შეწყალების აქტი იგეგმება. რამდენი პატიმრის შეწყალების რეკომენდაციით გამოვა შეწყალების კომისია ან რა დანაშაულისთვის გასამართლებული პირები შეიძლება მოხვდნენ შეწყალებულთა შორის, ამას შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძისგან შევიტყობთ.
- ქალბატონო ელენე, რამდენად მასშტაბური იქნება დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილი შეწყალება?
- მასშტაბური ვერაფრით ვერ იქნება, რადგან ბოლო სააღდგომო შეწყალებიდან ერთი თვეა გასული და ამ მოკლე დროში შეუძლებელი იყო ბევრი საქმის მომზადება მოგვესწრო.
- შეგიძლიათ გვითხრათ, რა სახის დანაშაულებზე გავრცელდება ამჯერად პრეზიდენტის შეწყალება?
- ვერ გეტყვით, რადგან ჯერ ყველა საქმე არ განგვიხილავს. შემიძლია გითხრათ, რომ შეწყალების კომისია სულ 105 საქმეს განიხილავს, აქედან თხუთმეტი ქალია და ოთხი არასრულწლოვანი. განხილვას, სავარაუდოდ, 20 მაისს დავასრულებთ და პრეზიდენტს რეკომენდაციებს გადავცემთ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ თითქოს მხოლოდ მსუბუქი დანაშაულისთვის გასამართლებულთა საქმეებს განვიხილავთ, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ განვიხილავთ ყველა განაცხადს. ჩვენს განსახილველ საქმეებში მკვლელობაც არის, გაუპატიურებაც, ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვაც და ა.შ. როცა განცხადება შემოდის და ვითხოვთ საქმეს განსახილველად, ამას მუხლების მიხედვით კი არ ვითხოვთ, არამედ სხვა კრიტერიუმებით. პირველი - პატიმარს უნდა ჰქონდეს მოხდილი სასჯელის ნახევარი, მეორე - უნდა ჰქონდეს აუცილებლად დადებითი დახასიათება იმ სტრუქტურიდან, რომელშიც იხდის პატიმრობას. განხილვის დროს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად ვუდგებით ყოველი პატიმრის დანაშაულს. გვაქვს შემუშავებული კრიტერიუმები, რომელთაც არასდროს ვარღვევთ. მკვლელობის მუხლი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტრეფიკინგის საქმეები, ყაჩაღობა არაერთი ეპიზოდითა და ძალადობის გამოყენებით, - ეს არის დანაშაულები, რომელთა ჩამდენებსაც, როგორც წესი, ვერ ვაძლევთ რეკომენდაციებს შესაწყალებლად. თუმცა არის ყაჩაღობის მუხლი, როდესაც პირველი ნასამართლეობაა და ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდაცია შეიძლება მივცეთ, მით უფრო, თუ პატიმარს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს ან სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ შეწყალებაზე იგეგმება რამდენიმე ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტის გათავისუფლება და რომ ხელისუფლება მათ გამოყენებას საარჩევნოდ აპირებს.
- უკაცრავად, მაგრამ ყველა საქმე, რომელსაც განვიხილავთ, კრიმინალურია. საქმეში როგორ უნდა ამოვიკითხოთ, არის ვინმე კრიმინალური ავტორიტეტი თუ არა? ისე, ვინც მაგას ამბობს, არ ვიცი, საიდან იციან, ჩვენ რა საქმეებს განვიხილავთ. იქნებ გვაცნობონ გვარები და სახელები, ვის გულისხმობენ კრიმინალურ ავტორიტეტებში და განხილვისას გავითვალისწინებთ. ისე, არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ პრეზიდენტთან ჩვენი სიების გარდა, სხვა სიებიც შედის. პრეზიდენტთან შედის სია საპატრიარქოდან და არ ვიცი, კიდევ საიდან...
- ამბობენ, პროკურატურიდანაცო...
- დანამდვილებით არ ვიცი, ვარაუდით კი ვერაფერს გეტყვით. მე პასუხს ვაგებ ჩვენ მიერ მომზადებულ საქმეებზე. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არც აქამდე და არც მას შემდეგ არ გამოვალთ იმ პირთა შეწყალების რეკომენდაციით, ვინც არა მხოლოდ ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის იხდის სასჯელს, არამედ არც იმათი, ვინც ქურდულ სამყაროს თანაუგრძნობს და ამიტომაა გასამართლებული.
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)