ასლარიანი ჯარიმა რადიოს მოსმენისთვის - კვირის პალიტრა

ასლარიანი ჯარიმა რადიოს მოსმენისთვის

"ორშაბათს დილიდან გაგვაფრთხილეს, რადიოს ჩართვის შემთხვევაში 100-ლარიან ჯარიმას მიიღებთო", - ამბობს მძღოლი და სარეკლამო რგოლებით შეწუხებული უკმაყოფილო მგზავრების დაშოშმინებას ცდილობს, - რეკლამაც გამორთე! არ გვინდა, კაცო! - არ ცხრება ჩემ წინ მდგარი ულვაშა კაცი, - როცა ფასები გაძვირდა, კონდიციონერს, უფრო ხშირად მოსიარულე მარშრუტებსა და კომფორტულ მგზავრობას შეგვპირდნენ, სად არის? ჩვენ ყველაფრის ღირსი ვართ, ხალხო! - დამშვიდდი და ნუ პროვოკატორობ, მშვენიერი ხინკლის რეკლამაა! - ხუმრობს მის გვერდით მდგარი ქალბატონი, მაგრამ მეუღლეს ვერ აწყნარებს.

- ის დღე დაიწვა, როცა რული პირველად დავატრიალე, - გმინავს მძღოლი და სოლოლაკის მიხვეულ-მოხვეულ აღმართს მივუყვებით.

ნუგზარი, 47 წლის:

- თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მერე სხვებმაც თქვეს, რომ გააფრთხილეს.

- პირადად თქვენ ვინ გაგაფრთხილათ?

- ყველა ხაზს თავისი უფროსი ჰყავს, ვისაც ყოველდღიურ თანხას ვაბარებთ. როგორც გავიგე, სხვა ნომრის ბიჭებს რადიოს თვითნებურად ჩართვის გამო ერთი გაფრთხილება უკვე მისცეს, მეორედ 100-ლარიან ჯარიმას გამოუწერენ და მესამედ კი უმუშევრად დატოვებენ. უმუშევარი მძღოლების მეტი რა არის?

დათო ურუშაძე, მძღოლი:

- სამუშაოდ დილის 6 საათზე გამოვდივართ და 12-მდე საჭესთან ვზივარ. გაზეთის წასაკითხად მე არ მცალია და ტელევიზორის საყურებლად. რადიო ჩემთვის ერთადერთი საინფორმაციო საშუალებაა და წარმოიდგინეთ, ისიც გათიშეს. ღამის 12 საათზე რას უნდა მოვუსმინო ან რისი მოსმენის თავი მაქვს, დასვენება ხომ მინდა?! ხშირად უთქვამთ ხუმრობით, ეს ოპოზიციური რადიოები მძღოლებს თავის მგზავრებიანად აგიჟებენო. რაღაც ინფორმაციის გამო სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ მგზავრებს შორის კამათიც მომხდარა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რამეა, როცა რადიო ჩართული არ არის, მაშინაც კამათობენ. თუ მგზავრი შარიანი და რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე დაბოღმილია, ქუჩაში გაკრულ ბანერზეც კი შეუძლია ტრანსპორტში "კონცერტი" გამართოს. რადიო არაფერ შუაშია... როცა მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი გააძვირეს, მაშინ უამრავი მგზავრი დავკარგეთ და დარწმუნებული ვარ, ახლაც ბევრი იტყვის უარს პროტესტის ნიშნად. არადა, ყოველდღიურად 98 ლარის, პლუს ცვეთის ხარჯების გაწევა გვიწევს. ისეთი დღეც მქონია, შინ სამი ლარი მიმიტანია... და მაინც, რომ წავიდე, სად წავიდე, ოჯახი მყავს.

თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალის გათიშვის შესახებ ინფორმაცია კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" 6 ივნისს გაავრცელა. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, სარეკლამო კომპანია "ელეფანტთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო კომპანიას მიკროავტობუსებში დამონტაჟებულ მონიტორებზე სარეკლამო რგოლების მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება ევალება, რასაც ხელს უშლის რადიოსიგნალი. კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" ოთხ კომპანიას აერთიანებს. ის 2011 წლის დასაწყისში მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა და 20 წლის ვადით თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა ტრანსპორტირების ნებართვა მოიპოვა.

როგორც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" განგვიმარტეს, "კომპანიამ დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან, ამ შემთხვევაში სარეკლამო კომპანია "ელეფანტთან" ხელშეკრულება შარშან გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ლიცენზიის მფლობელმა სატრანსპორტო კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ სარეკლამო რგოლების მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება, რაც რადიომაუწყებლობის პარალელურად ვერ ხერხდებოდა. ამიტომაც ჩვენმა ტექნიკურმა სამსახურმა გადაწყვიტა, ხმოვანი სიგნალი გაგვეთიშა, ხელშეკრულების პირობები არ დაგვერღვია. მას შემდეგ, რაც თბილისში ყველა მიკროავტობუსში სარეკლამო მონიტორი დამონტაჟდება, რადიოსიგნალი ყველგან გაითიშება".

შეკითხვაზე, არღვევს თუ არა ეს გადაწყვეტილება მგზავრთა უფლებებს, კომპანიის წარმომადგენელმა გვიპასუხა, რომ ეს მხოლოდ ბიზნესგადაწყვეტილებაა და არავის უფლება არ დაურღვევიათ. იმ მგზავრებს, ვისაც სარეკლამო რგოლების ყურება არ უნდათ, შეუძლიათ გარეთ გაიხედონ.

ნოდარ ჭიჭინაძე, "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" პრეზიდენტი:

"სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამის განთავსება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, თუმცა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რადიო უნდა გათიშონ. რადიოსა და თუნდაც იმ რეკლამების აკრძალვა, რომელიც ამ რადიოებში გადის, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საბაზრო, ღია და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებს. წინასაარჩევნო პერიოდია და არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ მონიტორები პოლიტიკური რეკლამისთვის გამოიყენოს და, შესაბამისად, მოსახლეობის მასობრივი ზომბირება დაიწყოს".

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო: არის თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიკროავტობუსებში რადიოს გათიშვა