რამ აიძულა მეუფე იობი ექადაგა ხელისუფლებისთვის არცთუ სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვები - კვირის პალიტრა

რამ აიძულა მეუფე იობი ექადაგა ხელისუფლებისთვის არცთუ სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვები

ერისა და ბერის ერთიანობის ისტორიული მაგალითები

საქართველო მაშინ იყო ძლიერი და მტერთაგან შეუვალი, როდესაც ერისა და ბერის სინერგია ედგა ბალავრად ქვეყნის განვითარებას

არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ერის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიეღოს ეკლესიას და სასულიერო იერარქებს

რუის-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგება ბოლო დროის უმთავრესი მოვლენა გახდა. ამ ქადაგების "მთავარი" სიტყვა, რომელშიც ის ბრძანებს, რომ "თუ ეს ხელისუფლება დარჩა, საქართველომ შესაძლოა აღარც იარსებოს", საზოგადოების იმ ნაწილს, რომლისთვისაც ეკლესია და რწმენა მხოლოდ სალანძღავი ობიექტია (სავარაუდოდ, მსუყე გრანტების წყაროც), პირდაპირ ემცხეთა და ატყდა ვაი-უშველებელი: "როგორ ბედავს... უფლება ვინ მისცა... რატომ ერევა ეკლესია სახელმწიფოს საქმეებში..."ნაწილს ახლა გაახსენდა სინოდის განჩინება სასულიერო პირების პოლიტიკაში ჩაურევლობის შესახებ, მაგრამ არავის გახსენებია საქართველოს ისტორია, რომელიც სავსეა ასეთი მაგალითებით. არ ყოფილა მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი სამშობლოს მატიანეში, როდესაც ერის ბედის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიეღოს ეკლესიას და სასულიერო იერარქებს.

მასმედიის ზოგიერთი საშუალება იქამდეც მივიდა, რომ დაუფარავად დაიწყო მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის განკითხვა და ლანძღვა. ურიგო არ იქნებოდა, "ქართლის ცხოვრებისთვის" გადაევლოთ თვალი, რათა დარწმუნებულიყვნენ, ამ ქვეყანას ერის გარდა ბერიც ჰყავს და ის მხოლოდ მაშინ არ უნდა გაგახსენდეს, როცა წუთისოფლის ტკივილებით გათელილ ტაძარში მუხლზე დაეცემი და "ღმერთო, მიშველეო!" აღავლენ.

როდესაც ქვეყანას უჭირდა, მის გადარჩენაში ავანგარდის როლი უპირობოდ ეკავა დედაეკლესიას. ამის მაგალითად მარაბდის ომის გახსენებაც კმარა, როდესაც შაჰ-აბასის აურაცხელი არმიის წინაშე სამკვდრო-სასიცოცხლოდ დადგა ერი და ბერი. ბრძოლის ველზე დაცემულთა შორის მრავლად იყვნენ სისხლით გაჟღენთილ ანაფორაზე ხმალშერტყმული ბერებიც, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მამულს შესწირეს. მათ შორის იყო ორი ეპისკოპოსიც(!) - მროველი და ხარჭაშნელი... ასეთი მაგალითების მოყოლა მრავლად შეიძლება.

გასაგებია, რომ ეს საგარეო მტერთან ბრძოლის მაგალითებია, რომელიც ზოგიერთისთვის საკმარისი არ არის და ისინი აუცილებლად მოიყვანენ არგუმენტს იმის დასამტკიცებლად, რომ ძმათა შორის დაპირისპირებაში საეკლესიო პირმა რომელიმეს მხარე არ უნდა დაიჭიროს, მაგრამ ბოლო პერიოდში ეპისკოპოსების და სხვა სულიერი მამების მიერ არაერთხელ გამოხატული შეშფოთება, რომ სახელმწიფო უხეშად ერევა ეკლესიის საქმიანობაში, საგანგაშოა და ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას, რათა ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა საკუთარი ამბიციები დროულად მოთოკოს და განკითხვის მაგიერ თავმდაბლობას მოუხმოს.

ნურავის ავიწყდება, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მოსაგვარებლად, დაწერილი თუ დაუწერელი კანონების გარდა, ერის სულიერ მამებს უპირველეს მსაჯულად და წინამძღვრად ჰყავთ უზენაესი ფასეულობა უფლის სახით და მისადმი მორჩილება განუზომლად აღემატება ნებისმიერ ამქვეყნიურ მითითებას თუ გადაწყვეტილებას.

საეკლესიო იერარქის ნებისმიერი სიტყვა იგივე ქადაგებაა, რომელსაც კურთხევის მადლი გააჩნია და ის არასოდეს, არაფერს ამბობს შემთხვევით, რადგან უფლის მიერ ხელდასხმულია.

და რომც ცდებოდეს, მისი გადაცდომის განსჯა ჟურნალისტური (ან ნებისმიერი საერო ინსტანციის) სამსჯავროს თემა კი არ არის, არამედ თავად ეკლესიისა, რომლის საჭეთმპყრობელმა თავად უკეთესად უწყის, დასაჯოს თუ წაახალისოს მის წიაღში მყოფი სულიერი შვილი. ამდენად, მითითება პატრიარქისა და სინოდისადმი, რომ ამაზე რეაგირება მოახდინოს, უკვე ჩარევაა მათ საქმიანობაში და ამაზე ჰქონდა სწორედაც საუბარი მიტროპოლიტ იობს(!).

წარსულის გადმონაშთად და სულიერ დიქტატად ნურავინ ჩათვლის, თუკი ერთ მაგალითსაც მოვიყვანთ საქართველოს ისტორიიდან. ალბათ გახსოვთ, წმინდა მამის, გრიგოლ ხანძთელის ღვაწლი ჩვენი სამშობლოს წინაშე. მისი თანამედროვე იყო ქართველი გვირგინოსანი აშოტ კურაპალატი, კიდევ ერთი დიდი ხელმწიფე საქართველოსი.

მეფის რეგალიების მიუხედავად, მამა გრიგოლს არასოდეს მორიდებია უპირველესი საერო პირის მხილებისა და სასახლიდან "დედაკაცი სიძვისაც" კი წაჰგვარა(!). ამან მიახვედრა მეფე, რომ "ხორციელად ძლიერსა" ხელმწიფესა სულიერად ძლიერთა კაცთა სძლიეს!”

შესაძლოა, დღევანდელ ხელისუფალთ სასულიერო მოღვაწეების ასეთი პირდაპირობა არაფრად ეჭაშნიკოთ და დემოკრატიის სახელით თანამედროვე ღირებულებები (მათ შორის ეკლესიის ჩაურევლობა სახელმწიფოს საქმეებში) გასამართლებლად აიფარონ, მაგრამ მაინც მდაბლად გვინდა მათ შევახსენოთ: ეს მაგალითი იმიტომ კი არ მოგვიყვანია, რომ მავანთ მოვუწოდოთ, დღესვე ბერული ჩოხა ჩაიცვან და განდეგილებად დაეყუდონ, არამედ მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას გავუსვათ ხაზი: საქართველო მაშინ იყო ძლიერი და მტერთაგან შეუვალი, როდესაც ერისა და ბერის სინერგია ედგა ბალავრად ქვეყნის განვითარებას.

ამის საილუსტრაციოდ ზემოთ მოყვანილი მაგალითიც კმარა, როდესაც გრიგოლ ხანძთელის და აშოტ კურაპალატის მოღვაწეობის ხანა იყო ჭეშმარიტი რენესანსი ტაო-კლარჯეთის (და შესაბამისად საქართველოს) გაბრწყინებისა. სხვათა შორის ორივე მათგანი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა(!).

სამწუხაროდ, ამ სინერგიის მნიშვნელობა ბევრს არ ესმის და ეს ერთნაირად სავალალოა ყველასთვის, უპირველესად კი ძლიერთა ამა ქვეყნისთვის. მათ რომ გულისყურს იქით არ გაეტარებინათ ეკლესიის საჭეთმპყრობლის ვედრება ბევრ მნიშვნელოვან თემაზე, დღეს აღარ დასჭირდებოდათ სასულიერო პირებს ისეთი ქადაგება, როგორიც მეუფე იობმა ბრძანა.

უფალმა ინებოს, ამ მძიმე დაპირისპირების ჟამს, ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია, ყველას განურჩევლად, მისცემოდეს უნარი სიმშვიდისა და თანამოძმის  სიყვარულისა.

იხილეთ ვიდეო: თუ არსებული ხელისუფლება დარჩა, გარწმუნებთ საქართველო აღარ იარსებებს - მეუფე იობი