ჟურნალისტური კურიოზები - ჯაშუში კორესპონდენტი და სავარაუდო უბნის ინსპექტორი
ჟურნალისტური კურიოზები - ჯაშუში კორესპონდენტი და სავარაუდო უბნის ინსპექტორი
16-08-2012
ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ჟურნალისტობა არცთუ იოლი და სახალისო პროფესიაა, მაგრამ ხანდახან პროფესიული საქმიანობისას ჩვენს თავს ბევრი გაუთვალისწინებელი და სახალისო ამბავი ხდება. ამიტომაც ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, თუ რამდენიმე მათგანს სააშკარაოზე გამოვიტანდი.

ლალი პაპასკირი:
- სანამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივით ანტიკრიმინალური ოპერაცია განხორციელდებოდა, აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ კოდორის ხეობის სოფლის სკოლებისთვის ინვენტარის ჩატანა გადაწყვიტა. ხელისუფლების თანამშრომლებს მარტო ერთი ჟურნალისტი გავყევი. მაშინ სტუდენტი გახლდით. იმ პერიოდში კოდორის ხეობაში სიტუაციას ემზარ კვიციანის დისშვილი, ბაჩო არღვლიანი აკონტროლებდა, სოფელ საკენის გადასახვევთან დაგვხდა და მასპინძლობაც გაგვიწია. შეირაღებული დაჯგუფება "მონადირის" დაშლაზე ლაპარაკი უკვე დაწყებული იყო, რის გამოც ემზარ კვიციანს ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაძაბული ჰქონდა. კვიციანის დის, ნორას სახლში დავბინავდით. მასპინძლებმა იცოდნენ, ჟურნალისტი ვიყავი. თავიდან ცოტა აგრესიულად შემხვდნენ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მოგვარდა. მაშინ პრესის პარალელურად, ერთ-ერთ რადიოსთანაც ვთანამშრომლობდი და რამდენიმე ჩართვაც გავაკეთე.

მორიგი სატელეფონო ჩართვის შემდეგ, ეზოდან ჩემმა თანამგზავრმა, იუმორისტმა დათო ჭანტურიამ დამიძახა. მან და თემურ ქორთუამ ეზოს გარეთ გამიყვანეს, სალაპარაკო გვაქვსო. გავოცდი. ორივე ნერვულად ეწეოდა სიგარეტს. რამდენიმე წუთიანი მტანჯველი დუმილის შემდეგ "ამოღერღეს", - სვანებს შენზე ეჭვი აქვთ, რომ აქედან თბილისს რაღაც საიდუმლო ინფორმაციას აწვდიო... სწორედ იმ წუთს ჩვენკენ კბილებამდე შეიარაღებული ბაჩო არღვლიანი წამოვიდა, - თქვენთან ცალკე სალაპარაკო მაქვს და მანქანაში ჩასხედითო!.. მახსოვს, ნერვიულობისგან როგორ დამცხა. მუხლები და თითები ამიკანკალდა, მაგრამ ნაძალადევად გავუღიმე და გაბზარული ხმით მივუგე, - თქვენთან ცალკე სალაპარაკო არაფერი მაქვს, თუ რამე გაინტერესებთ, აქვე მკითხეთ-მეთქი... წამით გამიელვა, - სვანები მორწმუნე ხალხია და თუ ძალიან გადამეკიდებიან, ვეტყვი, სუფთა ვარ და ამის დასამტკიცებლად, მზად ვარ, ხატზე დავიფიცო-მეთქი. მაგრამ სვან მასპინძელს, ჩანს, ჩემი დაფეთებული სახის დანახვაზე შევეცოდე და ბიჭებს ეცა, - ახლავე უთხარით, რომ იხუმრეთ, თორემ დაგხოცავთ, ვერ ხედავთ რა სახე აქვსო?! მისი სიტყვები უკვე ბუნდოვნად მესმოდა. ცოტაც და ალბათ ცრემლები წამომივიდოდა. ახლა კი ხალისით ვიგონებ იმ დღეს, მაგრამ მაშინ დათო ჭანტურიას ხუმრობის გამო აზრზე მოსასვლელად ერთი საათი დამჭირდა.

ემა ტუხიაშვილი:
- ერთ წელიწადს კახეთში ატმის დიდი მოსავალი მოვიდა და გაზეთის ეკონომიკური დამატებისთვის, "ეკონომიკური პალიტრისთვის" ამ თემაზე სტატიის დაწერა გადავწყვიტე. ამის გამო სოფელ ბუშეტის გამგებელს, ჯემალ ღუდუმიძეს დავურეკე და ატმის გასაღების ამბები გამოვკითხე. ბატონი ჯემალი გულახდილად მესაუბრა, - აურაცხელი ატმის მოსავალი გვაქვს, გაყიდვა ჭირს და ამიტომაც იაფად ვყიდით, მაგრამ ამდენი კარგი ატმის ფონზე პატარა ატმები აღარავის უნდა და ძნელად იყიდებაო. მოგეხსენებათ, ჟურნალისტის ხასიათი, პრობლემა "დავიჭირე", თურმე პატარა ატმები არ იყიდებოდა და შეწუხებული ხმით, ისე, რომ არც დავფიქრებულვარ, გამგებელს შევეკითხე: - ბატონო ჯემალ, ვისაც პატარა აქვს, იმან რა ქნას-მეთქი? უცებ, პაუზა ჩამოვარდა, მერე კი, - ვისაც პატარა აქვს, გენაცვალე, მე თუ მკითხავთ, სულ მუქთად უნდა ჩააბარონო, - მითხრა ბატონმა ჯემალმა.

კახეთთან კიდევ ერთი სახალისო ამბავი მაკავშირებს. ჰიბრიდული ჯიშის სიმინდზე ვწერდი, რომელიც კახელებმა უხვად დათესეს, მაგრამ მოსავალი ვერ მოიწიეს. სტატიის მოსამზადებლად კახეთში კი ჩავედი, მაგრამ ამ თემაზე საუბარს ყველა თავს არიდებდა. პირადი საუბრისას გაჭირვებაზე გულახდილად ჰყვებოდნენ, მაგრამ დიქტოფონის ჩართვისთანავე დუმდებოდნენ. ამავე სოფელში ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი ჩემი ახლობელი გახლდათ. - მე მოგიგვარებ პრობლემასო, - დამპირდა. დადგა გზაზე, პირველივე გამვლელი მანქანა გააჩერა, - გადმობრძანდით გენაცვალეო, - მძღოლს სთხოვა. დააყენა სიმინდის ყანასთან და, - ახლა რასაც ეს გოგოები გეტყვიან, იგრე გაიმეორეო - დამოძღვრა. მოკლედ, სხვების ნათქვამი ამ კაცს გავამეორებინეთ. თან ჩვენი ნაცნობი პოლიციელი შიგადაშიგ "დაზარალებულ გლეხს" ტექსტს უსწორებდა, - ეგრე კი არა, იგრე უნდა თქვაო. ასე ჩავწერეთ "ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებული გლეხი".

რამდენიმე წლის წინ, როცა მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა, სტატიის დაწერა მთხოვეს ანტონ კათალიკოსზე გიული ჭოხონელიძის მიერ გადაღებულ ფილმზე. წავედი პრემიერაზე, ვნახეთ შთამბეჭდავი ფილმი, დასრულდა ყველაფერი (ეს ფილმი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ). გამოვიდნენ სცენაზე მსახიობები.…ყველა მსახიობი არის, მაგრამ რეჟისორი ქალბატონი გიული - არა! ავნერვიულდი... მეუბნებიან, - აგერ არის გიულიო! - გავიხედავ და მხოლოდ კაცები დგანან. ვფიქრობ, ან ესენი ვერ ხედავენ, ან - მე ვარ ბრმა-მეთქი... ფილმის რეჟისორი ხომ მამაკაცი გახლდათ, მე კი სანამ ხელი არ მომკიდეს და მის წინ არ დამაყენეს, მას ვერ მივაგენი.

ხათუნა ბახტურიძე:
- პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ინტერვიუ ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან ჩავწერე. იმავე საკითხებზე კომენტარს ხშირად სოსო ცინცაძეც აკეთებს. მე კი ორივე ექსპერტთან ვთანამშრომლობ. ორივეს სოსო ქვია, ორივე ექსპერტის გვარი ასო ც-ზე იწყება... ჰოდა, ერთ დღესაც, მასალის წერის დროს, ჩემდა უნებურად რესპონდენტ სოსო ცისკარიშვილის ნაცვლად, სოსო ცინცაძე დავწერე. ერთი კვირის შემდეგ კვლავ დავრეკე ბატონ სოსო ცისკარიშვილთან და კომენტარი ვთხოვე. მან კი არც მომიკითხა, წყრომით მკითხა, - ჩემთან ასახსნელი არაფერი გაქვსო? ვიფიქრე, - ალბათ რაც ინტერვიუზე მითხრა, იმის უარყოფა უნდა-მეთქი და მტკიცედ მივუგე, - იცით, ბატონო სოსო, მე თქვენი ნალაპარაკები ჯერ კიდევ არ წამიშლია დიქტოფონიდან-მეთქი. მან კი მიპასუხა, - ჰო, ჩემი ნალაპარაკები კარგად მახსოვს, მაგრამ რატომღაც, ჩემი სახელისა და გვარის მაგივრად, სტატიაში სოსო ცინცაძე ეწერაო. როცა მივხვდი, რესპონდენტების გვარები ამრეოდა, ბატონ სოსოს მოვუბოდიშე, მაგრამ ამაოდ. მითხრა, - ერთი წლის განმავლობაში ინტერვიუს აღარ მოგცემო (და დანაპირები შეასრულა კიდეც). ვიფიქრე, ვიდრე სოსო ცინცაძე მომხდარს სხვისგან შეიტყობს, ჯობს, დავურეკო და დანაშაული ვაღიარო-მეთქი. ალბათ, ბატონი სოსო კარგ ხასიათზე იყო. ჩემს აღიარებაზე ჯერ გულიანად იცინა, მერე კი მითხრა, - ეგ არაფერი, გადავრჩენილვარ, დათო კირკიტაძის ნალაპარაკები რომ არ დამაბრალეო.

ნინო მჭედლიშვილი:
- ერთ დღეს გადავწყვიტე, ბატონი სოსო შატბერაშვილი მეუღლესთან ერთად ჩამეწერა და ინტერვიუზე შევუთანხმდი. მეორე დღეს, რესპონდენტების სახლს რომ მივუახლოვდი, ვიგრძენი, ფეხსაცმელზე ქუსლი მომტყდა. ავიღე ჩემი მოტეხილი ქუსლი და თაიგულივით ხელში დავიკავე. უკან ვერ გამოვბრუნდებოდი, ბატონ სოსოსთან უკვე დარეკილი მქონდა და სადარბაზოსთან მელოდებოდა. საღამო იყო. როგორც იქნა, მივაღწიე მათ კორპუსამდე და ჩემმა რესპონდენტმა მისალმებისთანავე შემომჩივლა: - მაინცდამაინც დღეს გაგვითიშეს გარე განათებაო. - ძალიანაც კარგი, რომ გაგითიშეს-მეთქი, - მივუგე დაუფიქრებლად. ბატონმა სოსომ ერთი კი შემომხედა გაოცებით, მაგრამ აღარაფერი უთქვამს. მე ჩემი მომტვრეული ქუსლი მადარდებდა, - კარგია, თუ ვერავინ დამინახავს ასე აკოჭლებულს-მეთქი, - ვფიქრობდი. გაჩახჩახებულ მისაღებ ოთახში კი კოჭლობა ვეღარ დავმალე და ჩემი ამბავი რესპონდენტებს ვუამბე. ბატონი სოსოს მეუღლე ისე შეწუხდა, ფეხსაცმელს ფეხსაცმელზე მოარბენინებდა, - იქნებ ეს მოგერგოთო... ეს შემთხვევა კი იმით დასრულდა, რომ ბატონმა სოსომ, მეუღლის ცოლის დაჟინებული თხოვნით, სახლამდე საკუთარი მანქანით მიმაბრძანა. მას შემდეგ, სახლიდან გასვლისას ფეხსაცმლის ქუსლებს წინასწარ ვამოწმებ, გაუძლებს თუ არა კიდევ ერთ მძიმე დღეს.
P.S. ერთი ფეხსაცმელი იმდენჯერ მივუტანე ხელოსანს ქუსლის გასამაგრებლად, ერთ დღეს ვეღარ მოითმინა და მკითხა: - უბნის ინსპექტორი ხარო?

ელენე ბასილიძე
(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"ვერ გრძნობს, რომ შვილი აღარ ჰყავს... გონზე რომ მოვა და რომ გაიგებს, რომ მისმა ქმარმა შვილი ფანჯრიდან გადაუგდო, ისევ გაგიჟდება"

"ჩემი ვაჟი შვილების შიმშილს ისე განიცდიდა, წერილს წერილზე წერდა, რომ დახმარება მიგვეღო, მაგრამ ტყუილად..."
დაწვრილებით...
”ეკლესია არ უნდა იყოს ჩაკეტილი სისტემა, რომელზეც სახელმწიფოს ხელი არ მიუწვდება”
დაწვრილებით...
ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რაც უნდათ დანერგონ საქართველოში, მაგარმ ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა.
დაწვრილებით...
"არავინ იცის, რა ორიენტაციის იყო ბევრი ჩვენი გმირი, რომლებმაც სამშობლოსათვის იბრძოლეს და თავი გასწირეს (აფხაზეთის ომიდან მოყოლებული დღემდე)..."

"ევროვიზიას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ 17 მაისის მოვლენებმა უარყოფითად იმოქმედა…"

"წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, ეკლესიაში განხეთქილება მომხდარიყო და გარკვეულწილად მიაღწიეს კიდეც... ეს იყო საგანგებოდ ხალხის გამოწვევა."
დაწვრილებით...
თბილისში სარეკლამო ბილბორდზე მოდელს შიშველი ფეხები საღებავით დაუფარეს.
დაწვრილებით...
როდესაც ადამიანი გაემიჯნა სიმშვიდეს და იწყო წუთისოფელში მოღვაწეობა, მას დაევალა საღმრთო ცნებებით წარემართა ცხოვრება.
დაწვრილებით...
მაყურებლის უდიდესი სიყვარული ერგო "ჰონორარად"...
დაწვრილებით...
გასართობად და სახალისოდ მის წიგნს ხელში არავინ აიღებს, - "მძიმე" მწერლად შემთხვევით კი არ მიაჩნიათ!
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. საგანგაშოდ მიგაჩნიათ თუ არა საკვები პროდუქტების პოლიეთილენით შეფუთვა?