"მოგიკითხავთ კარგებს!" ანუ ყომარბაზი იპოს ხელწერილი - კვირის პალიტრა

"მოგიკითხავთ კარგებს!" ანუ ყომარბაზი იპოს ხელწერილი

ამ ფოტოზე წამი გასული საუკუნის 70-იან წლებში შეჩერდა. ენგელსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ეზოში ბანქოს თამაშია გაჩაღებული. ზაფხულის ხვატია, ამიტომ წაგებული ლუდს კისრულობს. სამწუხაროდ, უცნობია ბანქოში იპოლიტე ხვიჩიას მეტოქის ვინაობა, სამაგიეროდ ის, ვინც მათ თამაშს ადევნებდა თვალს, ანუ "მაყურებელი" - ემანდ იპოლიტემ არაფერი იხიმანდროსო, - ერთ დროს სოლოლაკში განთქმული "ბიძაა". თბილისში მისი სახელი, უფრო ზუსტად, მეტსახელი ბევრს შიშის ზარს სცემდა. საკო სააკიანს ქურდად მონათვლისას "ბიძა" შეარქვეს. სოლოლაკელები ამბობენ, რომ იმ დროს თითქმის ყველა ეზოში თითო "ქურდი" ცხოვრობდა და სიტუაციას აკონტროლებდა. ფოტოზე "ბიძას" ხელში ვაჟი - არამი აუტატებია. რა თქმა უნდა, მისი მოძებნა გადავწყვიტეთ, მაგრამ ყოფილი ენგელსის, ამჟამად კი ლადო ასათიანის ქუჩის უხუცესმა მცხოვრებლებმა გვითხრეს, არამ სააკიანი რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა, მისი შთამომავლები კი რუსეთში ცხოვრებენ და მეზობლებმა მათ შესახებ არაფერი იციანო...

აზარტული იყო იპოლიტე და ხშირად მეტოქეების მოტყუებაც უყვარდა თურმე. გამორჩეულად ნარდი ჰყვარებია. ხშირად ეთამაშებოდა ცნობილ ჟურნალისტს, კირა კვეიძეს. აზარტული იპოლიტე შინ აკითხავდა ხოლმე კირას, მაგრამ მათი შერკინება ყოველთვის ჩხუბითა და აყალმაყალით მთავრდებოდა - იპოლიტე თამაშში "ქურდობდა", რასაც კირა არ პატიობდა. ერთ დღეს კირასთან მისული ნათესავი შემთხვევით შეესწრო ასეთ სცენას: იპოლიტე კისრის ტეხით ჩამორბის კიბეზე, ზემოდან კი კირას კივილი ისმის: იპოია-აფერისტო, ჩამივარდები ხელში და სიცოცხლეს გამოგასალმებო. თურმე იპოლიტემ ქურდობითა და ეშმაკობით თორმეტი ხელი მოუგო მას. როგორც კი იპოლიტემ თავი სამშვიდობოს დაიგულა, კირას ქვემოდან ასძახა: - კირა! კირა მაშინვე გავარდა აივანზე. დაძახებასაც ბედავო და - ყველაფერი დაუშინა,  თუ რამე მოხვდა ხელში: იატაკის საწმენდი ჯოხი, ლეიბის საბერტყი, პატარა სკამი... იპოლიტე ნასროლ ნივთებს იგერიებდა. ამასობაში, ქვემოდან კირას საცვლის ფერს მოჰკრა თვალი და მიულექსა: "კირა, კირა, მომისმინე, დაგინახე, თეთრი გეცვა... ვინც მოგიგო, იმან შ.....ა" ამან კირა სულ გადარია, ახლა ყვავილის ქოთანს წამოავლო ხელი და ფეხებში მიაყოლა გაქცეულ იპოს...

აფერისტობის გამო იპოლიტემ თითქმის ყველა პარტნიორი გადაიკიდა. ბოლოს, ინსულტგადატანილმა და ლოგინად ჩავარდნილმა "არაკეთილსინდისიერმა" მოთამაშემ მათ შემოსარიგებლად ასეთი ხელწერილიც კი დაწერა:

"მე, იპოლიტე ალექსანდრეს-ძე ხვიჩია, რესპუბლიკის სახალხო არტისტი, სახელმოხვეჭილი კომიკოსი, ვალდებული ვარ, ჩემი ძვირფასი პარტნიორების (ნარდში) წინაშე დავიცვა მოთამაშის ხელშეუხებლობის პრინციპი, ანგარიში გავუწიო პარტნიორის მოგებას და არ მივითვისო იგი.

1. ერთის ნაცვლად არ გამოვიყვანო სამი ქვა უსირცხვილოდ - მაინც წამასწრებენ და რა ფასი აქვს!

2. წამდაუწუმ არ ვუწოდო ჩემს ძვირფას და ნიჭიერ პარტნიორებს შემდეგი სიტყვები: უპატრონო, საცოდავო, დეგენერატო, კიკა და ა.შ...

3. გავუფრთხილდე სხვის წნევას და შარი არ მოვდო პარტნიორს. ჩემს სასარგებლოდ არ მივითვისო სხვისი მოგებული პარტია.

4. დავუცადო მოთამაშის მიერ ნიჭიერად შესრულებულ სვლას და შემდეგ განვაგრძო თამაში.

5. არ ვიტრაბახო სხვასთან ძლივს მოგებული პარტიებით და არ დავამცირო ნიჭიერი მოთამაშე სხვების წინაშე.

6. ერთხელ და სამუდამოდ ვადასტურებ, რომ კირაცა და მარიკაც (იპოლიტეს ერთ-ერთი ღირსეული მეტოქე ნარდში) ჭეშმარიტად დიდებული მოთამაშეები არიან, ვაღიარებ, რომ მათთან თამაში დიდ სიამოვნებას და ხანდახან შიშსაც კი მგვრის. ამიერიდან ამ პირობის ყველა მუხლს დავიცავ, ოღონდ ახლა შემირიგდნენ და მეთამაშონ. რაზეც ხელს ვაწერ

იპ. ხვიჩია,

19. 11. 78 წელი.

P.S. ახლა კი ვარ თანახმა, მარა, თუ დავდექი ფეხზე, მოგიკითხავთ კარგებს! თქვენი ბაბუ!"