"გაჩუმება უფლის უარყოფის ტოლფასი იყო!" - კვირის პალიტრა

"გაჩუმება უფლის უარყოფის ტოლფასი იყო!"

საქართველოში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჭიდილი, წლებია გრძელდება. ზოგჯერ პროცესები უკიდურესად იძაბება, ზოგჯერ მდორედ მიედინება... თუმცა წლების განმავლობაში სასულიერო პირები თავიანთ მოსაზრებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მოზომილად გამოხატავდნენ. ციხის შემზარავი კადრების ხილვის შემდეგ კი, სასულიერო პირების წინამძღოლობითა და თანამონაწილეობით არაერთი აქცია ვიხილეთ. უმეტესობამ თავისი სათქმელი ხმამაღლა თქვა და აღნიშნა, რომ "ახლა დუმილის დრო არ არის!.." თუმცა, ყველა ერთხმად ამბობდა, რომ ეს პოლიტიკური განცხადება არ ყოფილა. მათ მიერ ამ ნაბიჯის გადადგმას მთელი რიგი პროცესები უსწრებდა წინ...

წმინდა მოწამეთა - კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურის, დეკანოზი მამა ლაზარეს (დულუზაური) თქმით, სასულიერო პირებს სამშობლოსა და ერის დასაცავად სხვა მექანიზმი არ გააჩნიათ და განსაცდელს ასე აღუდგნენ წინ...

- ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, ბოლო დროს სასულიერო პირების გააქტიურება საზოგადოებისგან სწორად იქნას აღქმული. ყველა ჩვენგანმა ის თქვა, რაც სტკიოდა და ისე თქვა, როგორც სტკიოდა. ჩვენთვის, ერისა და ქვეყნის კეთიდღეობისთვის ლოცვის გარდა, წმიდათაწმიდა ვალია მის მრევლზე ზრუნვა. ვხედავდით, რომ ქართველი კაცის რწმენასა და ზნეობას, მის სინდისს ებრძოდნენ... ზოგჯერ ერისა და ქვეყნის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა საზოგადოებაში მავნე თვისებები იბუდებს და თანდათან ისე ძლიერდება, რომ მისი ცნობიერების დაჩლუნგებას იწვევს. ირიბად თუ მინიშნებით ხშირად გვითქვამს ხელისუფლების გადაცდომებზე, მაგრამ შედეგად უარესი მივიღეთ... არადა, პატრიარქი თავისი ეპისტოლეებით მუდმივად მიმართავდა განურჩევლად ყველას და გონიერებისკენ მოუწოდებდა... ასე რომ, თუ უკეთურ ძალას მიზნის მიღწევაში დავეხმარებით, ეს ჩვენც მოგვეკითხება.

წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი მედიოლანელი გვეუბნება: "მინდობილი გაქვთ განგებულება ღვთაებრივ საიდუმლოთა, საზრუნავად მინდობილი გაქვთ ერის ზნეობრიობის დაცვა, მასზე ფხიზლად თვალყურის დევნა მისივე გადარჩენისთვის. აუცილებლად მოვალეობად გეკისრებათ დაცვა გონების სიფხიზლისა და გულის სიწმინდისა და სიმართლისა, ყოველივე ამის საფუძველი კი ქრისტეა."

- თქვენ საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვთ ახალგაზრდებთან. რა არის მათი ინტერესის საგანი? რა უხარიათ, რა სტკივათ?

- დიახ, სტიქაროსნების გარდა, სხვებთანაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს და კარგადაც ვიცნობ მათ შინაგან სამყაროს. ბოლო წუთამდე, ციხის კადრების გავრცელებამდე ახალ თაობას აზრი არ გამოუხატავს, მაგრამ ისინი ჩემთან პირად საუბრებში ხშირად ლაპარაკობდნენ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე. არ მოსწონდათ, რომ მათში ეროვნულობის განცდის გაქრობა უნდოდათ; არ მოსწონდათ, რომ ერთმანეთის გაუტანლობას ასწავლიდნენ; უსამართლობასა და კანონდარღვევას არ უნდა შეეგუო, მაგრამ ამისთვის სხვა გზებია საპოვნელი... ახალგაზრდებისგან ხშირად გამიგია, სახელმწიფოს სამსახურებში ისეთი რამე ხდება, იქ მუშაობის სურვილი არ მაქვს, მაგრამ არც ქვეყნიდან წასვლა მინდაო... ღმერთმა ნუ ქნას, ახალ სახელმწიფო უწყებებში მსგავსი სისტემები შეიქმნას.

ქართველმა საზოგადოებამ რაღაც პერიოდი რწმენის გარეშე იცხოვრა. შემდგომ იყო მცირედმორწმუნეობა, რასაც თან ახლდა "ხარვეზები" ანუ ვიცით ბევრი ადამიანი, რომლებიც თავის დროზე ცდილობდნენ რწმენით ეცხოვრათ, მაგრამ როცა ძალაუფლება იგემეს, სხვა რამემ გადასძალა. გულისტკივილით ვამბობ: - ისინი, ვინც ეკლესიის შვილები გვეგონა, ბოროტების თანამონაწილეები გახდნენ. მათი ცოდვა ჩვენ, სასულიერო პირებსაც მოგვეკითხება.

ხელისუფლება ახალგაზრდებში ქართულ, ტრადიციულ აზროვნებას "თანამედროვე მოთხოვნებისა და მეთოდების" დანერგვით ებრძოდა. განათლებასა და უცხო ენების ცოდნაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამით ეროვნული ცნობიერების ჩაკვლა არ უნდა მოხდეს... არაერთი ქარტეხილისთვის გაგვიძლია და აქამდე მოვედით, რადგან ქართული გენი ძლიერია და ქართველი ერი გამორჩეული. ღალატიც ყოფილა, გაუტანლობაც და შუღლიც, მაგრამ მაინც ფეხზე დავმდგარვართ. ბედნიერი ვიყავი, როცა აბობოქრებულ, ერთ მუშტად შეკრულ ახალგაზრდებს ვუყურებდი. მათ უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში და ამიტომ, თვითონ გადაწყვიტონ, როგორი საქართველო უნდათ.

- თქვენ როგორ საქართველოს ელოდებით?

- ისეთ ქვეყანას ველოდები, სადაც ქართველს ლუკმაპურისთვის სინდისის გაყიდვა არ მოუწევს; სადაც ზნეობასა და ადამიანობაზე მაღლა ფული არ იდგება.

ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ: ერთ-ერთი მოქმედი პოლიტიკოსი, ერთ მამაოს, დიღომში ეკლესიის აშენებაში დახმარებას ჰპირდებოდა. იმ სასულიერო პირმა იცოდა, რომ პოლიტიკოსს თანხა არაკეთილსინდისიერი გზით უნდა ეშოვნა ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა აეღო, ვითომდაც ტაძრის ასაშენებლად. ნაწილს მართლა მოახმარდა ამ წმინდა საქმეს, ნაწილს კი, - ჯიბეში ჩაიდებდა. სასულიერო პირმა უარი თქვა ამაზე, რითაც იმ ადამიანისა და მისი თანაგუნდელების ანტიპათია დაიმსახურა... უფალმა ინება და ის ტაძარი წლების შემდეგ მაინც აშენდა, ოღონდ დიდი, ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გადალახვის შემდეგ...

- მამაო, ეს ხომ მხილებაა...

- ვაღიარებ, მიჭირს ამის გაკეთება, მაგრამ მომავალში სხვებმა უნდა გაითვალისწინონ. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა გრიგოლ ხანძთელი და სხვა წმინდა მამები ამხელდნენ ბოროტებას, რომ აღეკვეთათ და ერი გამოეფხიზლებინათ. მე არ მაქვს წმინდა მამობის პრეტენზია, ეს მკრეხელობა იქნება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ამიტომ ვამბობ ქართველი ერის სათქმელს.

ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდში არაერთი სიწმინდე დავკარგეთ, რომელი ერთი ჩამოვთვალო. დავით გარეჯში მოლოცვის საშუალება არ გვაქვს და ყველამ ხომ ვიცით, ასე რამდენი სიწმინდე გაასხვისეს... რა თქმა უნდა, ამის დაბრუნება შეიძლება, მაგრამ ძალიან მტკივნეულია, როცა მართლმადიდებლური ქვეყნის ხელისუფლება ამ დანაშაულს არ განიცდის.

არადა, ჩვენი მეფეები ქრისტესა და სამშობლოს გულისთვის ეწამებოდნენ და ამით მაგალითს აძლევდნენ ერს.

ადამიანმა თავისი შრომით, მონდომებით, სიმართლით, პატიოსნებითა და სიყვარულით უნდა მიაღწიოს წარმატებას. მაცხოვარი ბრძანებს, - მე მოვედი იმისათვის, რათა არა ვიმსახურო სხვა, არამედ ვემსახურო ყველასო... ჩვენთან კი პირიქით ხდებოდა, სახელისუფლებო პირებს უნდოდათ, ყველა მათ მსახურად გადაექციათ.

არ შეიძლება ადამიანს სიყრმიდან ასწავლიდე, რომ ჩაშვებით უნდა გაიკვალოს გზა წარმატებისკენ. არ შეიძლება ბავშვს ჩაუნერგო, გულგრილი იყოს მოყვასის გასაჭირის მიმართ, მაშინ, როცა მისი დახმარება შეუძლია; ასეთი მეთოდებით, "ახალი ქართველების" "გამოყვანა", სინამდვილეში კი, ადამიანების მონებად და ზომბებად გადაქცევა უნდოდათ. უამრავ ადამიანს სამსახურის შენარჩუნების სანაცვლოდ საშინელებებს აკეთებინებდნენ. ზოგი ამას ვერ უძლებდა და უარს ამბობდა, ზოგი პირიქით მოიქცა, - ღირსებაზე თქვა უარი. შეიძლება გულის სიღრმეში მათ არც უნდოდათ ასე მოქცევა, მაგრამ ყველას ერთნაირი ნებისყოფა არ აქვს. ნუ გავკიცხავთ მათ, ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები, ჩვენი ძმები, მამები და შვილები არიან და უნდა, დავეხმაროთ, რათა ფეხზე წამოდგნენ.

ღმერთმა მოგვცეს ძალა, წარსულის შეცდომებზე ვისწავლოთ და ერთმანეთს მივუტევოთ, ეს უბრალო ადამიანებსაც გვეხება. მხოლოდ მშვიდობითა და სიყვარულით ავაშენებთ ჯანსაღ სახელმწიფოს. უფალმა მოგვცეს ამის ძალა და უნარი. ამინ!

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)