შენ გაქვს ხმა, რომლითაც ვერდიქტი გამოგაქვს ხელისუფლებისთვის - კვირის პალიტრა

შენ გაქვს ხმა, რომლითაც ვერდიქტი გამოგაქვს ხელისუფლებისთვის

ექსპერტები ხშირად ლაპარაკობენ, თუ როგორ დაასუსტა სააკაშვილის რეჟიმმა სამოქალაქო სექტორი, დაიმორჩილა ტელევიზიების დიდი ნაწილი, რათა საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები მკვეთრად დამუხრუჭებულიყო და ნაკლებად შეეხსენებინათ ხელისუფალთათვის ხალხის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.

საზოგადოებრივი სექტორის ნაკლოვანებებზე ლაპარაკობს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილიც და აცხადებს, რომ დიდი ხნით არ აპირებს აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას, ხელისუფლების დატოვების შემდეგ საზოგადოებას იქ დაუდგება მხარში, სადაც ყველაზე მეტად უჭირს, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

"ოპონენტებმა შესაძლოა, ეს განცხადება ტენდენციურად შეაფასონ, - მოჰბეზრდა პოლიტიკა და არაფრად აგდებს ხალხის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებსო. თუმცა, ივანიშვილი არსად გარბის. მას მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება, მაგრამ შემდეგში კი არ მართავს პოლიტიკურ სისტემას, არამედ, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ხელს შეუწყობს ხელისუფლების ქმედებათა მოწესრიგებას", - გვითხრა ორგანიზაცია "დემოკრატიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის" ხელმძღვანელმა ლაშა მებონიამ:

- ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან მოუწოდებს საზოგადოებას: შენ გაქვს ხმა, რომლითაც ვერდიქტი გამოგაქვს ხელისუფლებისთვის და ეს ხმა უნდა გამოიყენო. გაქვს უფლება, არ დაუშვა სისტემისაგან შენი დათრგუნვის მცდელობა, შეგიძლია აკონტროლო ხელისუფლება და მუდმივად მიუთითო გადაცდომის ან ამის საფრთხის შემთხვევაში. ეს არ ნიშნავს ქრონიკულ პროტესტს, ეს ნიშნავს, რომ ხარ პიროვნება, რომელსაც თავისი უფლებების დაცვა სურს. დემოკრატიის პირობებში შენ შეგიძლია დააკისრო ვალდებულება მათ, მოსთხოვო დანაპირების შესრულება და ზუსტად ამ სახით მიიღო სარგებელი დანარჩენ საზოგადოებასთან ერთად.

ჩვენ განვვითარდებით მაშინ, როდესაც შევძლებთ ვაკონტროლოთ ხელისუფლება, რომელიც იდეალური არასოდეს იქნება.

ალბათ იარსებებს კორუფციის  გარკვეული დონეც, რომელიც ადამიანის ბუნების გამო სრულად ვერ აღმოიფხვრება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ მონიტორინგის ყველა ფილტრი და ვფლობდეთ კანონიერ საშუალებებს საკუთარი უფლებების დასაცავად.

ვინ უნდა მართოს ხელისუფლება?

- საქართველოში სამოქალაქო გაერთიანებების ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ფორმამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დამოუკიდებელი ქვეყნის მშენებლობის პირველ ეტაპზევე დაიწყო არსებობა, თუმცა, უმრავლესობა არასწორად განვითარდა და ამიტომაც გაჩნდა მათდამი უნდობლობა, როგორც გრანტიჭამიების მიმართ. სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში ამ სექტორში საზოგადოებრივი მოთხოვნების მოტივაციით მებრძოლნი პირად საქმეებს იგვარებდნენ, იღებდნენ გრანტს, ავიწყდებოდათ ან ეზარებოდათ ნაკისრის შესრულება. როდესაც დემოკრატიისთვის ბრძოლა დავიწყეთ, ჯინი კი ამოვიდა ბოთლიდან, მაგრამ არ ვიცოდით მისი მართვა და ხშირად არასწორ მიმართულებებს ვაძლევდით...

პროგნოზები

ცხადია, ერთი ხელის დაკვრით არ მოგვარდება ყველა ეკონომიკური პრობლემა, ცხადია, იქნებიან უკმაყოფილონიც... ვფიქრობ, შანსი მიეცათ ილუზიიდან გამოსვლის მსურველთ, რადგან შეიძლება თავიდან დავიწყოთ საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელი თემების წამოწევა.

ვფიქრობ, შემდგომი ერთი წელი იქნება ერთგვარი გარდამავალი პერიოდი, ახალი პოლიტიკური პოლუსებიც შეიქმნება. დაისმება კითხვები - რას მივანიჭოთ პრიორიტეტი, პატრიოტიზმს თუ სოციალურ თემატიკას, მემარჯვენეობას თუ მემარცხენეობას და ა.შ. თუ ასე მოხდა, ძალიან კარგი იქნება.

ცხადია, სამოქალაქო სექტორში პრობლემები არსებობს, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ვერ ვვითარდებით. სექტორი ვითარდება და ხელისუფლებაზე მისი გავლენა გაიზრდება. ყველამ დაინახა, რომ საზოგადოებას აქვს ძალა და ეს არის მთავარი.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილი მანამდე უყვარდა ხალხს, სანამ ის მათ თავისიანად თვლიდა, მაგრამ როგორც კი საკუთარ ტრიბუნას მიეჯაჭვა, დიდმა ნაწილმა ზურგი აქცია და აი, შედეგიც. ახლა საზოგადოებრივ მოძრაობაში დადებითის მიღწევის შანსი უფრო მეტია და არ არის სწორი, რომ ეს "ბანძი" ქართველი ერი არ ვითარდება. დრო არის საჭირო ყველაფრის დასახვეწად, მიუღწეველი არაფერია. Aახლა გვჭირდება რაც შეიძლება მეტი და კარგად ჩამოყალიბებული თვითორგანიზებადი ჯგუფების შექმნა. ვინ უნდა დააფინანსოს ეს ჯგუფები? ბუნებრივია, ყველა თავის ფავორიტს და ინტერესს დააფინანსებს, თუმცა, საქართველოში არასამთავრობო სექტორის დაფინანსება ძირითადად დამოკიდებულია უცხოურ გრანტებზე, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა გაატარო დამფინანსებლის იდეოლოგია. მაგალითად, თუ სოროსი გაფინანსებს, მისებურად უნდა იაზროვნო. ასეთი დამოკიდებულებაც დემოკრატიის არასწორი გაგების და იმის ბრალია, რომ ადამიანებს შეზღუდული აქვთ აზროვნების დიაპაზონი ჯერ კომუნისტების, შემდეგ შევარდნაძის და სააკაშვილის პოლიციურ სახელმწიფოებში მუდმივი შიშით ცხოვრების გამო. მთავარია, ყველა პროცესი იყოს გამჭვირვალე და ხალხმა იცოდეს, ვინ ვის უკან დგას, მთავარია, დავძლიოთ სენი და არ ვიზრუნოთ მხოლოდ იმაზე, რომ ჩვენი "სარაია" ავიშენოთ და მერე ჯანდაბამდე გზა ჰქონია საზოგადოებრივ მოთხოვნებს.