გაბო - განუმეორებელი და ყველაზე "შინაური"... - კვირის პალიტრა

გაბო - განუმეორებელი და ყველაზე "შინაური"...

"კვირის პალიტრის" არქივიდან

თუ ამ ფოტოს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ეს კაცი შეუძლებელია ჩვეულებრივი ყოფილიყო. ის მოთამაშეა, რომელიც თავისი აზარტით გასცდა არა მარტო თავისი ქვეყნის საზღვრებს, არამედ მთელი დედამიწა გააერთიანა

მსოფლიო ლიტერატურას დღეს ვერავინ წარმოიდგენს გაბრიელ გარსია მარკესის "მარტოობის ასი წელიწადის" გარეშე... კოლუმბიელი მწერლის მიერ დახატული სოფელი მაკონდო, რომელიც არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია, ყველაზე რეალურ სამყაროდ იქცა, სადაც ნებისმიერი მკითხველი საკუთარი მარტოობის პირისპირ დარჩენილი სხვათა მარტოობის თანაზიარი ხდება. ბუენდიების დინასტია და თაობიდან თაობას გადაცემული მარტოობის სევდა უკვე შინაური და ახლობელია ყველასთვის. მარკესმა შექმნა სამყარო, სადაც ყოვლად დაუჯერებელ და წარმოუდგენელ რეალობაშიც კი ადამიანების ყველაზე მართალი ცხოვრების სურათები იხატება.

შემთხვევითი არ არის, რომ პატარა ქალაქ არაკატაკაში, სადაც მარკესი დაიბადა, 2006 წელს ქალაქის მერმა პედრო სანჩესმა წინადადება წამოაყენა, ქალაქისთვის მაკონდო დაერქმიათ. კენჭისყრაში მონაწილეთა 90% სწორედ ამ ცვლილების მომხრე გახლდათ. თუმცა არაკატაკას სახელი არ შესცვლია, რადგან აუცილებელი იყო 7400 კაცის მონაწილეობა კენჭისყრაში, ხოლო ხმა მხოლოდ მოსახლეობის ნახევარმა მისცა.

ადამიანებს უნდათ მაკონდოში ცხოვრება, რადგან უკვე კარგა ხანია, ისედაც ცხოვრობენ იქ... უფრო ზუსტად, 1967 წლიდან... ამ წელს დაიწერა გაბრიელ გარსია მარკესის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები, რომანი ""მარტოობის ასი წელიწადი"", რომელიც პირველი გამოცემიდან დღემდე მთელ მსოფლიოში 30 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. "მარტოობის ასი წელიწადი" მსოფლიოს 35 ენაზეა ნათარგმნი. მხოლოდ იმ მცირე ინფორმაციითაც კი, რაც ამ რამდენიმე სტრიქონში ჩამოვთვალე, საკმარისია, დავინახოთ, რომ "მარტოობის ასი წელიწადი" ნამდვილად ის წიგნია, რომელიც უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ!

გაბრიელ გარსია მარკესი - გაბო, როგორც ახლობლები ეძახიან, თითქოს ერთი ჩვეულებრივი კოლუმბიელი იყო. საკმარისია, მის ფოტოებს გულდასმით დააკვირდეთ, მიხვდებით, რომ ეს კაცი შეუძლებელია, ჩვეულებრივი ყოფილიყო. ის მოთამაშეა, რომელიც თავისი აზარტით გასცდა არა მარტო თავისი ქვეყნის საზღვრებს, არამედ მთელი დედამიწა გააერთიანა.

ამ რომანით გაბრიელ გარსია მარკესმა 1972 წელს რომულო გალიეგოსის (ვენესუელის პრეზიდენტი (1948 წ.) და შესანიშნავი მწერალი) პრემია დაიმსახურა. 1982 წელს კი მას ნობელის პრემია მიენიჭა ნაყოფიერი და შემოქმედებითი ლიტერატურული კარიერისათვის.

საინტერესოა, თუ წარმოიდგენდა ბოგოტის ყოველდღიური გაზეთ "ელ-ესპეკტადორის" რედაქტორი, რომ მისი რიგითი რეპორტიორი, გაბრიელ გარსია მარკესი, მსოფლიოს შეძრავდა თავისი შემოქმედებით; ან რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში თუ მიხვდებოდნენ, რომ უცხოელი კორესპონდენტი, რომელიც "ელ-ესპეკტადორისთვის" ყოველდღიურად გზავნიდა ინფორმაციას ბოგოტაში, სულ მალე მათ ქვეყანას ისევ ეწვეოდა, ოღონდ რომანის ავტორად, რომელსაც იტალიელებიცა და ფრანგებიც, გერმანელებიცა და მსოფლიოს სხვა ხალხებიც დიდი სიყვარულით ჩაიკრავდნენ გულში.

მარკესმა 1955 წელს პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები "დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი" გაზეთში პუბლიკაციების სერიად გამოაქვეყნა. "კორესპონდენტი" გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს ისე ჰყვებოდა, გული მოგეწურებოდა, თანაც, გამბედავიც იყო, რადგან ლაპარაკობდა კონტრაბანდულ ტვირთზე, რამაც გემის ჩაძირვა განაპირობა. ეს უკვე პოლიტიკური განაცხადი იყო (ეს საგაზეთო პუბლიკაციები 1970 წელს ერთ წიგნად გამოიცა რომანის სტატუსით).

"დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავში" მოთხრობილი ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ-გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი სამშობლოში პერსონა ნონ გრატად გადააქცია.

მარკესი იგონებსო, ხშირად ამბობდნენ კოლუმბიელი სამართალდამცავები, არადა, მისთვის რეალობა არასოდეს ემიჯნებოდა გამონაგონს და რომ არა უსაყვარლესი მეუღლე, იქნებ საერთოდაც ვერ გაეძლო ყოველდღიურობაში, მას მერე, რაც თავის შემოქმედებაში "გადაბარგდა".

მარკესმა მერსედეს ბარჩა პარდო მაშინ შეიყვარა, როცა გოგონა 13 წლისა იყო და მხოლოდ 14 წლის შემდეგ დაქორწინდნენ. 1959 წელს პირველი შვილი, როდრიგო შეეძინათ, 1962 წელს მეორე - გონსალო.

სულ რაღაც სამ წელიწადში, 1965 წელს, მარკესი "მარტოობის ასი წელიწადის" წერას შეუდგა. დღედაღამ მუშაობდა, აღარაფრისთვის აღარ რჩებოდა დრო, ვეღარც იმაზე ფიქრობდა, რომ მის ცოლ-შვილს ყოველდღიური სარჩო სჭირდებოდა. გაბრიელ გარსია მარკესი წერდა... აი, მერსედესი კი არა მარტო ბავშვებს ზრდიდა, არამედ ფულის შოვნაზეც ზრუნავდა, ძირითადად, ვალად იღებდა და მალე ვალმა ათი ათას დოლარს გადააჭარბა!

როგორც ამბობენ, წელიწად-ნახევრის შემდეგ მარკესს რომანის 13 ათასი გვერდი დაუგროვდა, ოჯახი კი ისე გაღატაკდა, გამომცემლისთვის ტექსტის გასაგზავნადაც კი აღარ მოეპოვებოდა მცირე თანხა. ამჯერადაც მერსედესმა იხსნა, სახლის ნივთები გაყიდა და სამი უზარმაზარი ბანდეროლის გასაგზავნი ფული ამით იშოვა.

"მარტოობის ას წელიწადში" მერსედეს ბარჩა პარდოს სახეს ბუენდიას მეგობრის, გაბრიელის საცოლის სახეში ამოიცნობთ (მარკესის ორი ყველაზე უცნაური პერსონაჟი ქალის, რებეკასა და ცად გაფრენილი მშვენიერი რემედიოსის შთაგონების წყაროც მერსედესი გახლდათ).

1999 წელს გაბოს ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს - ფილტვის კიბო, მოგვიანებით კი ლიმფომა. ამან მწერალს მემუარების წერა დააწყებინა.

2000 წელს მსოფლიოს ელვისებურად მოედო მწერლის გარდაცვალების ამბავი, რაც პერუს დედაქალაქ ლიმაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთ "ლა რეპუბლიკა"ში" გამოქვეყნებულმა მცდარმა ინფორმაციამ განაპირობა. მწერლის თაყვანისმცემლები შეძრა ამ ამბავმა. ნათელი გახდა, რომ გაბრიელ გარსია მარკესი ძალზე შინაური გამხდარიყო მსოფლიოსათვის.

ეს "შინაური" და განუმეორებელი მწერალი დღესაც ცოცხალია. მსოფლიოს მკითხველთა დიდი ნაწილი კი სიამოვნებით განაგრძობს ცხოვრებას მის გვერდით სოფელ მაკონდოში, რომელსაც ამქვეყნად ვერც ერთი ასწლეული ვერ წაშლის დედამიწის გეოგრაფიიდან.