NASA VS მაიას წინასწარმეტყველება ანუ რა მოხდება 21 დეკემბერს? - კვირის პალიტრა

NASA VS მაიას წინასწარმეტყველება ანუ რა მოხდება 21 დეკემბერს?

დადგება თუ არა სამყაროს აღსასრული 21 დეკემბერს? NASA  მაიას ტომების წინასწარმეტყველებაზე ვრცელ კომენტარს ავრცელებს, სათაურით "რატომ არ დადგა ქვეყნიერების დასასრული გუშინ". კომენტარის ამსახველმა ვიდეომ უკვე მნახველთა რეკორდული რაოდენობა დააგროვა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ვიდეოკლიპი გამოქვეყნდა თარიღით 22.12.12, ანუ სიმბოლურად სავარაუდო კატასტროფის მეორე დღეს. "კვირის პალიტრა" სრულად გთავაზობთ NASA-ს ექსპერტების კომენტარებს, სადაც ისინი მაიას წინასწარმეტყველების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობენ. (ვიდეო)

მაიას კალენდარი... მზის სავარაუდო დაბნელება... საიდუმლოებით მოცული პლანეტა ნიბირუ... სოლარული შტორმები... სამყაროს დასასრული?!

კითხვა:

ემუქრება თუ არა რაიმე საფრთხე დედამიწას 21 დეკემბერს? ბევრ ინტერნეტ საიტზე ამტკიცებენ, რომ 21 სექტემბერს სამყაროს აღსასრული დადგება.

პასუხი:

სამყაროს აღსასრული 2012 წელს არ დადგება. ჩვენი პლანეტა 4 მილიარდზე მეტია თავს მშვენივრად გრძნობს და მსოფლიოს წამყვანი ასტრონომებს ამ მხრივ 2012 წელს რაიმე განსხვავება ნამდვილად არ შეუმჩნევიათ.

კითხვა:

საიდან წარმოიშვა მოსაზრება, რომ 21 დეკემბერს კაცობრიობა განადგურდებოდა?

პასუხი:

ეს ისტორია დაიწყო საეჭვო განცხადებებით, რომ ნიბირუ, არარსებული პლანეტა, რომელიც თითქოსდა შუმერებმა აღმოაჩინეს, დედამიწისკენ მოექანებოდა. კატასტროფას ჯერ 2003 წლის მარტისთვის ვარაუდობდნენ, მაგრამ როდესაც არაფერი მოხდა, მსოფლიოს აღსასრულის თარიღი 2012 წლის დეკემბერში "გადააჩოჩეს" და მაიას ტომების კალენდრის ერთ-ერთი ციკლის დამთავრებასთან დააკავშირეს, რომლის დროსაც ზამთრის დაბნელება უნდა მომხდარიყო. სწორედ ამიტომ იქცა 2012 წლის 21 დეკემბერი სამყაროს აღსასრულის დღედ.

კითხვა:

მთავრდება თუ არა მაიას ტომების კალენდარი 2012 წელს?

პასუხი:

ისევე როგორც თქვენი სამზარეულოს კალენდრის ბოლო ფურცელი არ მოასწავებს სამყაროს აღსასრულს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის კალენდრის ბოლო ფურცელია, ასევე მაიას კალენდრის ერთ-ერთი ციკლის დამთავრებაც არაფერ შუაშია სამყაროს აღსასრულთან. ისევე, როგორც 2013 ში თქვენ ახალ კალენდარს დაკიდებთ, მაიას ტომების კალენდარიც ხელახლა დაიწყებოდა 2012 წლის შემდგომ.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ NASA 2012 წლის 23-25 დეკემბრისთვის მზის სრული დაბნელების შესახებ აკეთებს პროგნოზს?

პასუხი: ეს სავსებით მცდარი ვარაუდია. არც NASA და არც რომელიმე სხვა წამყვანი ორგანიზაცია ამ სფეროში მსგავს პროგნოზს არ აკეთებს, ვგულისხმობთ მზის სრულ დაბნელებას პლანეტაზე. ასეთი მცდარი ვარაუდი ეფუძნება მცდარსავე მოსაზრებას, რომ 2012 წლის დეკემბრისთვის ე.წ. "სამყაროს წესრიგის" ცვლილება მზის სრულ დაბნელებას გამოიწვევს. არ არსებობს ასეთი სამყაროს წესრიგი (ვრცლად იხილეთ შემდეგ შეკითხვაში).

კითხვა:

შეიძლება თუ არა პლანეტები ისეთი მარშრუტით განლაგდნენ, რომ ამის გამო დედამიწას რაიმე საფრთხე დაემუქროს?

პასუხი:

პლანეტების განლაგებაში ცვლილებები მომავალი ათწლეულების განმავლობაში არ არის ნავარაუდები და თუნდაც ასეთი ცვლილება მოხდეს, მათი გავლენა დედამიწაზე მიზერული იქნება. მაგალითისთვის განლაგებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა 1962, 1982 და 2000 წლებში, მაგრამ დედამიწაზე ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

კითხვა:

არსებობს თუ არა პლანეტა სახელად ნიბირუ, ან კიდევ, ერისი, რომელიც დედამიწისაკენ მოემართება და მის არსებობას საფრთხეს უქმნის?

პასუხი:

ნიბირუსა და სხვა გზააბნეულ პლანეტებზე ისტორიები ინტერნეტ-ჭორებია და სხვა არაფერი. არ არსებობს ფაქტობრივი საფუძველი ამ ჭორებისათვის. ასეთი პლანეტა რომ არსებობდეს, ასტრონომები მის მოძრაობას უკვე დიდი ხანია შეამჩნევდნენ და თანაც, მათი მოახლოება უკვე შეუიარაღებელი თვალითაც იქნებოდა შესამჩნევი. ცხადზე ცხადია, რომ ნიბირუ არ არსებობს. ერისი არსებობს, თუმცა იგი ჯუჯა პლანეტაა, პლუტონის მსგავსად და მზის სისტემის გარეთ მდებარეობს. ყველაზე ახლო მანძილი, რომელზეც მას შეუძლია დედამიწას მოუახლოვდეს, 4 მილიარდი მილია.

კითხვა:

ემუქრება თუ არა დედამიწას მასიური მეტეორის ჩამოვარდნის საფრთხე?

პასუხი:

დედამიწა მუდამ იყო და დარჩება მეტეორებისა და ასტეროიდების ჩამოვარდნის საფრთხის ქვეშ, თუმცა ძლიერი დაჯახებები დიდ იშვიათობას წარმოადგენს. უკანასკნელი ასეთი დაჯახება 65 მილიონი წლის წინ მოხდა, რამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. დღეს NASA-ს ასტრონომებს აქვთ თავდაცვითი პროგრამა, რომლის მიზანია იპოვნონ დედამიწის მიმართულებით მოძრავი მეტეორები დიდი ხნით ადრე მანამ ისინი დედამიწას დაეჯახებიან. ჩვენ უკვე დავადგინეთ, რომ საკმაოდ შორეულ მომავალშიც კი ისეთი დიდი დაჯახების საფრთხე არ არსებობს, რომელმაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

კითხვა: რა განცდა ეუფლებათ NASA-ს ექსპერტებს, როდესაც ხალხი მსოფლიოს აღსასრულზე საუბრობს?

პასუხი:

კატასტროფებსა და დრამატულ ცვლილებებზე ხმების გავრცელებლებს გვინდა მივმართოთ: სად არის მეცნიერული დასაბუთება? ასეთი დასაბუთება არ არსებობს, და რასაც არ უნდა ამბობდნენ ფილმებში, წიგნებში და ინტერნეტ-ჭორებში, ამას არაფერი შეცვლის. არ არსებობს არავითარი სარწმუნო დასაბუთება, რომ 2012 წელს რაიმე მსოფლიო კატასტროფა მოხდება.

ვაჟა თავბერიძე (სპეციალურად საიტისათვის)

იხილეთ ვიდეო: NASA vs მაიას ტომი - ანუ ნახეთ ვიდეო და დარწმუნდით, 22 დეკემბერს ისევ დედამიწაზე იქნებით