რომელი ენა უნდა ვისწავლოთ - რუსული, ინგლისური, თუ ჩინური?
რომელი ენა უნდა ვისწავლოთ - რუსული, ინგლისური, თუ ჩინური?
15-01-2013
როცა რუსული ენის ცოდნაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, არ შეიძლება ოლღა ბებიას ცნობილი გამონათქვამი არ გაგახსენდეს - ”რუსულის სწავლას რა უნდა ბიჭო, მთელი რუსეთი რუსულად ლაპარაკობს”... იყო დრო, როდესაც რუსულ ენას ჩვენს ქვეყანაში ქართულზე უფრო პრესტიჟულად მიიჩნევდნენ, თანამედროვე საქართველოში კი ყველაფერი სხვაგვარადაა: რუსული ინგლისურმა ჩაანაცვლა, თუმცა კვლავ აქტუალურად რჩება კითხვა - უნდა იცოდნენ ქართველმა ბავშვებმა მავანთა მიერ ”ოკუპანტების ენად” შერაცხული ენა, თუ - არა?

ლევან ღვინჯილია - ენათმეცნიერი, ფილოლოგიის დოქტორი:

- რუსული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ერის, დიდი კულტურის მქონე ხალხის ენაა. მე ვფიქრობ, რომ რუსული ენის ცოდნა ჩვენს მომავალ თაობებს მხოლოდ გაამდიდრებს. ყოფილ ხელისუფლებას და იმ განათლების სისტემას, რომელიც მათ შექმნეს, მიაჩნდა, რომ მთავარი ინგლისურის ცოდნაა და სხვა ყველაფერი მეორე პლანზე უნდა გადავწიოთ. ასევე გაუმართლებლად მიმაჩნია მოსაზრება, რომ ეს ოკუპანტების ენაა. თუ ასე ვიმსჯელებთ, მაშინ გერმანულიც უნდა მოვიძულოთ, რადგან ამ ენაზე ერთ დროს ფაშისტები ლაპარაკობდნენ. ენების ცოდნა ბავშვის უნარსა და სურვილზეც არის დამოკიდებული, მაგრამ სახელმწიფოს მოვალეობაა, დაინტერესებულ პირებს შეუქმნას შესაძლებლობა იმ ენის შესასწავლად, რომელიც მათ აინტერესებთ.

მაია მიმინოშვილი - გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი:

- როგორც ვიცით, რუსული ენა საქართველოში თანდათან ავიწყდებათ, განსაკუთრებით, ახალ თაობას. მუდმივად კლებულობს იმ აბიტურიენტების რიცხვი, ვინც მისაღებ გამოცდებზე რუსულს ირჩევს, ჯერჯერობით კი მათი რაოდენობის მიხედვით რუსული ენა მეორე ადგილზეა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ახალგაზრდობამ რუსული უნდა იცოდეს, რადგან ეს არის უმდიდრესი ენა. როცა გაქვს საშუალება ორიგინალში წაიკითხო დოსტოევსკი და ჩეხოვი, ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს? ინგლისურის, ან სხვა ენების ცოდნა სულაც არ უშლის ხელს რუსულის ცოდნას. დღეს სკოლებში არჩევითობის პრინციპი მოქმედებს, რუსული აღარ არის მიჩნეული სავალდებულო ენად, მაგრამ მისი ცოდნა მაინც საჭიროდ მიმაჩნია.

შოთა მალაშხია - საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

- ვფიქრობ, რომ რუსული ენის შესწავლა არანაირ კავშირში არ არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან. ოკუპაციას ახორციელებს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, რუსული ხელოვნება და ლიტერატურა კი სულ სხვა მოვლენად მიმაჩნია. ჩემი აზრით, საქართველოში სავალდებულო ენა უნდა იყოს ქართული, შემდეგ კი - ინგლისური, როგორც საერთაშორისო ენა. პრაგმატული თვალსაზრისითაც რომ ვიმსჯელოთ, ინგლისურის ცოდნა უკეთესია. ადრე, როცა საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, რუსული ენა უფრო ინტენსიურად ისწავლებოდა, ახლა კი, არჩევითობის პრინციპი მოქმედებს, მგონი, ეს ყველასათვის მისაღებია, თუ რა თქმა უნდა, სკოლა სპეციფიკური არ არის. ჩემი აზრით, არანაკლებ გონივრული იქნება, თუ ჩვენი ხალხი ჩინურსაც შეისწავლის, რადგან მსოფლიოს ერთი მესამედი ამ ენაზე ლაპარაკობს. თუ დავაკვირდებით, ჩინეთის ეკონომიკის განვითარებას, ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ ეს ერთ-ერთი გავლენიანი ქვეყანა იქნება მსოფლიოში და ჩინური ენის ცოდნა არანაკლებ აუცილებელი და მნიშვნელოვანი გახდება...

ლალი მოროშკინა - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის მთავარი მრჩეველი:

პირველ რიგში ვიტყვი, რომ ადამიანმა რაც უფრო მეტი ენა იცის, ეს მისი სიმდიდრეა. სხვათა შორის,
საქართველოშიც ძალიან საინტერესო ენები და დიალექტები გვაქვს და მე სულ ვამბობ: არ შეიძლება მეგრელმა არ იცოდეს მეგრული ენა, ხოლო სვანმა - სვანური. მით უმეტეს, როცა დიდ ენებზე ვლაპარაკობთ, რუსული კი ნამდვილად დიდი ენაა. ჩემი, როგორც ამ ერის წარმომადგენლის აზრი შეიძლება ცოტა სუბიექტურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ მერწმუნეთ - ასეა. ჩვენს შემთხვევაში რუსულს უფრო დიდი მნიშვნელობა იმიტომ ენიჭება, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთის ენა, ეს არის მთელი კავკასიის ენა. მე კარგად ვიცი ამ რეგიონის პრობლემები, წლების განმავლობაში ამ საკითხებზე ვმუშაობ, მინისტრის მოადგილეც ვიყავი კონფლიქტების მოგვარების დარგში. სრულიად წარმოუდგენელია ჩახვიდე ოსებთან, ან აფხაზებთან და ინგლისურად დაელაპარაკო. რუსული იყო და არის კავკასიელების შემკვრელი ენა. დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარეებს შორის უშუალო კონტაქტს, ჩემი აზრით, ეს ინგლისურის მეშვეობით ვერ მოხერხდება, ამ ენისადმი ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად. რუსეთი არის ჩვენი მეზობელი, მასთან საერთო საზღვარი გვაკავშირებს და სხვა არჩევანი უბრალოდ არა გვაქვს. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ მეზობლებს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო. იმის მიუხედავად, რომ დედაც და მამაც რუსეთიდან მყავს, ყველაფერი გავაკეთე, რომ ქართული მცოდნოდა, როგორც ჩემი მშობლიური ენა. ცუდი ნამდვილად არ იქნება, თუ ჩემს ქართველს შვილებს რუსული ენა ისევე კარგად ეცოდინებათ, როგორც მე ქართული ვიცი.

პ.ს. როგორც გავარკვიეთ, განათლების სამინისტროს პოზიციაც ასეთია: არჩევითობის პრინციპი ნარჩუნდება და ბავშვს ექნება უფლება აირჩიოს, რომელი ენის შესწავლა სურს. ჯერ-ჯერობით რუსული ენის სავალდებულო ენად ხელახლა დამკვიდრების საკითხი დღის წესრიგში არ დგასო, განგვიცხადეს სამინისტროს წარმომადგენლებმა

ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)
tornike
16 დეკემბერი 2014 21:57
ჩემი აზრით ყველამ არანაკლებ 3 ენა უნდა იცოდეს, მე სკოლის მოსწავლე ვარ და 3 ენას ვფლობ ინგლისური რუსული და გერმანული, რაც უფრო მეტი ენა გვეცოდინება მით უფრო მეტი გვექნება ცხოვრებაში.
khatuna
27 მარტი 2013 23:51
ზოგი წერს მეზობლის ენა ვიცოდეთო,რა სისულელა,რუსეთმა ისწავლოს აბა ქართული თუ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ?მე პირადად რუსებს რო შევხვდი საქათველოში მშვენივრად გავესაუბრე ინგლისურად სამივემ კარგად იცოდნენ ინგლისული.ასე რომ არაა აუცილებელი რუსული ვიცოდეთ.
სხვა სიახლეები
"სამი წელი დეპრესიული ვიყავი, რადგანაც ახლო მეგობარი დავკარგე"

"ჰოდა, მამამ უთხრა, იქნებ მიიღო, წინ და უკან დაყიალობს გიტარით, სმენა კი აქვს და მღერისო. მოკლედ, მივედი გამოცდაზე გიტარით და ვიმღერე და მოვხვდი ინსტიტუტში. ბატონმა თემომ ძალიან შემაყვარა საქმე, რასაც მასწავლიდა. ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, სწავლამ ჩამითრია, ვაკეთებდით ეტიუდებს, მასაც მოვწონდი, ამბობდა, არ არის "ეს დებილი ბოვშიო".
დაწვრილებით...
"ხალხი სასმელი წყლით მოიწამლა! სად გაგონილა, რომ ერთდროულად 50 კაცი საზამთროთი მოიწამლოს?"

"ყვარლის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გააფრთხილონ, რომ ონკანის წყალი არ დალიონ, ძნელია? ყვარლის მაღაზიებში წყლის დეფიციტია"

"ამხელა წყლის რესურსი გვაქვს და რა წყალს ვსვამთ,არ ვიცით"
დაწვრილებით...
მაშველებმა დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
დაწვრილებით...
"მანქანა 50 მეტრის სიმაღლიდან მაინც არის გადავარდნილი, ისეა დაჭყლეტილი, ვერ მიხვდები რა მარკის ავტომობილია"

"ომარს კი წინა დღეს ძალიან დიდი ენერგია ჰქონდა დახარჯული, თანაც უძილო იყო. ალბათ ჩაეძინა. ჩაეძინა და… ყველაფერი დამთავრდა."
დაწვრილებით...
"200 ლარს რომ ახდევინებ ადამიანებს აბონიმეტში! ნაგავს უნდა იღებდეთ სანაპირო ზოლიდან, მარტო ერთი კომპანიის სასმელი წყალი არ უნდა იყიდებოდეს და ასე არ უნდა ჩააბანძო "პონტი".
დაწვრილებით...
ტრაგიკული დღეების შემდეგ, როგორც იქნა, სასიხარულო ამბების მოსმენის და მკითხველისთვის გაზიარების შესაძლებლობა მომეცა. თანაც ერთდროულად ორი ამბავი შევიტყვე და ორივე ძალიან სასიამოვნო. ორივე ბედნიერად დასრულებულ ადამიანური თავგანწირვის ფაქტებს და ზღვას უკავშირდება
დაწვრილებით...
სკარლეტ იოჰანსონი ჰოლივუდის ახალგაზრდა თაობის ყველაზე პოპულარული ქერათმიანი ლამაზმანია. ჟურნალ  FHM-ის ვერსიით, ის ყველაზე სექსუალური ქალი და ინტელექტუალური კინოს გურუს, ვუდი ალენის მუზაა.
დაწვრილებით...
"კვირის პალიტრის’’ რუბრიკაში, "დააგემოვნე", საშუალება გაქვთ გაეცნოთ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გამოცემულ მხატვრულ ლიტერატურას. ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს  ელიფ შაფაქის  წიგნიდან  "ტკივილის წყურვილი"
დაწვრილებით...
როგორც მოსალოდნელი იყო, ლარის კურსის ცვლილებამ მთავარი დარტყმა მოსახლეობის ჯიბეს მიაყენა. პროდუქტების ლამის ყოველდღიურმა გაძვირებამ მომხმარებელი უფრო ხელმომჭირნე გახადა.
დაწვრილებით...
"განგაში", "ქვევრი", "მზე შემოდგომისა", - გარდა იმისა, რომ ეს სამი ფილმი ქართული კინოხელოვნების დაუვიწყარი ნიმუშებია, მათ სხვა რამეც აერთიანებთ: სამივე მათგანში ეპიზოდურ როლებს მზია (ღუღუნი) კანდელაკი ასრულებს.
დაწვრილებით...
ქირავდება ვაკის პარკთან პრესტიჟულ კორპუსში
სასწრაფოდ! იყიდება ბინა, გარემონტებლი ავეჯით
3-ოთახიანი 60კვმ ფართის, გარემონტებული ბინა.
იყიდება ბათუმში ყველაზე მაგარ ადგილას,