"სცენაზე ვინ და როდის გამოვა, ამას ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს!" - ჯგუფი "სახე" პოლიტიკასა და "დაბლოკილებზე" - კვირის პალიტრა

"სცენაზე ვინ და როდის გამოვა, ამას ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს!" - ჯგუფი "სახე" პოლიტიკასა და "დაბლოკილებზე"

მოგეხსენებათ, ქართველი მომღერლების ნაწილი წინა ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით "დაბლოკვაში" ბრალს სდებს. მათ შორის ერთ დროს პოპულარული მუსიკალური ჯგუფის - "სახის" წევრი - დათო ხუჯაძეც გახლავთ. გადავწყვიტეთ, ლეგენდარული "სახის" სამივე წევრს დავკავშირებოდით და პოლიტიზებული ქართული ესტრადის შესახებ მათი მოსაზრება გაგვერკვია...

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსეთში მცხოვრები დათო ხუჯაძე თბილისს ისევ ეწვია და ამ ცოტა ხნის წინ კონცერტიც გამართა:

- ჩემი კონცერტით კმაყოფილი ვარ: ხალხი გაერთო, იმხიარულა... ახლა გრანდიოზული კონცერტის გამართვას ვგეგმავ: რუსეთიდან ჩემს ბენდს ჩამოვიყვან, აქაურ ბენდსაც გამოვიყენებ... ამ ეტაპზე, სპონსორებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებ.

- საქართველოში თქვენი დაბრუნების სურვილი ხელისუფლების ცვლილებას უკავშირდება?

- კი, ბუნებრივია, რადგან 10 წლის განმავლობაში, საქართველოში კონცერტის ჩატარების საშუალება არ მქონდა - არასასურველი ვიყავი. ახლა შემიძლია, როგორც ქართველმა მომღერალმა, ჩემს ქვეყანაში რაღაც გავაკეთო. იმედია, შემსრულებლების პოლიტიკური ნიშნით "დაბლოკვა" აღარ გაგრძელდება. სცენაზე ვინ და როდის გამოვა, ამას ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს.

- ანუ სამთავრობო კონცერტებში მომღერლების მონაწილეობა გამართლებულად მიგაჩნიათ?

- სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობა არაფერს ნიშნავს. მუსიკოსმა საკუთარ საქმე უნდა შეასრულოს, მაგრამ თუ ამბიციები არ აწუხებს და პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა, შეუძლია, ამ სახის ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარი თქვას.

- მართალია, ამბობენ, - მომღერლები პოლიტიკური ნიშნით აღარ "დაიბლოკებიანო", მაგრამ იმასაც ამბობენ, - სამთავრობო კონცერტები საერთოდ აღარ გაიმართებაო. ამ ფონზე, შეძლებთ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სიმღერა თქვენი შემოსავლის წყარო იყოს?

- დიდი ხანია, რაც სიმღერა ჩემი შემოსავლის წყარო გახლავთ. საქართველოში დაბრუნება იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერს "მიწას მივაყრი", რასაც 10 წლის განმავლობაში ვაკეთებდი და რუსეთთან ან ევროპასთან კონტაქტს გავწყვეტ. უბრალოდ, მსურს, რომ ჩემს ქვეყანაში ვიცხოვრო.

- წლების წინ, პოლიტიკაში წასვლის მცდელობა გქონდათ. შეიძლება, ამ სფეროში ისევ გიხილოთ?

- პარლამენტარობა რომ შემომთავაზონ, არ დავთანხმდები, მაგრამ კულტურის განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, რადგან ამ სფეროში ბევრი რამ ვიცი.

- ამბობთ, რომ პოლიტიკური ნიშნით "გბლოკავდნენ". ეს თქვენსა და "სახის" ერთ-ერთი წევრის - გოგა ხაჩიძის (რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელი გახლდათ) ურთიერთობაზე უარყოფითად ხომ არ აისახა?

- რომ გითხრათ, მე და გოგა ყოველდღე ერთმანეთს ვხვდებოდით-მეთქი, მოგატყუებთ. მასთან ჩვეულებრივი ურთიეთობა მაქვს. იმ ხალხის მიმართ ცუდად განწყობილი რატომ უნდა ვიყო, ვისთან ერთადაც სცენაზე 4 წელი ვიდექი?

- გოგა ხაჩიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას როგორ შეაფასებთ?

- ჩემთვის გოგა "სახის" წევრი გახლავთ. მის პოლიტიკურ კარიერას თვალყურს არ ვადევნებ...

გოგა ხაჩიძე, პარლამენტარი:

- "სახემ" თავისი საქმე ძალიან კარგად დაიწყო, განაგრძო და სწორ მომენტში დაასრულა. ჯგუფის წევრები მეგობრულ ურთიერთობას მეტ-ნაკლებად ვინარჩუნებთ. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკა და ძველი ურთიერთობები ერთმანეთში მე არ ამირევია. ალბათ, ნახეთ, პროექტ "ახალ ხმაში" დათო ხუჯაძემ და დათო ფორჩხიძემ იმღერეს. სცენაზე მათ გვერდით რომ არ ვიყავი, ეს ჩემი შეგნებული არჩევანი გახლდათ: არ მსურდა, მოქმედი პოლიტიკოსის იქ ყოფნით სიტუაცია დამემძიმებინა.

- პოლიტიკური ნიშნით მომღერლების "დაბლოკვაზე" რას ფიქრობთ?

- ასეთი რაღაცებიც ხდება, მაგრამ ეს უფრო მიზეზია ხოლმე: როცა "სახე" არსებობდა, ჩვენც შეგვეძლო გვეთქვა, - "გვბლოკავენ"-თქო, რადგან არც ერთ სამთავრობო ღონისძიებაზე არ გვეპატიჟებოდნენ, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ იმ დროისთვის ყველაზე პოპულარულები არ ვიყავით. თუკი ადამიანი რაღაც ღირებულს აკეთებს და მართლა პოპულარულია, პოლიტიკური კი არა, ვერანაირი ნიშნით ვერ "დაბლოკავენ", მით უმეტეს - თანამედროვე პირობებში, როცა შეგიძლია, რაღაც გენიალური გააკეთო, უბრალოდ, "იუთუბზე" ატვირთო და მთელმა მსოფლიომ გაგიცნოს. როცა ამბობენ, - პოლიტიკური ნიშნით "გვბოლოკავენო", ეს ხშირად თავის მართლების "პოზა" გახლავთ. ბუნებრივია, ეს ასე იყო, არის და ყოველთვის იქნება, რადგან საქართველოში თითქმის ყველა მღერის და ვისაც სამთავრობო ღონისძიებაზე არ გამოიყვანენ, ისინი იტყვიან, - პოლიტიკური ნიშნით "გვბლოკავენო"...

- მაგრამ როგორც ამბობენ, - ახლა პოლიტიკური ნიშნით არავინ "დაიბლოკება". ეს რეალურად არ მიგაჩნიათ?

- სისულელეა. პოლიტიკური ნიშნით "დაბლოკვის" შესახებ საუბარი მომღერლის სისუსტის ნიშანი გახლავთ: მაინც და მაინც, ოფიციალურ ღონისძიებებზე თუ არ გამოხვედი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი მომღერალი ხარ. წლების წინ, ე. წ. პოლიტიკური ნიშნით შერჩეული მომღელები "გიხაროდენს" მღეროდნენ. მათ შორის "სახე" არ იყო. არადა, ჩვენი ჯგუფი პოპულარობის პიკში გახლდათ. თავად განსაჯეთ, ვის უფრო უხაროდა - ჩვენ თუ მათ, ვინც "გიხაროდენს" მღეროდა?

დათო ფორჩხიძე:

- პროექტ "ახალი ხმის" ერთ-ერთ ტურში "სახის" სიმღერა დათო ხუჯაძესთან ერთად შეასრულეთ. სცენაზე გამოსვლა ჯგუფის მესამე წევრისთვის - გოგა ხაჩიძისთვის არ შეგითავაზებიათ?

- მაშინ გოგა პრეზიდენტთან ერთად, ავღანეთში იყო., თუმცა მითხრა, რომ თავისი ამჟამინდელი საქმიანობის გამო, ჩვენთან ერთად მაინც არ გამოვიდოდა. ის ჩემი ძმაკაცი გახლავთ. შეიძლება, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას - არა. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ, ოდესმე მეღირსება, რომ სამივე - მე, გოგა და დათო - სცენაზე ერთად დავდგეთ. ამ დროს უბედნიერესი კაცი ვიქნები! გოგასთან ჩემი მეგობრობის შესახებ ბევრმა იცის, უფრო მეტად იმაზე საუბრობდნენ, რომ მე და დათოს ცუდი ურთიერთობა გვქონდა. არადა, ორივე ჩემი მეგობარი გახლავთ. მათ ბედზე ვნერვიულობ, განვიცდი...

- როგორც ამბობენ, ქართული ესტრადა პოლიტიზებულია: როცა პოლიტიკური ნიშნით დაბლოკვაზე საუბრობენ, ამის ერთ-ერთ მიზეზი ის ხომ არ არის, რომ შემსრულებლებს ერთსულოვნება აკლიათ?

- ყველას თავისი ცხოვრება აქვს. თუ ვინმეს "ბლოკავდნენ" ან "ბლოკავენ", არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ მომღერლებს თავისი "პროდუქტის" დამოუკიდებლად წარმოების საშუალება არ აქვთ. ძირითადად, მათი პოლიტიკაში ჩართულობა სამთავრობო კონცერტებზე გამოსვლა იყო. ახლა კონცერტები საერთოდ არ იქნება, რა გააკეთონ? ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავედით.

- გასაგებია, რომ სამთავრობო კონცერტზე გამოსვლა ზოგისთვის შემოსავლის წყარო იყო, მაგრამ თქვენი აზრით, სად გადის ზღვარი, რომ შემსრულებელი ე. წ. "კარის მომღერლად" არ იქცეს?

- მომღერალი ნამღერით უნდა შეაფასო და არა იმით, თუ რა ღონისძიებაზე გამოვიდა. მეორე მხრვ, მსმენელსაც თავისი სიმართლე აქვს, შემსრულებლებს "ოქროს შუალედის" დაცვა უჭირთ. მომღერლების მცირე ნაწილი მართლაც პოლიტიკური ძალის ან პოლიტიკოსის მხარდასაჭერად გამოდიოდა, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს მხოლოდ შემოსავლის წყარო იყო და მათ თანავუგრძნობ. წეღან ჩემი მეგობრები - დათო და გოგა ახსენეთ. ახლა კარგი პერიოდი გოგასაც არ აქვს. მის შესახებ ხშირად ისეთი რაღაც მსმენია, რაც გულს მტკენს. ის ძალიან ნიჭიერი ადამიანი გახლავთ. პოლიტიკური მოღვაწეობის დროსაც ბევრი კარგი აქვს გაკეთებული, "სახეში" ხომ - საერთოდ!

- დათო, გოგა ხაჩიძის მიერ ბერა ივანიშვილის კრიტიკას როგორ შეაფასებთ?

- ეს ჩემი განსახილველი არ არის. ბერას შემოქმედებას რაც შეეხება, რამდენიმე სიმღერა ძალიან მომწონს. საქართველოში რეპის და "არენბის" სინთეზის ერთ-ერთ წამომწყები მე და ჯგუფი "სახე" ვიყავით. ბერამ "სახის" რამდენიმე სიმღერაც შეასრულა. განსაკუთრებულად ერთი ისე კარგად ჰქონდა "გაკეთებული", რომ ყოველდღე ვუსმენდი. მერე, ეტყობა, ამ სიმღერების შესრულება თავად აღარ მოინდომა.

- ამის მიზეზი გოგა ხაჩიძესთან დაპირისპირება ხომ არ იყო?

- არ ვიცი. ეს ამბები "სახეს" არ უნდა ეხებოდეს. პოლიტიკის ხელოვნებაში არევა სწორად არ მიმაჩნია და ჩვენს სიმღერებსაც ასეთი "სარჩული" არ უნდა მისცენ. მოგეხსენებათ, "სახის" სიმღერაში - "თოვლი მოსულა" ასეთი ფრაზა არის - "ერთად ავიხდინოთ ოცნება", რომელსაც ვიღაცები ხუმრობთ "ქათულ ოცნებას" უკავშირებენ. 1998 წელს, როცა ჩემ მიერ ნახსენებ სიმღერას ვასრულებდით, არც ბიძინა ივანიშვილის არსებობს შესახებ ვიცოდი და არც - მიხეილ სააკაშვილის. ეს ყველამ იცის, მაგრამ ეტყობა, ვიღაცას ეს "სლოგანი" მაინც ყურში "გაეჩხირა". ამიტომ კიდევ ვიტყვი: "ერთად ავიხდინოთ ოცნება" - ეს "სლოგანი" "ქართული ოცნებისთვის" მიძღვნილი არ არის.

ეთო ყორღანაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)