რატომ ”დაბლოკა” ხელისუფლებამ "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონი? - კვირის პალიტრა

რატომ ”დაბლოკა” ხელისუფლებამ "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონი?

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":

კინორეჟისორმა ზაზა ურუშაძემ რამდენიმე წლის წინ გადაიღო დეტექტიური სერიალის, "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონის 12 სერია, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ საზოგადოებას მისი ნახვის საშუალება არ მისცა.

- მალე დაიწყება სერიალ "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონი. არადა, როგორც შევიტყვეთ, წინა ხელისუფლება ამ ფილმის 12-ვე სერიის განადგურებას შეეცადა. როგორ მოახერხეთ მისი გადარჩენა?

- არ ვიცი, გულმა მიგრძნო თუ რა მოხდა, მაგრამ ამ სერიების ერთი ეგზემპლარი შინ წავიღე... "ცხელი ძალღის" მე-4 სეზონზე მუშაობა 2007 წელს დავასრულე. უკვე ეთერში უნდა გაგვეშვა, რომ იმავე წლის 7 ნოემბერს სპეცნაზი ტელეკომპანია "იმედში" შემოვარდა და დაარბია. მას შემდეგ ხელისუფლება აკონტროლებდა ამ ტელევიზიას და ეს სერიალი ეთერში არ გაუშვეს.

- რატომ?

- ფილმი დეტექტიური ჟანრისაა. მას ფონად გასდევდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის არაოფიციალური ვერსია და სწორედ ამის გამო დაბლოკეს.

- ბატონო ზაზა, ვისი დავალებით დაიბლოკა "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონის სერიები?

- სისტემამ დაბლოკა. მე-4 სეზონში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალია. მის როლს მსახიობი ნინო ბურდული თამაშობს. ფილმში მასზეც ამბობენ, რომ გაზით გაიგუდა, რაც ასევე ძალიან ჰგავს ბატონი ჟვანიას დაღუპვის ამბავს. სერიალში პრეზიდენტიც ფიგურირებს, თუმცა ეკრანზე არ ჩანს. არ გეგონოთ, რომ ვინმეს პოლიტიკური დაკვეთა შევასრულე. უბრალოდ, ეს მბავი ქართველ საზოგადოებას აინტერესებს და ამიტომაც ვაქციე მეოთხე სეზონის მთავარ თემად.

- ხელისუფლების მხრიდან ამას რა რეაქცია მოჰყვებოდა, ამაზე არ გიფიქრიათ?

- ასე თუ მოიქცეოდნენ, რას წარმოვიდგენდი. 75-საათიანი ფირი წაშალეს! კიდევ კარგი, შინ მქონდა ერთი ეგზემპლარი, თორემ ეს წვალება წყალში ჩაგვეყრებოდა... ახლა კი, როდესაც ტელეკომპანია "იმედი" კანონიერ მფლობელს გადაეცა, "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონი მათ დავუბრუნე და ძალიან მალე გაუშვებენ ეთერში. ასე რომ, ყოფილმა ხელისუფლებამ დიდი სამსახური გაგვიწია. მათთვის უარესი არ მოხდა?! ამით ხომ უდიდესი რეკლამა გაგვიკეთეს. გაეშვათ თავის დროზე, ეს ხომ ჩვეულებრივი მხატვრული ფილმი იყო.

სააკაშვილის ხელისუფლება კინოში, თეატრსა თუ ხელოვნების სხვა დარგში თავისუფალ სიტყვას ებრძოდა, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, ადუმებდნენ, ტაბუს ადებდნენ. სამაგიეროდ, ცდილობდნენ, თვითონ შექმნათ თავიანთი კინო. ფილმ "აგვისტოს ხუთ დღეს" ათეულობით მილიონი დაახარჯეს და 5 დოლარი ძლივს ამოიღეს. პროპაგანდისთვის ფილმის გადაღება ლენინური, საბჭოური ამბავია. ხომ გახსოვთ, ლენინმა რაც თქვა: კინო იდეოლოგიააო. ნაციონალებისა და "აგვისტოს 5 დღის" მაგალითზე ჩანს, რომ ფილმები ხელისუფლებამ კი არა, პროფესიონალებმა უნდა გადაიღონ.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.