ვინ დაადგა ილორის წმინდა გიორგის რუსული "ხახვისთავა" გუმბათი? - კვირის პალიტრა

ვინ დაადგა ილორის წმინდა გიორგის რუსული "ხახვისთავა" გუმბათი?

აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ბედიის, მოქვისა და ილორის ტაძრების რეკონსტრუქციის განკარგულება გასცა. ეს განცხადება მან სოხუმში ჩატარებულ თათბირზე გააკეთა, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე იმსჯელეს. როგორც ირკვევა, ხუროთმოძღვრების ისტორიული ნიმუშების მდგომარეობა ამჟამად იმდენად მძიმეა, რომ აღნიშნულ საკითხზე უახლოეს მომავალში უშიშროების საბჭოს სხდომაც გაიმართება. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან სტანისლავ ლაკობას თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომა ამგვარ საკითხს მიეძღვნება. "ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ უძველესი ობიექტები ქვების გროვად იქცეს და ახალგაზრდა თაობამ არაფერი იცოდეს ჩვენი მდიდარი ისტორიის შესახებ", - განაცხადა ანქვაბმა თათბირზე.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ანქვაბმა თათბირზე აღნიშნა, რომ "დღეს სახელმწიფოს ყველანაირი საშუალება გააჩნია იმისათვის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქციასა და აღდგენაზე მასშტაბურად იზრუნოს". თუმცა, აფხაზი ისტორიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის გაკეთება ადგილობრივი რესურსებით შეუძლებელია...…

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია მოქვის, ილორის და ბედიის ტაძრების თაობაზე აფხაზურ მხარესთან დაკავშირებას აპირებდა, თუმცა, როგორც "კვირის პალიტრას" კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა. …

- ვიმედოვნებ, ილორი, რომელიც ძალიან ცუდად შეაკეთეს, ძველ სახეს დაიბრუნებს... ამიტომაც იყო ბატონი ანქვაბის განცხადებაში ხაზგასმულად ილორზე საუბარი. ეს ტაძარი რესტავრაციის შემდეგ, პირველად რომ ვნახე, რაღაც რესტორანი მეგონა და არა ყველაზე დიდი ძალის მქონე ტაძარი... რაც შეეხება მოქვს და ბედიას, ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩვენ შევთავაზებთ მათ თანამშრომლობას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ტაძრები, რომლებიც აფხაზებმა და ქართველებმა ერთად ავაშენეთ და ერთად ვლოცულობდით..." - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

აფხაზეთში არსებული ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებით, ქართველი და აფხაზი ისტორიკოსების აზრი, როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავებულია, თუმცა ერთ რამეში თანხმდებიან, - ძეგლების რეკონსტრუქცია აუცილებელია. პოლიტიკური საფუძველის გარდა, სადავოა კიდევ ერთი ფაქტორი, - ისტორიული სიმართლე...

როგორც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრში გვითხრეს, ეს საკითხი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩასვლას საჭიროებს.…"რაც შეეხება აფხაზური მხარის პოზიციას, ჩვენთან ამის თაობაზე კონსულტაციები არავის გაუმართავს და ინფორმაციას ისევე ვღებულობთ, საინფორმაციო საშუალებებიდან, როგორც დანარჩენი საზოგადოება", - აცხადებენ საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრში.

ჩვენ სოხუმში დავუკავშირდით აფხაზ ისტორიკოსს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. იგი აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე მოგვითხრობს:

- აფხაზეთში სავალალო მდგომარეობაში მყოფი უნიკალური ძეგლები, ჩვენი ერის დღევანდელ სულიერ მდგომარებას ასახავს. აქ დღითიდღე ძლიერდება ვაჰაბიზმი. მათ კვალდაკვალ მრავლდებიან იეღოველები, ე.წ. 50-იანელები და პროტესტანტები. თუმცა, ყველაზე სახიფათოა ის, რომ აფხაზეთში ისლამისტური მოძრაობა თანდათან არეალს აფართოებს. ამას სერიოზული მიზეზი აქვს და რაც მთავარია, ამაში დიდი ფული იხარჯება... ადგილობრივ მოსახლეობას არ უნდა რუსი სასულიერო პირების შემოსვლა და მათ მიმართ პროტესტს ეკლესიაზე უარის თქმით გამოხატავენ... ამით სარგებლობენ რუსი "შავი არქიტექტორები", რომლებმაც ილორის წმინდა გიორგის ე.წ. ხახვისთავა გუმბათი დაადგეს და თეთრად გადაღებეს. იგივე ბედი ეწევა ბედიასა და მოქვსაც, არადა, მათი მდგომარეობა მართლაც მძიმეა.

- რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ აფხაზეთში ქართველი სპეციალისტების ჩასვლა, რათა საჭირო ზომების მიღება ერთობლივად მოხდეს?

- არსებული პოლიტიკური ვითარება ამის საშუალებას ჯერჯერობით არ იძლევა, მაგრამ მე მინახავს ილორსა და სხვა ეკლესიებში ერთად მლოცველი ქართველი, აფხაზი და რუსი. რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც გზის პოვნა შეიძლება...

გიორგი ანჩაბაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

- ჩემი აზრით, თავად აფხაზების ინტერესებში არ შედის, რეკონტრუქციის შედეგად აუთენტურობა რომ დაირღვეს და ძეგლი დამახინჯდეს. ცხადია, რომ ტაძრები მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაშია. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია ბედია, რომელსაც გუმბათი არ აქვს და წყალი ჩადის. თუ არ გადაიხურა, დაინგრევა. მოქვიც შესაკეთებელია და ილორიც... წესით, აფხაზებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ძეგლებმა პირვანდელი სახე შეინარჩუნონ.

- რამდენად შესაძლებელია, რომ აფხაზები ქართველებთან თანამშრომლობას დასთანხმდნენ?

- რა თქმა უნდა, მივესალმები ასეთ თანამშრომლობას, თუმცა, ძალიან გამიკვირდება, აფხაზების მხრიდან თანხმობა რომ მივიღოთ. სამწუხაროდ, პოლიტიკური მომენტი აქ უფრო ძლიერია.

- "რეკონსტრუქციის შემდგომ, მე რომ ეს ტაძარი ვნახე, რომელიღაც რესტორანი მეგონა" - განაცხადა კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ოჩამჩირეში არსებულ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე. ვიცი, რომ თქვენც სტუმრობდით აფხაზეთს და იქ არსებულ ძეგლებსაც ნახავდით...

- დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ვიყავი აფხაზეთში და მეც ვნახე ილორის ტაძარი, რაღაცები მართლა შეცვლილია, მაგრამ ფუნდამენტური დარღვევები არ შემიმჩნევია. ტაძრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია გაწმენდილია. ეზოში დაკრძალული ქართველი სასულიერო პირების საფლავები დასუფთავებული და მოვლილი იყო, ქართული წარწერები კი, შენარჩუნებული. ასეც უნდა იყოს და წესით, ისინიც უნდა ზრუნავდნენ მათზე.

- აფხაზების თქმით, იქ არსებული ეკლესია-მონასტრები მათი საკუთრებაა. სად არის ისტორიული სიმართლე?

- პოლიტიკურ ბატალიებში ჩაბმა არ მინდა, მაგრამ ეს არის ქართველებისა და აფხაზების საერთო ისტორიული საკუთრება. მაგალითად, ბედია, დედით აფხაზი, საქართველოს პირველი გამაერთიანებელი მეფის ბაგრატის მიერ არის აშენებული. ეს ტაძარი მართლაც დიდი ხანია, ალბათ საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ მინახავს ახლოდან, მაგრამ ვიცი, რომ სახურავი არ აქვს და წვიმის დროს წყალი ჩადის. შორიდან დავინახე და შემძრა. მთაზეა აშენებული და შორიდან მხარმოჭრილ გოლიათს ჰგავს. არადა, ეს ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია. საბჭოთა პერიოდში მას ფიცარნაგი გაუკეთეს, წყალი რომ არ ჩასულიყო, მაგრამ მას შემდეგ წლები გავიდა... სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელია. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მას გუმბათი ისე დაადგან, როგორც ბაგრატის ტაძარს. თუმცა, ბაგრატის ტაძარი უფრო მეტად დანგრეული იყო, ამის გარკვეული ნაწილი კი მთელია. სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს... ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზეც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა: ვახუშტი ბაგრატიონის 1737 წლით დათარიღებულ ნაშრომებში ვკითხულობთ, - აფხაზეთში ოსმალები შეიჭრნენ, მაგრამ აფხაზებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს და ოსმალებმა მათ "შჯული დაუტოვესო". ანუ რწმენის თანახმად, ილორის წმინდა გიორგიმ მიანიჭა მათ გამარჯვების ძალა, - "ძლევასა ამას იტყოდიან სასწაულსა წმინდისა გიორგისა ილორისასა", - წერს ვახუშტი ბაგრატიონი. ასე რომ, აფხაზებსა და ქართველებს დიდი სულიერი კავშირი გვაქვს და ის საერთო ისტორია გავიხსენოთ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)