”თიბისი” ბანკი ”ზაკვოს” შენობაში უკანონოდ შეჭრილ ადამიანებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს - კვირის პალიტრა

”თიბისი” ბანკი ”ზაკვოს” შენობაში უკანონოდ შეჭრილ ადამიანებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

”თიბისი” ბანკი ყოფილ ”ზაკვო”-ს შენობაში უკანონოდ შეხიზნულ ადამიანებთან და ხათუნა კაკაჩიას მიერ თვითმკვლელობის მცდელობის სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

 

”ყოფილი „ზაკვოს“ შენობაში უკვე 4 თვეა უკანონოდ არიან შეჭრილი ადამიანები, რის შესახებაც ინფორმირებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო უწყებები. ამ საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ შენობაში არ არსებობს ცხოვრებისთვის არანაირი პირობა: არ არის ელექტროენერგია, კანალიზაცია, წყალი; ღია მდგომარეობაშია ლიფტის შახტები. ამ ხნის განმავლობაში, კრიტიკულ ზღვარს მიაღწია შენობაში შექმნილმა ეპიდემიოლოგიურ-სანიტარულმა მდგომარეობამ. ჩატარდა კომპეტენტური სანიტარული ექსპერტიზა, რომლის დასკვნაში ნათქვამია, რომ არსებობს ეპიდემიის აფეთქების საფრთხე და შენობაში ადამიანების ყოფნა საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას.

რაც შეეხება წარსულში ნასამართლევ ხათუნა კაკაჩიას, მისი თვითმკვლელობის მცდელობა არ უკავშირდება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, რადგან ამ საქმეზე სასამართლო საერთოდ არ გამართულა და ასეთიგანაჩენი საერთოდ არ არსებობს. ხოლო კაკაჩია, ჩვენი ინფორმაციით, არის წარსულში ნასამართლევი და არც დევნილთა და არც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას არ მიეკუთვნება”